პოლიტიკა
ფეხით გამოვლილი 1 500 კილომეტრი - ფერეიდნელი ქართველების “სამოთხე საქართველოში”
FaceBook

31 დღე ფეხით იარეს. ამბობენ, რომ სიხარულით მოდიოდნენ გზაზე, რომელიც ოთხი საუკუნის წინ მათმა წინაპრებმა იძულებით გაიარეს.


400 წლის წლის ირანში გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალი საქართველოში ფერეიდნიდან ჩამოვიდა.

“ვთქვი, თუ არ წავედი დარდით მოვკვდები, ამიტომ ჯობია ფეხის ტკივილით მოვკვდე”, - ამბობს ისმაილ დავითაშვილი, რომელმაც ორ თანამემამულესთან  ერთად ფეხით საქართველოს საზღვრამდე 1 500 კილომეტრი გამოიარა.

“საქართველოს სუნს ვგრძნობ საზღვართან, გული მიცემს რომ ვუახლოვდები. ამას შენ ვერ გაიგებ, რადგან აქ ცხოვრობ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სამშობლო” - ამბობს შაჰრამ მუნიკაძე.

ისმაილ დავითაშვილი  გვიყვება, რომ მის 17 წლის ბიჭს სწავლის გაგრძელება საქართველოში უნდა, ხოლო 12 წლის გოგოს წინაპრების სამშობლოში ქართული ცეკვის შესწავლა სურს.

“ჩვენ საქართველოს სიყვარულით ვიზრდებით, პატარებსაც ასე ვზრდით და გზაზე რომ მოვდიოდით საქართველოს სიყვარულით მოვდიოდით”, - ამბობს შაჰრამ მუნიკაძე.

ფერეიდნელი ქართველები საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ. წინაპრების სამშობლოში ფეხის დადგმისთანავე მიწას აკოცეს.

ამბობენ, რომ საქართველოში დარჩენას ორი დღით გეგმავდნენ.  თუმცა, შაჰრამ მუნიკაძის თქმით, აქ მიღებულმა სითბომ გადააწყვეტინათ,  ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივონ.

ისინი საქართველოში  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის მოწვევით იმყოფებიან და სხვადასხვა ქალაქს სტუმრობენ.

18 სექტემბერს ფერეიდნელ ქართველებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სასწავლო დაწესებულებაში მათ დასახვედრად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სპეციალურად მათთვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ლექსები.

ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე, რომელსაც ფერეიდნელ ქართველებთან ირანში აქტიური კომუნიკაცია აქვს, ამბობს რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების კონსოლიდაცია და მათი სამშობლოში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

“მე ირანში არაერთხელ ვარ ნამყოფი. პერიოდულად ვხვდები იქ ქართველებს. დღეს ქუთაისში გყავს სამი არაჩვეულებრივი ქართველი ფერეიდნელი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე,” - ამბობს ტარიელ ფუტკარაძე.

იგივე სურვილი აქვთ ფერეიდნელ ქართველებსაც. თუმცა, სურვილების გარდა, საუბრობენ პრობლემებზეც, რომელსაც საქართველოში წააწყდნენ.

ამირან დავითაშვილის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრა. თუმცა ამბობს, რომ მის ქართველობას ფურცელი ვერ განსაზღვრავს.


მოქალაქეობაზე უარი ეთქვა შაჰრამ მუნიკაძის მეუღლესაც, რომელიც ეთნიკურად ირანელია.

“მთავარია, რომ გულით და სულით მე ქართველი ვარ. ფერეიდნელი გულით და სულით ქართველია”, - ამბობს ამირან დავითაშვილი, რომლის თქმით, ფერეიდანში ბავშვები საუბარს ქართულად იწყებენ, ხოლო მშობლები შვილებს ქართულ სახელებს არქმევენ.

ამბობენ, რომ საქართველო სამოთხეა და ქართველი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

მე-17 საუკუნეში, 1616 წელს სპარსელმა დამპყრობელმა, შაჰ-აბასმა 100 000-ზე მეტი ქართველი, უმეტესად კახეთიდან და ჰერეთიდან, ირანის პროვინციებში, ხორასანში, ისპაჰანსა და ფერეიდანში, გადაასახლა. მხოლოდ ფერეიდანში დასახლებულმა ქართველების ჯგუფმა შემოინახა ქართული ენა და ზოგიერთი ტრადიცია. ისინი ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ. სოფლებს დღემდე აქვს შემორჩენილი ქართული სახელები: მარტყოფი, ნინოწმინდა, თელავი, ვაშლოვანი.


ამავე თემაზე:

ფერეიდნელი ქართველის ახდენილი ოცნება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.