ახალი ამბები
„მზად ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ სისტემის წინააღმდეგ“ - წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები
FaceBook
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილიდან აქცია იმართება. სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახს.
მათი თქმით, მათი თაობა მზად არის იბრძოლოს სისტემის წინააღმდეგ.

"სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილი სარალიძის ოჯახს. ჩვენი თაობა მზად არის ბოლომდე იბრძოლოს იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არ გვაცლის თავისუფლად არსებობის უფლებას", - განაცხადეს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

სტუდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან ყველა პარტიას.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ნუ მომკლავ" 31 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაუმტკიცდა. საქმეზე მეორე ბრალდებულს კი, რომელსაც  ხორავას ქუჩაზე მეორე მოკლულის, დავით სარალიძის  განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია დავით სარალიძის მამისთვის. იგი აცხადებს, რომ რეალურ დამნაშავეებს პროკურატურა ხელს აფარებს.

რუსთაველზე გამართული აქციის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუმცა, მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. 

რუსთაველის გამზირზე, პარლმანეტის შენობის წინ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 1 ივნისს 16:00 საათზე განახლდება.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

ამავე თემაზე:

„აღდგეს სამართლიანობა“ - ქუთაისში აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა (ფოტო)

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში (ფოტო)

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

"ნუ მომკლავ!" - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია დაიგეგმა

"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში

"ნუ მომკლავ" -საპროტესტო აქცია ქუთაისში

Print