ახალი ამბები
"უნდა დაამტკიცოს ადამიანმა, რომ მას შეუძლია პედაგოგობა" - დეტალები სიახლის შესახებ
FaceBook
მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზების შესახებ საუბარი გასულ თვეებში დაიწყო. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა კი მასწავლებელთა კონფერენციაზე, რომელიც 9 ივნისს გაიმართა, დამატებით დეტალებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიცირებაზე მუშაობენ.

„ახალი ინიციატივა გვაქვს. მომდევნო კვირაში უკვე დეტალებს გავაცნობთ საზოგადოებას. ეს გახლავთ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების დივერსიფიკაცია, ანუ გაფართოება, რომ გარდამავალ ეტაპზე, ვიდრე ინტეგრირებული პროგრამები სრული მაშტაბით ამოქმედდება, იმ სკოლებში, სადაც გვაქვს პედაგოგების დეფიციტი, განსაკუთრებით ეს დეფიციტია სტემის (ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების) საგნების მიმართულებით, რაიონის და სოფლის სკოლებში, მიეცეთ საშუალება სკოლის ადმინისტრაციებს, რომ უფრო მოქნილი სისტემით აიყვანონ პედაგოგები.

ჩემთვის არაერთხელ მოუმართავთ თხოვნით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, რომლებსაც ჰქონდათ სურვილი სასწავლო პროცესში ჩართულიყვნენ, მაგრამ არსებული რეგულაციებით მათ არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, თუკი ისინი არ გაივლიდნენ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან კურსს.

ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვუშვებთ ამ შესაძლებლობას და განსაკუთრებით სტემის საგნების მიმართულებით სკოლის ადმინისტრაციებს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, მოიწვიონ პედაგოგები ამ პროცესში ჩასართავად.

კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული, მე და ჩემი ორი კოლეგა ვართ მისი ავტორები, რომელიც არის შემუშავებული განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის თქმით, ეს არ იქნება მასშტაბური ინიციატივა, თუმცა გამოცდილ ფიზიკოსს, მათემატიკოსს, ქიმიკოსს თუ ექნება სურვილი, შევიდეს სასწავლო პროცესში, ამის შესაძლებლობას საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიქმნას.

„ზაფხულის ბოლომდე ამ ინიციატივის განხილვას და მიღებას თუ შევძლებთ, სექტემბრიდან ეს შესაძლობლობა გაიხსნება.

ბუნებრივია, ამ პროცესში პედაგოგიური კვალიფიკაცია აუცილებელია, მაგრამ ვფიქრობ, იმ სკოლებისთვის, სადაც არ გვყავს კადრები, უმჯობესია ამ დარგის სპეციალისტს მივცეთ საშუალება, დაიწყოს სკოლაში მუშაობა და პარალელურად გაიაროს მასწავლებლის გადამზადების პროგრამა. ერთია 60-კრედიტიანი სწავლება და ასევე უნდა შევქმნათ დისტანციური სწავლების მექანიზმი“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა გამოცდილი სპეციალისტების სკოლაში შესვლის აუცილებლობაზე, მით უმეტეს, როცა ბევრი საგნის მასწავლებლის დეფიციტის წინაშე დგას სისტემა, მაგრამ მისი თქმით, ეს ყველაფერი უკონტროლოდ არ მოხდება.

„ზოგადად, პრობლემაა მასწავლებლის სკოლაში შესვლის კომპონენტი – პედაგოგის პროფესიაში შესვლა და პროფესიიდან გამოსვლა. ეს ორი კომპონენტი ცენტრის ფუნქციებში არ შედის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის პედაგოგებთან დაკავშირებული პოლიტიკის ნაწილი და ჩვენ აქტიურად ვართ ამასათან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართული.

ჩვენი პოზიცია ის არის, რომ მაქსიმალურად ადვილი უნდა იყოს პროფესიაში შესვლა, მით უმეტეს, გარდამავალ პერიოდში. როცა 300 –კრედიტიანი პროგრამები არ არის მთლიანად ამუშავებული და ჩვენ არ გვაქვს საშულება, იქიდან გამოსული სპეციალისტები მივიღოთ სისტემაში.

ჩვენ არ გვაქვს ასევე ფუფუნება, უარი ვთქვათ იმ დახმარებაზე, რომელსაც გვთავაზობს არაპედაგოგი ხალხი: ფიზიკოსები, მათემატიკოსები, სხვა სპეციალობის ადამიანები. უნდა მივცეთ მათ საშუალება, სკოლაში შევიდნენ და ასწავლონ მომავალ თაობას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სკოლაში უკონტროლოდ შევლენ. პედაგოგის მაძიებლობის პროგრამა იქნება, რომლის ფარგლებში გარკვეული პროფესიული განვითარების კურსებს გაივლიან. შესვლა იქნება ადვილი, ამ ადგილის შენარჩუნება – რთული. უნდა დაამტკიცოს ადამიანმა, რომ მას შეუძლია პედაგოგობა. საგანი შეიძლება ბევრმა კარგად იცოდეს, მაგრამ პედაგოგობა არ შეეძლოს ყველას, ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მასწავლებელმა გარდა იმისა, რომ საგანი კარგად იცის, უნდა ჰქონდეს კარგი პედაგოგიური უნარები. ეს არ ეხება მხოლოდ სტემის საგნებს, ეხება ყველა საგანს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს გიორგი მაჩაბელმა.

ცენტრის დირექტორის თქმით, სად რომელი პროფესიის სპეციალისტი სჭირდებათ, ეს სურათი უკვე არსებობს. როგორც მაჩაბელი აღნიშნავს, დიდ ქალაქებში სისტემას არ უჭირს, კონკურენციაც არის. გამოწვევა რეგიონების სკოლებია და, ალბათ, სპეციალური პროგრამაც იქნება საჭირო, რომ ზუსტად იმ სკოლებში იყოს მივლინებული ეს ხალხი მიზნობრივად.

„2019 წლიდან სისტემატიურად დაიწყება დისტანციური კომპონენტის გამოყენება. ამას მასწავლებელთა ტრენინგის დროსაც გამოვიყენებთ. აღარ ვაწვალებთ და ჩამოვიყვანთ აქ. შეეძლებათ სახლში იყონ, უსმინონ და დავალებები შეასრულონ. იქნება პირისპირ შეხვედრებიც, რაღაც დავალებები იქნება დისტანციურად, რაღაც დავალებები იქნება პირისპირ“, – აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

წყარო: edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.