ახალი ამბები
მეტალო-პლასტმასის ფანჯრები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ორსართულიან შენობაში, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული, მეტალოპლასტმასის ფანჯრებია ჩასმული.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ განხორციელდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს დარღვევაა და სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა.

"თქვენი ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ შეტყობინება. ეს არის მცირე დარღვევა. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ჩავა ადგილზე, შეამოწმებს. ამასთანავე, შევისწავლით საკითხს, სააგენტოსთან შეუთანხმებლობის გარეშე რატომ განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები", - ამბობს სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი, ბექა ბარამიძე.

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას შენიშვნასთან ერთად ფასადის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას დაავალდებულებენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ სახდელად 12 000 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრება.

თამარ მეფის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

შპს "საქართველოს ფოსტაში" ამბობენ, რომ ფართში მხოლოდ შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, ხოლო აღნიშნული შენობის წინა ფასადი, მათ შორის კარ-ფანჯრები, იმავე მდგომარეობაში დარჩა, როგორც ის 2014 წელს ,,საქართველოს ფოსტის" საკუთრებაში გადმოცემის დროს იყო.

თამარ მეფის #56-ში, შენობა-ნაგებობა ფართით 166,14 კვმ სახელმწიფოსაგან საკუთრებაში "საქართველოს ფოსტას" 2014 წელს გადაეცა.
Print