ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა ორ კვირაში გაიხსნება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საბიბლიოთეკო კორპუსი ორ კვირაში გაიხსნება.
სასწავლებლის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით, ბიბლიოთეკის  გადმოცემის პროცედურები დასრულებულია.

"ამ წუთას სტელაჟები იწყობა, სადაც წიგნები განთავსდება. კარგი სივრცე იქნება. ერთკვირეული სამეცნიერო პიკნიკის მოწყობა გვინდა, რომ კორპუსის გახსნა სახალისო და შინაარსიანი იყოს სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - ამბობს გიორგი ღავთაძე.

თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა საკონფერენციო დარბაზებით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახებით, მილიონიანი წიგნადი ფონდის საცავით აღიჭურვება.

ბიბლიოთეკა ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის, ასევე, ნებისმიერი მსურველისთვის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ის მიმდინარე წლის აპრილში უნდა გახსნილიყო. 

სამუშაოებს სს"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს. კომპანიამ უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის "გაერთიანება იმერეთმა"  2 085 265 ლარი მიიღო. აქედან 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილი თანხა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიღო.


ამავე თემაზე:

ტერასები და ინდივიდუალური სამკითხველოები - წერეთლის უნივერსიტეტის ახალი ბიბლიოთეკა (ვიდეო)

წერეთლის უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა იწყება (ფოტო)

ევროპული ბიბლიოთეკა ქუთაისში (ვიდეო)

აწსუ–ს ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება

წერეთლის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო

Print