ახალი ამბები
ქუთაისის მერია ნეპოტიზმზე - ნათელმირონობის მოგონება რელიგიურადაც არ არის გამართლებული ქმედება
FaceBook
"რა არის ტყუილი? -  "ტყუვილი განიყოფების სამად: ცრუობად, ცილად და ჭორად. სიცრუვე არს, რომელი სრულიად ტყუვილი იყოს და არარა ერიოს მას შინა სიმართლისა ნაწილი, ხოლო ცილი არს შეწამებული და მსგავსი ტყუილისა"


ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმის შესახებ "მედიატორის" მიერ გავრცელებულ ინფორმციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ეხმაურება და "მედიატორის" ბრალდებებზე დეტალურ განმარტებას აკეთებს:
"გადავწყვიტეთ დეტალურად გავაბათილოთ ცრუ ბრალდებები.
მერის კლასელებზე ყბადაღებული ცრუ ინფორმაციების ერთხელ და სამუდამოდ გაბათილების მიზნით საზოგადოებას ვთავაზობთ შოთა მურღულიას თანაკლასელთა სრულ სიას, რომელიც მისივე საკლასო ჟურნალის ქსეროასლში არის მოცემული: (იხ.დამადასტურებელი საბუთი #1)
ტყუილი N 1 მედიატორისგან
ვალერი შაშიაშვილი არ არის ქალაქის მერის კლასელი და არც შოთა მურღულიას არ მოუყვანია იგი ქუთაისის მერიაში. მეტიც, ვალერი შაშიაშვილი 2004 წლიდან უწყვეტად მუშაობს მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. ასევე მან გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში 60 შესაძლებლიდან 50 ქულა მიიღო.
ტყუილი N 2 მედიატორისგან
კოტე ქავთარაძე არანაირ ნათესაურ კავშირში არ იმყოფება ქალაქის მერის ოჯახთან. მათ შორის, არც ნათელ-მირონობა აკავშირებს მერთან. ამ შემთხვევაში მედიატორს ჭორის გავრცელებისთვის ნათელმირონობის მოგონება მოუხდა, რაც რელიგიურადაც არ არის გამართლებული ქმედება.
ტყუილი N 3 მედიატორისგან
დავით მურღულია (ქალაქის მერის ბიძა) ნამდვილად მუშაობს ქუთაისის "ტორპედოს" კლუბის ექიმად. მაგრამ იგი იქ 2000 წლიდან მუშაობს. შემდეგ რამოდენიმე წელი სხვაგან იმუშავა, მაგრამ ერთი წლის წინათ კომპანია ვისოლმა კვლავ დააბრუნა გუნდში. გაუგებარია, რატომ უნდა მოეხსნა ქალაქის მერს კერძო კომპანიის მიერ დანიშნული გამოცდილი კლუბის ექიმი? საინტერესოა, რომ "მედიატორი", რომელიც იდეაში დასავლურ ფასეულობებს ქადაგებს, რეალურად რატომ აზროვნებს კომუნისტური სტანდარტებით?
ტყუილი N 4 მედიატორისგან
ლევან გოგელაშვილი არ არის ქალაქის მერის კლასელი (იხილეთ კლასელების სია). როდესაც შოთა მურღულიამ ქალაქის მერად მუშაობა დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, ლევან გოგელაშვილი უკვე მერიის აუდიტის სამსახურის თანამშრომელი გახლდათ. ქალაქის მერის გადაწყვეტილებით 2014 წლის 1 იანვრიდან მერიის გაბერილი შტატების შემცირების მიზნით ლევან გოგელაშვილს, ისევე როგორც მერიის სხვა 100-მდე თანამშრომელს შეუწყდა ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე აბსურდია რაიმე ტიპის მიკერძოებულობაზე საუბარი ლევან გოგელაშვილის მიმართ. 2014 წლის მეორე ნახევარში გამოცხადებულ კონკურსში ლევან გოგელაშვილმა საკრებულოს ვაკანტურ პოზიციაზე მიიღო მონაწილეობა საკმაოდ მაღალი ქულით გაიმარჯვა. ამასთან უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოს კადრებს ქალაქის მერი არ აკომპლექტებს. ვფიქრობთ, "მედიატორს" არ აწყენდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის წაკითხვა.
ტყუილი N 5 მედიატორისგან
ნანა ლორთქიფანიძე არ არის ქალაქის მერის კლასელის მეუღლე. ამასთან იგი 2006 წლიდან მუშაობს ბაღების გაერთიანებაში და გასულ წელს ქალაქის მერის გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა გაერთიანებას.
ტყუილი N 6 მედიატორისგან
შოთა მურღულიას საკუთარი მამა მერიაში არ დაუნიშნავს და ვერც დანიშნავდა, რადგან ლევან მურღულია მერიაში 2010 წლის 3 მაისიდან მუშაობს, ხოლო შოთა მურღულია 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან. "მედიატორს" ეტყობა დროის და პერიოდების შეგრძნებისა და აღქმის პრობლემაც გააჩნია სხვასთან ერთად. გთავაზობთ ლევან მურღულიას დანიშვნის ბრძანებას (იხ. საბუთი # 2).
ლევან მურღულიას ეხებოდა ატესტაცია და არა კონკურსი (რადგან განუსაზღვრელი ვადით დანიშნული თანამშრომელი იყო), რაც ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგად წარმატებით გაიარა.
ტყუილი N 7 მედიატორისგან
თითქოს კახა დალაქიშვილი მერიაში შოთა მურღულიამ მოიყვანა. ინფორმაციისთვის: კახა დალაქიშვილი არის შოთა მურღულიას მეუღლის დის ქმრის მამა. იგი მერიაში საბინაო სამსახურის უფროსად შოთა მურღულიას მოსვლამდე მუშაობდა, ასევე წინა წლებშიც ეკავა ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობები. კახა დალაქიშვილი მერიიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადავიდა მაღალ თანამდებობაზე. რამდენიმე ხნის წინათ იგი, როგორც კვალიფიციური და გამოცდილი თანამშრომელი კვლავ დაუბრუნდა მერიის სტრუქტურას.
როგორც იქნა,- სიმართლე მედიატორისგან!
ნოდარ მიქიაშვილი ნამდვილად არის შოთა მურღულიას კლასელი და იგი ქუთაისის მერიაში მუშაობდა 10 წლის მანძილზე და ბოლო ერთი წელი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი. ნოდარ მიქიაშვილი სწორედ ამ პოზიციიდან დაინიშნა ქუთაისის ვიცე-მერად. ამასთან იგი წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის 3 თვე წარმატებით ასრულებდა ქუთაისის მერის მოვალეობას.
რა არის ნეპოტიზმი?
მედიატორს უნდა ავუხსნათ, თუ რას ნიშნავს ნეპოტიზმი: "ნათესავების ინტერესების პრევალირება სახელმწიფო ინტერესებზე". და ვერაფერ ასეთს ვერ ნახავს საზოგადოება შოთა მურღულიას ქმედებაში. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის მერიასა და მის სტრუქტურებში (ბაღებში,სახელოვნებო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ) 3000- ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ასევე შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ქალაქის მერი უფლებამოსილია ერთპიროვნულად დანიშნოს და გაანთავისუფლოს მერიის 12 თანამდებობის პირი (მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები). ამ უფლების მიხედავად, შოთა მურღულიამ მხოლოდ 3 ახალი ადამიანი მოიყვანა ასეთ თანამდებობაზე. დანარჩენი ან სხვა პოზიციიდან დააწინაურა, ან მათი გამოცდილების მიხედვით დატოვა იგივე თანამდებობაზე.
რა არის ტყუილი?
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: " რაც მართალი არ არის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება"
სულხან-საბას ლექსიკონი ქართული: "ტყუვილი განიყოფების სამად: ცრუობად, ცილად და ჭორად. სიცრუვე არს, რომელი სრულიად ტყუვილი იყოს და არარა ერიოს მას შინა სიმართლისა ნაწილი, ხოლო ცილი არს შეწამებული და მსგავსი ტყუილისა".
ასე, რომ მკითხველმა თავად განსაზღვროს რა უფრო მეტია მედიატორის ქმედებებში,- ტყუილი, ცილისწამება თუ ჭორი? თუმცა არც ერთი არ მატებს ღირსებას ორგანიზაციას, რომელსაც მიზნად საზოგადოებასთან შუამავლობა აურჩევია," - აღნიშნულია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წევრებმა ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმის ფაქტებზე ინფორმაცია 11 ივლისს გაავრცელეს. მათი განცხადებით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დანიშვნის შემდეგ მერიასა და მერიაზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში საკუთარი ნათესავები, მეგობრები და კლასელები დაასაქმა. "მედიატორის" წევრების თქმით, თუ უახლოეს მომავალში დასაქმებულ ახლობლებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. აღნიშნულ ბრალდებას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ იმავე დღეს უპასუხა და განაცხადა რომ "მედიატორი" სიცრუის აფიშირებას ახდენდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.