ახალი ამბები
"გარკვეული თანამდებობის პირები ამაზე პასუხს აგებენ"- მერიის იურისტი კაფე "სავანეს" საქმეზე
FaceBook
ქუთაისის მერიისა და კაფე "სავანეს" საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბოლო პროცესი გაიმართა.
მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან. 

სხდომაზე მერიის იურისტმა კაფე "სავანეს" გენერალური გეგმა და მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ კაფის მაშინდელ მფლობელებთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება წარმოადგინა.  ირაკლი გიორგაძის თქმით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ხუთწლიანი იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, "სავანესთან" ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ  1997 წლიდან კაფის მეპატრონეები მერიის კუთვნილ მიწაზე უაკნონოდ ახორცილებდნენ კომერციულ საქმიანობას, ამიტომ მათ ტერიტორიიდან კაფე უნდა აეღოთ და წაეღოთ. მერიის ის თანამშრომლები კი, რომლებსაც იმ წლებში ეს საკითხი ეხებოდათ, პასუხს აგებენ.

"დოკუმენტი ადასტურებს, რომ 1997 წლის შემდეგ იჯარის ხელშეკრულება აღარ გაგრძელებულა. ამასთანავე, მხარეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომ ის იხდიდა იჯარის თანხას. კანონში  პირდაპირ წერია, რომ თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ახალი დოკუმენტი არ ფორმდება, მხარე ვალდებულია მეიჯარეს ქონება პირვანდელი სახით დაუბრუნოს.  არსებობენ  შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებსც ევალებოდათ ყურადღება მიექციათ ბიუჯეტში საიჯარო თანხის შემოსვლაზე და ისინი ამაზე პასუხს აგებენ",- აცხადებს ირაკლი გიორგაძე.

კაფე "სავანეს" არც იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც გადახდის ქვითრები  არ  მოეპოვება, თუმცა, ადვოკატი ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტები მერიას უნდა წარმოედგინა, რადგან მტკიცების ტვირთი მასზეა.

"გადახდის ქვითრები ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება,  მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილი და იქ იჯარის ქირის არგადახდას არავინ  აპატიებდა მეპატრონეს.  მტკიცების ტვირთი არის მერიაზე და შესაბამისად,  მათ უნდა წარმოედგინათ  დოკუმენტი, რომ არ ვიხდიდით ამ თანხას. არ არსებობს  ადმინისტრაციული აქტი, რომ ჩვენ იჯარის თანხის გადაუხდელობის გამო დაგვაჯარიმა მერიამ. ის,  რასაც მერია ამ საქმეში აკეთებს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მათ საკადასტრო ნახაზიდან გააქრეს კაფე, მაშინ, როცა ყველა ხედავს, რომ ეს შენობა დგას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში",-ამბობს ნინო მეფარიშვილი.

მისივე თქმით, კაფეზე შეტევა ერთადერთი მიზნით ხდება, რომ მასზე მერიამ კონტროლის დაწესება შეძლოს.

"ყველამ იცის, რომ ქალაქში კვების ობიექტებს მერია და საკრებულო აკონტროლებს, ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მოექცეს ეს ობიექტიც, რომელიც რაღაც სასწაულით აღმოჩნდა იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც მერია ვერ აკონტროლებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მივხვდებით, რამდენად სამართლიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ",- ამბობს ნინო მეფარიშვილი.

კაფე "სავნეს" საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.

საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.




ამავე თემაზე:


კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო

Print