ინტერვიუ
„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ – იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მუნიციპალიტეტებში მოქმედი მშენებლების მუშაობა არ მოიწონა და თანამდებობის პირები გააფრთხილა, რომ 2019 წელს ის იქნებოდა მკაცრი.
რა სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის მასშტაბით, რა არის პრიორიტეტი და რა ოდენობის თანხა არის გამოყოფილი იმერეთის მხარისთვის? რატომ ტოვებენ თანამდებობებს მუნიციპალიტეტებში და აძლიერებს თუ არა თავის გუნდს იმერეთის გუბერნატორი – ამ და სხვა საკითხზე ქუთაისიპოსტს შავლეგო ტაბატაძე ესაუბრა.

ბატონო შავლეგო, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასრუქტურული პროექტების შესრულების თვალსაზრისით რომ პრობლემებია, ეს აუდიტის დასკვნამაც დაადასტურა, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. გარდა, ამისა  საჯაროდ გააფრთხილეთ მერები და მშენებელი კომპანიები, რომ 2019 წელს სამუშაოების შესრულებაზე თქვენს მიერ იქნება მკაცრი კონტროლი. რა ხარვეზები იყო და რა უნდა გამოსწორდეს?

– რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო და ეს აისახა კიდეც შედეგებზე. კონკრეტულად, ვერ მოხდა თანხების სრულად ათვისება. ჩვენ ნამდვილად გვქონდა შეხვედრა მშენებლებთან. მათთან ერთად მოვიარეთ და ადგილზე გავეცანით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს. ვუთხარით, რომ გადაეხედათ თავიანთი შესაძლებლობებისთვის და ისე ჩართულიყვნენ ტენდერებში, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა გასულ წელს. რამდენიმე მშენებელს დღესაც აქვს პრობლემები და სამწუხაროდ, ვფიქრობ რომ მათთან მოგვიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა. კონკრეტულად ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

გასული წლის პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, როგორი იქნება 2019 წელი იმერეთისთვის?

– ვფიქრობ, 2019 წელი გაცილებით უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე 2018 წელი. ერთის მხრივ ის, რომ თუ შარშან გვქონდა იმერეთის რეგიონში 150 მილიონ ლარამდე თანხა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, წელს ეს არის გაორმაგებული – 350 მილიონზე მეტია. აქედან გამომდინარე, ამ თანხის ათვისების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ გაცილებით მეტ ახალ გზას, უკეთეს საგზაო ინფრასტრუქტურას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი რეგიონი დაუკავშირდება ერთმანეთს. სამუშაოები უკვე დაწყებულია და დაახლოებით, 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს არის საჩხერე–ონის მიმართულება, რომლითაც საჩხერე და რაჭა დაუკავშირდება ერთმანეთს. გარდა ამისა, საუბარია ბაღდათი–საირმის მონაკვეთზე, სადაც აგრეთვე ორი რეგიონი - სამცხე–ჯავახეთი და იმერეთი დაუკავშირდება ერთმანეთს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს ხარაგაულის  მუნიციპალტეტში გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტების ორი მიმართულება, ეს არის ხარაგაული–მოლითი, მოლითი–ჩუმათელთელეთის მიმართულება, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

ასევე, არის წყალმომარაგების პროექტი, რომელზეც მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისში და იმედს ვიტოვებ, 2019 წლის ბოლომდე მოსახლეობას უნდა ჰქონდეს წყალი, გრაფიკის გარეშე. ამ მიმართულებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის პრობლემები ნაკლებად აინტერსებს მოსახლოებას. ასევე, წყალმომარაგების პროექტი ხორციელდება ჭიათურაშიც და ესეც მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

ჩემი დანიშვნის დღიდან მიზნად დავისახეთ შემოგვევლო იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი. ამისთვის შევქმენით სამი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განაწილებულია იმერეთის მთელ რეგიონში და ჩვენ უშუალოდ მოსახლეობისგან ვისმენთ იმას, თუ რა სჭირდებათ მათ.

აქამდე ასე არ ხდებოდა?

– მე ზოგადად არ მიყვარს უკან გახედვა, დღეს მე ვარ და ჩემი პასუხიმგებლობაა, ამიტომ, მე როგორც ვხედავ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ისე ვგეგმავ. აქედან გამომდინარე, გადავწვიტე, რომ ამ კუთხით შევძლოთ სამომავლოდ დაგეგმარება, საერთო ჯამში, შევქმნით მთლიან საინფორმაციო სივრცეს, რომელიც შეთანხმებული იქნება მოსახლოებასთან თემების მიხედვით, სოფლების მიხედვით. გამოყოფილი იქნება სხვადასხვა პრობლემები. ზოგან წყალია, ზოგან ბაღი, სკოლა, განათება, და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია, საინფორმაციო სივრცის შექმნის შემდეგ არ იქნება იმის განცდა, რომ სამომვალოდ არაპრიორიტეტულად განისაზღვროს ინფრასტრუქტურის განვითარების გზები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთდროულად ვერ გაკეთდება, მაგრამ გაკეთდება. ერთი, რომ მოსახლოებას ეცოდინება რა როდის გაკეთდება და თანამდებობის პირებს აღარ მიცემათ ტყუილის თქმის საშუალება.

როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენ შემოიარეთ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი რეგიონში, რომელია ყველაზე პრობლემური მათ შორის და ასევე, მუნიციპალიტეტი, სადაც სამუშაოების განხორცილების კუთხით ნაკლები ჩავარდნაა?

– რამდენიმე მუნციპალიტეტი მართლა უნდა გამოიყოს, წინა წელიც და წლის დასაწყისიც გაცილებით უკეთესად მიდის, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტში. ეს ერთგვარი კონკურენციის მომენტიც არის. მაგალითად, გამოვყოფდი, ვანს, საჩხრეს, ბაღდათს და შემდგომ დანარჩენებს.

ქუთაისი?

– ქუთაისი ზოგადად ხერხემალია იმერეთის. მინდა აღვნიშნო, რომ რაც დღეს ქალაქში ხდება ეს არ არის მარტო ქალაქის დღევანდელი ხელმძღანელობის და არაეფექტური მუშაობის შედეგი, ეს მათ დახვდათ, მე არ ვეხები ქალაქის არც წინა მმართვლეობას.

წყალმომარაგების პრობლემა და გადათხრული ქუჩები, წლებია ასე მოდის. ვფიქრობ, 2019 წელს ეს ნაწილობრივ დალაგდება. ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას. აქ თუ ყველაფერი კარგად არის დალაგებული, დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც დალაგდება.

2019 წელი ძალიან საინტერსეო იქნება ქუთაისისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის, ტურისტული მიმართულებით და ასე შემდეგ. მოსახლეობის განწყობა დადებისთკენ უნდა წავიდეს. ამ ბოლო არჩევნებზე რაც მოხდა (მოსახლეობის განწყობა/შედეგები), ნამდვილად არ იყო ჩემთვისაც მოსაწონი. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არა რაღაცის გამო, არამედ ნაკეთები საქმის გამო დავამტკიცოთ, რომ მოსახლოებისთვის ვაკეთებეთ.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რატომ ტოვებენ თანამდებობებს იმერეთის მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელი პირები, რამდენად მოქმედებს ეს პარტიის იმიჯზე, მოსახლოების ნდობაზე, რადგან ეს ადამიანები არჩევნების გზით იყვნენ დანიშნულები თანმადებობაზე? სად იყო და არის პრობლემა?

– რაღაც საკითხებთან მიმართებაში მათ ქონდათ პრობლემები და ჩათვალეს საჭიროდ, რომ დაეწერათ განცხადება. ჩვენც, რა თქმა უნდა, დავეთანხმეთ. ზოგადად, კარგი დაფიქრება გვმართებს  ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩვენი ამომრჩეველი და მოსახლოება უყურებს. მოსახლოებას უნდა შევთავაზოთ ნამდვილად ღირსეული ადამიანები, ვისაც ის შემდგომ აირჩევს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად გვაქვს იმის დრო,  რომ სწორად დავფიქრდეთ და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ჭიათურაში და ზესტაფონში მერობის კანდიდატები. ვფიქრობ, მაისის თვე საარჩევნო პერიოდში ვიქნებით მთელი გუბერნიაც და ის მუციპალიტეტები, სადაც არჩევნები ტარდება.

როგორია თქვენი როლი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებში? ჩვენი ინფორმაციით, ზესტაფონის მერსა და ტყიბულის მერის მოადგილეს პირადად თქვენ მოსთხოვეთ დაეწერათ განცხადება და დაეტოვებინათ თანამდებობები. ცდილობთ თუ არა თქვენი გუნდის გაძლიერებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ პოსტზე დანიშვნიდან მალევე,  მოადგილედ დანიშნეთ თქვენი მეგობარი ბესიკ გოფოძე, რომელთან ერთადაც  შეიარაღებულ ძალებში მსახურობდით?

– ეს პირველად მესმის თქვენგან. ზესტაფონის მერმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც უკვე ვთქვი და მეც დავეთანხმე. რაც შეეხება, ტყიბულის მერის მოადგილეს, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მასთან იყო რაღაც შეკითხვები, რომელიც მეც პრესის საშუალებით გავიგე. პრობლემები რაღაც მიმართულებით იყო, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ და ადამიანი, რომლის გადაცდომა დაფიქსრდება ამ საქმესთან მიმართებაში, ეს იქნება ტყიბულის მერის მოადგილე თუ სხვა ნებისმიერი, ის აუცილებალდ კანონის ფარგებში პასუხს აგებს. ბესო გოფოძე ახსენეთ თქვენ. ჩვენ ნამდვილად 1994 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი ურთიერობა დაიწყო შეიარაღებული ძალებიდან. ეს ადამიანი დაინიშნა ჩემი რეკომენდაციით, ნამდვილად ასე იყო და ამ ადამიანის დადებითზეც და უარყოფითზეც მე პირადად ვაგებ პასუხს. ცხადია, დანარჩენ ადამიანებზეც არ ვუარვყოფ პასუხისმგებლობას, როგორც იმერეთის რეგიონის გუბერნატორი, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანზე, რადგან მე დავნიშნე, პირადად ვიღებ პასუხმგებლობას და თუ ვინმე ჩემი ინციატივით დაინიშნება, მათზეც მე ავიღებ პასუხმგებლობას.

იყო საუბარი იმაზე, რომ თქვენ, შესაძლოა, ისევ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდეთ. რას აპირებთ ამ კუთხით სამომავლოდ, არჩევანი რომ გქონდეთ რომელს აირჩევდით?

– თავდაცვის სამინისტროში კარგა ხანი ვმსახურობდი. დღეს ვარ იმერეთის გუბერნიაში, საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე და არსად წასვლას ჯერ არ ვაპირებ აქედან. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ეს ინფორმაციაც, რომ მე აქედან სადღაც უნდა გადავსულიყავი სოციალაური ქსელით გავიგე. ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც არ უნდა იყო ადამიანი, ყველაგან დგახარ რაღაც გამოწვევის წინაშე.

რაც შეეხება არჩევას, ზოგადად გეტყვით ერთ რამეს, რომ წლები ვიმსახურე საქართველოს შეიარღებულ ძალებში და ამიტომ, ვფიქრობ, რომ იქ გავიზარდე და იქ ჩამოვყალიბდი როგორც ჯარიკაცად, ბოლოს გენერლის წოდებით წამოვედი. მაგრამ დღეს ვარ საჯარო სივრცეში. ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ამ კუთხით, სადაც ქვეყანას დაჭირდება და ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იქ გავაგრძლებ შემდგომ სამსახურს. რომელს ავირჩევ? როცა დავდგები ამ არჩევანი წინაშე აი, მაშინ გახდება ცნობილი.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ
თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო
რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით,
კორექტივების შეტანა მოუნდება.
22:00 / 18.10.2018
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.






რატომ ევროპა? - ეს კითხვა ხშირად გაისმის. მიუხედავად იმისა
რომ გარკვევით ითქვა  ქართველი ვარ და მაშასადამე
ევროპელიც.
11:48 / 11.09.2018
რატომ ევროპა? - ეს კითხვა ხშირად გაისმის. მიუხედავად იმისა რომ გარკვევით ითქვა  ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელიც.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში 161 საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს მასწავლებელს პედაგოგის სტატუსი ოქტომბრის შუა რიცხვებში შეუწყდება.
ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისთვის" მოეწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელებმა, განათლების მინისტრთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს.
"ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში" -ასე პასუხობს ფონდი "ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი შეკითხვას: რატომ არ გაიმართა  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქუთაისში.
ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გზა - ასეთი სურათი ხვდებათ გელათის მონასტერთან მისულ ვიზიტორებს.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე სკოლის მოსწავლეები  დაშავდნენ.
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე იოსებ ხახალეიშვილი წარუდგინა.