ახალი ამბები
„ეს არის მაქცია“ - ლენტეხში დალის ქანდაკების დადგმა მეუფის პროტესტის გამო გადაიფიქრეს
FaceBook

ლენტეხის ცენტრში  ნადირობის ქალღმერთის, დალის ქანდაკების დადგმას ლენტეხი-ცაგერის მიტროპოლიტი,  სტეფანე ეწინააღმდეგება.


ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ქანდაკების აღმართვა შადრევანზე გადაწყვიტა, რომლის რეაბილიტაციისთვის 185 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, შადრევანზე ორ ჯიხვთან ერთად დალის  ქანდაკება უნდა დადგან.



ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულებაც გაფორმებულია,   თუმცა, ახლა ირკვევა, რომ მეუფის წინააღმდეგობის გამო პროექტის ავტორებს ესკიზის შეცვლა მოუწევთ.


მეუფე,  დალის პერსონაჟს მაქციას უწოდებს და  მიიჩნევს, რომ ქალაქის ცენტრში მისი გამოსახულების აღმართვა კერპთაყვანისმცემლობაა.

მიტროპოლიტი ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლის სვანური კოშკით ან სხვა სიმბოლიკით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. პარალელურად, მრევლისადმი მიმართვის წერილს ამზადებს.


„ადამიანმა  ისწავლა, როგორ გადააბიჯოს სინდისს და გონების ბოროტად  გამოყენებით ატყუებს თავის თავს ცრუ ღმერთებით და მათთან დაკავშირებული ზღაპრების ანუ მითების გამოგონებით. მივმართავ ყველას, ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია და  ამავე დროს მხარს უჭერს ლენტეხის ცენტრში დალის კერპის აღმართვის იდეას.  დალი, ეს არის მითოლოგიური პერსონაჟი მზეთუნახავის გარეგონობის, ულამაზესი საბედისწერო ქალი.  ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობს.  დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის   ან ფრინველის ფორმით.  იგი,  მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს და  ექნება სექსუალური კონტაქტი,  ეხმარება ნადირობაში. მონადირე ამ საიდუმლოს ინახავს და პირობის დარღვევის შემთხვევაში იღუპება“, - ნათქვამია წერილში, რომლის შინაარსი ქუთაისიპოსტს  მეუფე სტეფანემ  სატელეფონო საუბარში გააცნო.


მეუფე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ   ქანდაკების შესახებ მან მრევლისგან შეიტყო და როგორც ქრისტიანი,  თავს ვალდებულად თვლის საზოგადოება გააფრთხილოს.



„სამუშაოები რომ დაიწყო,  მრევლი მოვიდა აღშფოთებული და მითხრეს ეს ამბავი. მე ვაფრთხილებ ყველა ქრისტიანს, რომ ეს არის კერპი, მაქცია და მისი   დადგმა  არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენ გამოვიგონოთ ღმერთი. კერპები  წარმოაჩენენ სიძვას, მრუშობას და უამრავ მანკიერებას, ამიტომ, ვინც გულგრილად შეხედავს ამ საკითხს,  უნდა იცოდეს, რომ ესეც  ცოდვაა.  თუ ჯერ კიდევ არის ვინმე  ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომელიც ასე არ ფიქრობს,   დროა მოინანიოს“, - ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.


ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეუფის პოზიცია უკვე  იციან და ამბობენ, რომ ესკიზში კორექტირება მოხდება.


„მეუფის პოზიციაა ასეთი, მითოლოგიური პერსონაჟი რომ არ იყოს,  უკეთესი იქნებაო. პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ, ალბათ,  კორექტირება მოხდება“, - ამბობს ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.


თუმცა, რა პრინციპით შეირჩა თავის დროზე  შადრევანის თემატიკა, რომელმაც სასულიერო ხელისუფლება საეროს დაუპირისპირა, მერმა არ იცის.

„ეს არის მაქცია“ - მიტროპოლიტი სტეფანე ლენტეხის ცენტრში დალის ქანდაკების დადგმას ეწინააღმდეგება

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.