ახალი ამბები
ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად, საკრებულოს დეპუტატის ძმა დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლის დირექტორად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რამაზ ჩხიკვაძის ძმა დაინიშნა.
ზაზა ჩხიკვაძემ ამ პოსტზე სასახლის ყოფილი დირექტორი, ლომერ ახვლედიანი ჩაანაცვლა.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების   ხელმძღვანელი,  რომლის დაქვემდებარებაშიცაა სპორტის სასახლე,  ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო ახალი დირექტორისა და საკრებულოს დეპუტატის ნათესაურ კავშირთან და ზაზა ჩხიკვაძე მისი მენეჯერული უნარების გათვალისწინებით შეირჩა.

"ამაზე არც ყოფილა საუბარი. ეს საკითხი საერთოდ არ გაგვივლია. ზაზას აქვს მენეჯერული გამოცდილება და ამის გათვალისწინებით მოხდა მისი შერჩევა",-ამბობს  ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე.

ნათესაური კავშირის გავლენას უარყოფს სპორტის სასახლის ახალი დირექტორიც. ზაზა ჩხიკვაძე ამბობს, რომ პოსტზე მისი გამოცდილების გამო შეარჩიეს.

"ეს არაფერს ცვლის. მე მაქვს ჩემი წარსული, ჩემი CV. ქუთაისში შეიძლება ერთეულები იყვნენ, ვისაც ასეთი CV ექნება. იცოდნენ, რომ მქონდა რაღაც წარსული, ვმუშაობდი სერიოზულ ორგანიზაციებში და სწორედ ჩემი მენეჯერული საქმიანობიდან გამომდინარე მოხდა ჩემი შერჩევა", - ამბობს ზაზა ჩხიკვაძე.

ჩხიკვაძე არ აკონტერებს პოსტზე დანიშვნა შესთავაზეს თუ თავად გამოთქვა დირექტორობის სურვილი.

"ამას რა მნიშვნელობა აქვს", - ამბობს ჩხიკვაძე.

ქუთაისის სპორტის სასახლეში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის მერიას ააიპებში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
რეორგანიზაციის შედეგად, სპორტის სასახლეს ააიპის სტატუსი გაუუქმდა და სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას დაექვემდებარა.

დაწესებულებაში გაუქმდა ბუღალტრის, სპეციალისტისა და შესყიდვების სპეციალისტის შტატები. სასახლეს ახლა 16 თანამშრომელი ჰყავს.
კობა ფხაკაძე ამბობს, რომ სპორტის ააიპს თავისი ბუღალტერი და სპეციალისტები ისედაც ჰყავს და სპორტის სასახლეში ამ შტატების არსებობა საჭირო აღარ იყო.

სპორტის სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელმაც პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ამბობს, რომ რეორგანიზაციის შემდეგ დაწესებულების ცენტრალიზება მოხდა და დირექტორს დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა წაერთვა. ლომერ ახვლედიანი ამბობს, რომ პოსტის დატოვება სწორედ ამ ცვლილებებმა გადააწყვეტინა.

"კურატორის ფუნქცია დარჩა დირექტორს. ვერაფერს გადაწყვეტს, ვერავის დანიშნავს, ვერავის გაუშვებს. ყველაზე ელემენტარული პრობლემა რომ შეექმნას ადგილზე, ააიპს უნდა მისწეროს და დაელოდოს თანხმობას. გააუქმეს ბუღალტრის შტატი, სპეციალისტის შტატები. ფუნქცია აღარ დარჩა დირექტორს. როგორც კი გამოცხადდა რეორგანიზიცია, დავწერე განცხადება და წამოვედი", - ამბობს ლომერ ახვლედიანი.

სპორტის სასახლის ყოფილი თანამშრომლები კი, რომლებსაც ვინაობის გამხელა არ სურთ, ამბობენ, რომ ლომერ ახვლედიანი ქალაქის წინა ხელისუფლების გუნდის წევრი იყო და პოსტის დატოვება ამიტომ მოუხდა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 1 მარტიდან დაიწყო.

სასახლეში შტატების გაუქმებასთან ერთად, დირექტორის ხელფასი 1400 ლარიდან 600 ლარამდე შემცირდა და სპორტული სკოლების ხელმძღვანელების ანაზღაურებას გაუთანაბრდა.

რეორგანიზაციის ფარგლებში, ცალკე ააიპის სტატუსი გაუუქმდა ტაეკვანდოს კლუბსაც და ისიც სპორტის ააიპს დაექვემდებარა.
Print