ახალი ამბები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაპირისპირება გრძელდება–ოპოზიცია მერიაში აუდიტის ჩატარებას ითხოვს
FaceBook
ხარაგაულის საკრებულოს ოპოზიცია, მუნიციპალიტეტის მერიაში აუდიტის ჩატარებას და ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობის შესწავლას ითხოვს.
საკრებულოს ფრაქციამ "ძალა ერთობაშია" საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გატანის შესახებ, წარმომადგენლობით ორგანოს,  განცხადებით უკვე მიმართა.

ოპოზიციამ მერის მუშაობის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ შესწავლა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ნიკოლოზ თოფურიძე თავისივე თანაგუნდელებმა შეუსრულებელი სამუშაოების გამო მწვავედ გააკრიტიკეს და საკრებულოს სხდომაზე მის მიერ წარდგენილ ანგარიშს უარყოფითი შეფასება მისცეს.

საკრებულოს ფრაქციის "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ შესურულებელი პროექტები მერის კრიტიკის რეალური მიზეზი არ არის, რადგან ხარაგაულში პრობლემები ამ დრომდეც იყო და ამაზე უმრავლესობა პროტესტს არ გამოთქვამდა. სინამდვილეში, ხარაგაულის მერს საკრებულოს უმრავლესობასთან პიროვნული დაპირისპირება აქვს და მმართველი გუნდი ამ ფორმით იბრძვის გავლენების მოსაპოვებლად.

თორნიკე ავალიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, მერის საქმიანობა დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და თუ აუდიტი უარყოფით დასკვნას დადებს, ის პირველი მოითხოვს მერის იმპიჩმენტს.

"სკამებს ვერ იყოფენ სინამდვილეში. დადებითად აფასებენ სამსახურების მუშაობას, მერს კი უარყოფითად. აქედან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მათ აქვთ შიდა პრობლემები და შეუსრულებელი სამუშაოები აქ არაფერ შუაშია. ველოდებით საკრებულოს სხდომას, რომ დღის წესრიგით გავიდეს ეს საკითხი და ღიად ვიმსჯელოთ იმაზე, უნდა მოვიწვიოთ თუ არა აუდიტი. დასკვნის მიხედვით კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, მოვითხოვოთ თუ არა იმპიჩმენტი", – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

მისივე თქმით, თუ საკრებულო აუდიტის მოწვევის საკითხს საკრებულოს სხდომაზე არ გაიტანს, ოპოზიცია სხდომას ჩაშლის.

"თუ საკრებულოს თავმჯდომარე დაარღვევს კანონს და არ მიიღებს ჩვენს განცხადებას, მეც დავარღვევს კანონს და ჩავშლი სხდომას" , – ამბობს თონიკე ავალიშვილი.

ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლეოსობას შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება. საკრებულოს ბოლო სხდომაზე კი 19 დეპუტატიდან 17–მა მერის, ნიკოლოზ თოფურიძის მუშაობა უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი მისთვის მისივე თანაგუნდელების მიერ იმპიჩმენტის გამოცხადებაზე.

ამავე თემაზე:

„თუ მერის იმპიჩმენტს არ მოითხოვენ, საკრებულოს სხდომას ჩავშლით“ – ხარაგაულის ოპოზიცია
„ვერც მე შევაფასებ დადებითად“ – ხარაგაულის მერს, საკრებულოს შემდეგ მაჟორიტარიც აკრიტიკებს

„იმპიჩმენტის განზრახვა აქვთ“ – დაპირისპირება ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის


Print