ახალი ამბები
ლენტეხში მოშიმშილეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მოთხოვნებს წაუყენებენ
FaceBook
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოშიმშილეებს, რომლებიც ხელედულა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი შეხვდება.

მოშიმშილეების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ჯერ მათთან მივა, შემდეგ კი იმ ადამიანებს შეხვდება, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ.

"მინისტრის მოადგილესთან გვექნება კონკრეტული მოთხოვნები - ჰესის მშენებელი კომპანია დღესვე უნდა გავიდეს პროექტიდან, მისმა ტექნიკამ კი მაქსიმუმ ხვალ უნდა დატოვოს ტერიტორია",- ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, რაჯი ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, მოშიმშილეებს დღეს  სამი ადამიანი შეემატა.  ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ისევ 7 ადამიანი შიმშილობს.

26 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შვიდი მოშიმშილედან სამმა ადამიანმა შიმშილობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ლენტეხში ხელედულა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, ადგილობრივებმა პროტესტი 22 ივლისს დაიწყეს.  უკვე მეექვსე დღეა მათ  ლენტეხი-ცაგერის დამაკავშირებელ გზაზე  კარვები აქვთ გაშლილი და ჰესის მშენებლი კომპანიის ტექნიკას ლენტეხის მიმართულებით არ უშვებენ. 

მოსახლეობა ამბობს, ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.

ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.

"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე. ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ დასკვნაში.

"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ, 1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.

ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული. ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.

პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.