საზოგადოება
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, მამის კომპანია და სახელმწიფო ტენდერები
FaceBook

ქუთაისში მმართველი გუნდის უქიმერიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მსხვილ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიის ხელმძღვანელის შვილია.


საუბარია, ამირან კოპალეიშვილზე, რომლის მამაც შპს "გი-ან 2011"-ის 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო თავად ამავე კომპანიის მენეჯერი გახლავთ. ამასთანავე, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამა 100%-იან წილებს ფლობს შპს "ფუძე გიორგი", "დანკოსა" და "ალტეკში", ხოლო 50%-იან წილს შპს "კარ-დეში".

აქედან, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მხოლოდ შპს "გი-ან 2011"-ს აქვს მიღებული. მიმდინარე წელს კომპანიისთვის გადახდილმა სახელშეკრულებო თანხამ ჯამში 2 733 170 ლარი შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კომპანიაში, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მენეჯერად მუშაობს, 100%-იან წილს მისი მამა, გია კოპალეიშვილი ფლობს. შპს "გი-ან 2011" 2011 წლის 2 მარტსაა დარეგისტრირებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას მიმდინარე წელს ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში, ტყიბულში, წყალტუბოსა და თერჯოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ასრულებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიისთვის გადახდილი სახელშეკრულებო თანხა ჯამში 2 733 170 ლარს შეადგენს.

შპს "გი-ან 2011"-მა შეასრულა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ქვილიშორის, საყულიას, ქვიტირისა და სოფელ წყალტუბოს გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. ასევე, ანალოგიური სამუშაო განახორციელა ტყიბულის სოფლებში გურნაში, სოჩხეთში, ოჯოლასა და ციხიაში. კომპანიამ შეასრულა თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებიც.

რაც შეეხება ქუთაისს, შპს "გი-ან 2011"-მა ქალაქის მასშტაბით არა ერთ ქუჩაზე განახორციელა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კომპანიის სახელს უკავშირდება, ეს ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაციაა, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ამ პროექტის დასრულებისთვის მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოთხთვიანი ვადა არ ეყო, რის გამოც ქუთაისის მერიამ კომპანიას რეკონსტრუქციის დასრულების თარიღი რამდენიმე თვით გადაუწია.

იმ დროისთვის გია კოპალეიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად, არამდგრადი კლიმატური პირობები დაასახელა. თუმცა, მან, ასევე განმარტა, რომ პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებაც მოუწია.

ქუთაისის მერიამ ფალიაშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციისთვის 516 604 ლარად შეფასებული ელექტრონული ტენდერი გასულ წლის 22 აპრილს გამოაცხადა. მასში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვებულად შპს "გი–ან 2011" გამოცხადდა, რომელმაც სამუშაოების შესრულებაში 413 000 ლარი მოითხოვა.

შპს "გი-ან 2011"-ის ხელმძღვანელი, გია კოპალეიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა კანდიდატად დასახელების წინადადება მის შვილს შესთავაზა, რაც მათ ბიზნესსაქმიანობას არ უკავშირდება. მისივე თქმით, პირადად მას მსგავსი წინადადება "ქართული ოცნებისგან" არ მიუღია, თუმცა რომც მიეღო, არ დათანხმდებოდა. გია კოპალეიშვილი აცხადებს, რომ ის შვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

"არ ყოფილა ჩემთვის მსგავსი შემოთავაზება. რომ ყოფილიყო, არ დავთანხმდებოდი. არც მაგაზე ვარ ახლა თანახმა აკო რასაც აკეთებს. არ მიმაჩნია, რომ ეს იყო მისთვის პერსპექტივაში სასარგებლო ნაბიჯი," - ამბობს გია კოპალეიშვილი.

კომპანია "გი-ან 2011"-ის ხელმძღვანელის თქმით, მის შვილს მაჟორიტარი დეპუტატობა დიდად არ გამოადგება, სამაგიეროდ ირწმუნება, რომ ამირან კოპალეიშვილი ქალაქის საკანონმდებლო ცხოვრებაში მაქსიმალურად ჩაერთვება.

"უწესიერესი ბიჭია, პატიოსანი კაცია და მჯერა, რომ რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს. ამისი პასუხისმგებელი ვარ," - განაცხადა გია კოპალეიშვილმა.

იყო თუ არა მაჟორიტარობის შეთავაზება მმართველი გუნდის მხრიდან ერთგვარი სამადლობელი ჟესტი, ამირან კოპალეიშვილი გვპასუხობს, რომ სახელმწიფო საქმეები ასეთი ფორმით არ უნდა წყდებოდეს.

"მადლიერებით, ახლობლობით და ნათესაობით სახელისუფლებო საქმეები და პოლიტიკა არ უნდა წყდებოდეს,"- განაცხადა ამირან კოპალეიშვილმა.

თუმცა, ამავე დროს ის ამბობს, რომ მისი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებაში "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

"შემოთავაზება მივიღე ბატონი გიორგი ჭიღვარიასგან და რომ არა გიორგი ჭიღვარიას ფაქტორი, ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. დიდხანს ვიფიქრე, რადგან ხალხის სამსახურში ყოფნა საპასუხისმგებლო საკითხია. შემეძლო მშვიდად მეკეთებინა ჩემი საქმე და არ ჩავრთულიყავი საარჩევნო პროცესებში. თუმცა, მე ვიღებ გამოწვევას და პასუხისმგებლობას ჩემს თავზე," - ამბობს ამირან კოპალეიშვილი.

ის ირწმუნება, რომ ჭიღვარიასა და მის გუნდთან ერთად ხალხის სამსახურში იქნება და ქალაქისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.