ვიდეო
"სამანიშვილის დედინაცვალში" მოცეკვავე იმერელი ბიჭი 42 წლის შემდეგ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერთი წუთით, ერთ ეპიზოდში გაშალა ხელი და ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ, პოპულარულმა გაიღვიძა.
კუკური აბაზაძე "სამანიშვილის დედინაცვალში" შაფათაძეების ქორწილის სცენაში ცეკვავს.

ეპიზოდურ როლზე რეკომენდაცია, მაშინ 30 წლის ბიჭს, ცეკვის მასწავლებელმა გაუწია. გადამღები ჯგუფის წევრებმა სარეპეტიციო დარბაზის კარი შეაღეს და მოცეკვავე მაშინვე მოიწონეს. ერთწუთიანი ეპიზოდის ქორეოგრაფი კუკური აბაზაძე თავად იყო, თუმცა ფილმზე მუშაობის ხანგრძლივ პერიოდს, რეჟისორ ელდარ შენგელაიასთან და გადამღებ ჯგუფთან ურთიერთობას, ახლაც სიამოვნებით იხსენებს.

"ჩხუბის სცენაა. ვართ ერთმანეთში არეული, მაგიდების გადბრუნება-გადმობრუნებაა და ბატონი ელდარი ამ ფილმს ზემოდან იღებდა და გვეძახის, - "სტოპ", "სტოპ", გაჩერდით და ჩვენ ისე ვიყავით ჩართული ამ ჩხუბში, არ ვჩერდებით, ვჩხუბობთ და თვითონაც ზემოთ ხარხარებს და გვეძახის გაჩერდითო. ბოლოს, როგორც იქნა, გავჩერდით", - გვიყვება კუკური აბაზაძე.

კურიოზი სხვაც ახსოვს, - როგორ დასჭირდათ რეჟისორს სუფრასთან დამბაჩის გასროლის სცენის ოთხჯერ გადაღება, რადგან ტექნიკოსის ხელში იარაღი გამართულად მუშაობდა, მის ხელში კი ტყვია არაფრით გავარდა. ახლა 71 წლისაა და ამბობს, რომ ამ ეპიზოდურმა როლმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. პირველს მეორე სცენა მოჰყვა. ფილმში "ჩემი მეგობარი ნოდარი" ის ანსამბლთან ერთად ცეკვავს.



ცეკვა მისი ცხოვრებაა. 11 წლის იყო, როცა ანსამბლის წევრი გახდა. 1969 წელს საკუთარი ჩამოაყალიბა, "მერცხალი" უწოდა და 50 წელი უხელმძღვანელა. დღეს ქუთაისის ქორეოგრაფიული სტუდიის მასწავლებელია.

პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია. სპეციალობით არასდროს უმუშავია. ცეკვას კონკურენცია ვერაფერმა გაუწია, თუმცა, პედაგოგიური განათლება ქორეოგრაფს ბავშვებთან განსხვავებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. სტერეოტიპს მყვირალა და მოჩხუბარი ცეკვის მასწავლებლებზე, კუკური აბაზაძე ამსხვრევს.

"ქართული ტრადიციული ცეკვა ისეთია, ყველამ უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ ეს ჩვენი საგანძურია", - გვითხრა კუკური აბაზაძემ.

70 წლის ასაკში, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისგან ქორეოგრაფიის ბრწყვინვალების ორდენი მიიღო, თუმცა, ყველაზე დიდ ჯილდოდ ბავშვების სიყვარული მიაჩნია. გასტროლებზე ვეღარ დაჰყავს, თუმცა ცეკვების დადგმას კიდევ დიდხანს აპირებს. პროფესიას დღეს რომ ირჩევდეს, ისევ ხელებს გაშლიდა და ისევ ცეკვის ნახაზს შექმნიდა, როგორც მაშინ, "სამანიშვილის დედინაცვალზე" მუშაობისას, 42 წლის წინ.
Print