ახალი ამბები
ჩემპიონი ფეხბურთელი გოგონები ქუთაისიდან (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ირინა თავდამსხმელია. ლანა ნახევარმცველი. მარიამი მეკარე.
პირველმა გოლი უნდა გაიტანოს. მეორემ საგოლე სიტუაცია შექმნას, მესამემ კარი დაიცვას.

სამივე ფეხბურთელია, ერთი მისწრაფებით – რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოიპოვონ. მიზნის მისაღწევად მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ნიჭი საკმარისი არ არის. მაყურებელი მათგან იმის დამტკიცებას ითხოვს, რომ გოგონებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.

"თუ რაიმეს კეთება ნამდვილად გსურთ, გზასაც იპოვით, თუ არადა, იპოვით მიზეზს", – ყოველმხრივ წინააღმდეგობრივ გარემოში, გამოსავალი მარიამს დაუძლეველმა სურვილმა აპოვნინა.

ის წარმატებული ფეხბურთელი გოგონაა, გრძელი თმით, ნაზი გარეგნობითა და ძლიერი ხასიათით.


მარიამი 22 წლის ფეხბურთელი გოგონა


მარიამი თამაშზე

ფეხბურთი რომ ეთამაშა, ბევრ სირთულეს გაუმკლავდა. პირველი ბარიერი მამა იყო, მეორე სოფელი, მესამე კი საზოგადოება.

მარიამ შონია ნოჯიხევიდანაა. მის მოგონებებში მშობლიურ სახლთან ერთად, აკრძალული თამაში და ბურთიც ჩნდება.

"მთელს სოფელში ორ გოგოს მოგვწონდა ფეხბურთი და მაინც არ გვათამაშებდნენ ბიჭები. ერთხელ ნება დაგვრთეს და რომ დაინახეს კარგად გამოგვდიოდა, სხვა დროსაც დავიყოლიეთ", – ასე თამაშ–თამაშით მარიამმა გააცნობიერა, რომ ფეხბურთის თამაშს ვერ შეწყვეტდა. მეზობელი ბიჭებივით დამყოლი არ აღმოჩნდა მამა, რომელიც შვილის ფეხბურთით გატაცებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

უშედეგო ტირილისა და ხვეწნა–მუდარის შემდეგ, მარიამმა გაარკვია, რომ ხობის მუნიციპალიტეტს ფეხბურთელთა გუნდი ჰყავდა და მწვრთელთანაც თავად მივიდა.

"ტრენერს" ვემუდარე ბიჭებთან ერთად ვევარჯიშებინე, როგორღაც ისიც დამთანხმდა", – ბედნიერი გოგონა სავარჯიშო ფორმას სასკოლო ტანსაცმლის შიგნით იცვამდა და გაკვეთილების შემდეგ, ნოჯიხევიდან ხობამდე ხუთ კილომეტრსაც ფეხით გადიოდა.

"ბოლოს მამამაც გაიგო ჩუმად რომ ვვარჯიშობდი და გუნდიდან გამომიყვანა". ფეხბურთიდან ჩამოშორებული მარიამი ქუთაისში მცხოვრებ დასთან წავიდა. სწორედ ასე მოხვდა ქუთაისის ქალ ფეხბურთელთა გუნდში "მართვე".

"მაშინ მე-10 კლასში ვიყავი. სკოლა უნდა დამესრულებინა. ამიტომ სავარჯიშოდ ქუთაისში შაბათ–კვირას ჩამოვდიოდი. ასე გაგრძელდა მთელი სამი წელი", – ფეხბურთელი გოგონას მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ის გუნდში მიიღეს. "მართვე" ძალიან მოკლე დროში, ქალთა ფეხბურთში საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.


გუნდი "მართვე"

გამარჯვებების შემდეგ, ნელ–ნელა გაქრა სირთულეები. მარიამის ოცნებებმაც ასრულება დაიწყო. პირველი მამის მიერ შვილის არჩევანთან შეგუება, მეორე კი დამოუკიდებლად ცხოვრების წამოწყება გახლდათ.



მარიამის მსგავსად, ფეხბურთის სიყვარულის გამო შეიცვალა საცხოვრებელი ირინამაც. ის მხოლოდ 15 წლის იყო, როცა გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ქუთაისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა. ოკუპირებული ტერიტორიიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის სიძნელეს არც სხვა დროს შეუჩერებია. გალსა და ქუთაისს შორის ირინამ ოთხი წელი იარა.


ირინა სოფელში ვარჯიშის დროს

"გოგო ხარ და ფეხბურთი რატომ უნდა ითამაშოო, არ ესმოდათ არც მშობლებს და არც მეზობლებს. მათი ეჭვების მიუხედავად, ჩემს მიზანზე უარი არასოდეს მითქვამს. სხვადასხვა პრობლემის გადჭრის შემდეგ, ფეხბურთელად ქუთაისის გუნდში ჩამოვყალიბდი. ეს იყო ნამდვილი თამაშის და გამარჯვებების პერიოდი", – ამბობს ირინა ხაბურძანია, რომელიც ამჟამად ლანჩხუთის გუნდში თამაშობს.

ირინასა და მარიამისგან განსხვავებით, ფეხბურთელ ქალთა გუნდში თავად არ მისულა ლანა გორგაძე. ის 12 წლის ასაკში მეზობელ ბიჭებთან ერთად ეზოში თამაშის დროს მწვრთნელმა აღმოაჩინა.

"ორი ბინის ბავშვები ვეჯიბრებოდით ერთმანეთს ლიმონათებზე. მეც მთელი გულით ვთამაშობდი. კარგად მახსოვს ის დღე. მოგებული ტკბილი ლიმონათებიც და პაატა მასწავლებელიც", – ყვება ლანა, რომელიც მწვრთნელ პაატა დოგრაშვილის მიერ შექმნილ ქალთა გუნდში უკვე 11 წელია თამაშობს.


ლანა ეროვნული ნაკრების წევრიცაა

"ერთხელ მენისკის პრობლემა მქონდა. ტრამვის დროს ვცადე სხვა რაღაც მეკეთებინა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთის გარდა არაფერი მინდოდა", – ისხენებს ლანა. გოგონა, რომელსაც მწვრთნელი საქართველოში საუკეთესო თავდამსხმელ ქალ ფეხბურთელად მიიჩნევს და რის გამოც ის საქართველოს ნაკრების წევრია.

პაატა დოგრაშვილი ქუთაისის ქალ ფეხბურთელთა გუნდის "მართვე" დამაარსებელი და მწვრთნელია. გოგონების ფეხბურთის ხელშეწყობაზე ფიქრი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამ სპორტში გოგონების ჩართვას პერსპექტიულად არავინ განიხილავდა.

ამის მიუხედავად, პაატამ 2004–2005 წელს, ფეხბურთის მოყვარულ გოგონათა შეკრება მოახერხა. ისინი ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, უბრალოდ თამაშობდნენ და ვარჯიშობდნენ.

ფეხბურთელ გოგონათა გაერთიანება გუნდად 2006 წელს ჩამოყალიბდა. საფეხბურთო მოედანი დღესაც არ აქვთ. ფეხბურთელები ყოფილი სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე ვარჯიშობენ, სადაც არც გასახდელია, არც მწვანე საფარი ვარგა და არც კარი. მაგრამ ამას "მართვეს" განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია.

"გოგონები შრომისუნარიანობით, ერთგულებით, ფეხბურთის მიმართ უზომო სიყვარულით გამოირჩევიან. სხვა შემთხვევაში ისინი სათამაშოდ არ მოვიდოდნენ. არასდროს ზარმაცობენ, რაც უკვე საქმის ნახევარია," –ამბობს პაატა დოგრაშვილი.



"მართვემ" დროთა განმავლობაში, სპორტული გაერთიანების მხარდაჭერასა და ფინანსებთან ერთად, ახალი თაობის ფეხბურთელებიც მოიპოვა. გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

"2016 – 2017 წლები მართვეს საქართველოს ჩემპიონობის ეტაპია. ამ დრომდე ჩვენი გუნდის უმაღლესი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობაა. მართალია, მსოფლიო ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ იქ რომ მოვხვდით, ეს უკვე მიღწევა იყო," – ამბობს პაატა დოგრაშვილი.

გამარჯვებებთან ერთად მწვრთნელი იმ პრობლემაზეც საუბრობს, რისი გამოსწორებაც საქართვველოში ქალთა ფეხბურთს წინ წასწევდა.

"ხშირად მოისმენთ, როგორ ეუბნება დედა პატარა გოგოს – რად გინდა ბურთი ან მანქანა, ბიჭი ხომ არ ხარ? რის შემდეგაც ეს ბავშვის მეხსიერებაში ილექება და მუდმივად ახსოვს, რომ ბურთით დაინტერესება მხოლოდ ბიჭების საქმეა," – ამბობს პაატა დოგრაშვილი.

შვილების გენდერული როლების განსაზღვრაში წვლილი პირველ რიგში მშობლებს მიუძღვით. ამის გამო, ბავშვებს უნებლიედ აშორებენ ისეთ საქმეს, რომლის ნიჭიც, შესაძლოა, დაბადებიდან დაჰყვათ.

"მაგალითად, პრობლემა ის არის, რომ მოედნებზე დიდი ხნით ვერ თამაშობენ გოგოები. არის დავალებები, რომლებიც სახლში, ეზოებში უნდა გააკეთონ, ისინი კი ეზოებში ვერ ჩადიან მეზობლების გამო, მათი წარმოდგენების გამო," – ამბობს მწვრთნელი.

იმ სტერეოტიპებზე, რომლებსაც სიამოვნებით გააქრობდნენ გოგონები ღიმილით ყვებიან. მათ უკვე არჩევანი გააკეთეს და ახლა ეს წარმოდგენები ვერაფერს აკლებთ, თუმცა არ უნდათ იგივე გაგრძელდეს.

"მე არ შემეშინდა, როცა მემუქრებოდნენ, ფეხბურთს რომ ითამაშებ ფეხები გაგიფუჭდებაო. მაგრამ სხვა ხომ დაიჯერებს?! ვისაც თავიდანვე არ აქვს უშნო ფეხები, არც ბურთის თამაშის შემდეგ ექნება. ვერც ის მიაღწევს მიზანს, ვინც სტერეოტიპების გამო უარს ეტყვის თავის ნამდვილ სურვილებს", – ამბობს ლანა გორგიძე.
ლანას მსგავსად მოტივაცია არ აკლია "მართვეს" დანარჩენ 22 ფეხბურთელს. კითხვაზე – რაშია წარმატების გასაღები, გოგონებს ერთი პასუხი აქვთ: "საიდუმლო ერთობაშია."



"მიზანი უნდა იყოს კარგი თამაში, რადგან განწყობა დაუმარცხებელს გხდის", – ამბობს მარიამი.

ამ განწყობით გოგონები 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, სადაც თავდამსხმელმა, ნახევარმცველმა, მეკარემ და ყველამ ერთად – "მართვე" კვლავ ჩემპიონი უნდა გახადონ.


გუნდი "მართვე" საქართველოს ჩემპიონი 



ავტორები: ანა ჯანაშია, ლანა კოკაია

მარიამის მსგავსად, ფეხბურთის სიყვარულის გამო შეიცვალა საცხოვრებელი ირინამაც. ის მხოლოდ 15 წლის იყო, როცა გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ქუთაისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა. ოკუპირებული ტერიტორიიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვის სიძნელეს არც სხვა დროს შეუჩერებია. გალსა და ქუთაისს შორის ირინამ ოთხი წელი იარა.

ფოტო ირინა

Print