ახალი ამბები
ლენტეხში შეთანხმება მიღწეულია – ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა ტერიტორიას ტოვებს
FaceBook
ლენტეხის მოსახლეობამ, ათდღიანი პროტესტის შედეგად, ხელედულა ჰესის მშენებელი კომპანია აიძულა ტერიტორიიდან ტექნიკა გაეყვანა.
სპეციალური ტექნიკა ლენტეხი–ცაგერის გზას ამ წუთებში ტოვებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ კომპანიისგან პირობა მიიღეს, რომ ტექნიკა ორი დღის განმავლობაში სრულად დატოვებს ტერიტორიას.

ხელედულა ჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე პროექტის გაუქმებას ითხოვენ და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან აპირებენ.

ჯერ კიდევ 27 ივლისს, როცა ადგილობრივებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი შეხვდა,  იგი ტექნიკის გაყვანას გამორიცხავდა.

ლენტეხის მოსახლეობა მათ რაიონში ჰესის მშენებლობას 22 ივლისის შემდეგ აპროტესტებდა. ადგილობრივებმა ლენტეხი–ცაგერის გზაზე კარვები დადგეს და შიმშილობა დაიწყეს. ისინი ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის შენობის წინ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.