საზოგადოება
ბავშვებისგან დაცლილი სოფელი ცხოვრებასთან ომში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ყველა სოფელს თავისი ბუნებრივი ხმა აქვს.

ზამთარში, სიჩუმეს კანტი-კუნტად თუ შეერევა ადამიანების ხმები. თითქოს ყველგან ასეა, მაგრამ არის სოფლები, სადაც ამ ჟღერადობას რაღაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო აკლია. ეს ბავშვის კრინია, რის გარეშეც სოფლის ხმა მძიმე მოსასმენი ხდება.


სოფელი ჭაშლეთში მიმავალი ღობე


სოფელ ჭაშლეთში სულ ორი ბავშვია, 16 წლის გიორგი და 15 წლის ვიტალი. სოფელს იმიტომ შემორჩნენ, რომ სწავლას თავი დაანებეს და მათთვის სკოლის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნა.

დაობლებულ გიორგის უმამოდ დარჩენილ ოჯახში სამეურნეო საქმეების საკუთარ თავზე აღება მოუწია. ამან სწავლას, თამაშსა და გართობის სივრცეს ჩამოაცილა. თუმცა, სოფელში არც სკოლაა და არც გასართობი ადგილი. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დღნორისას თემში შემავალი ჭაშლეთი ფაქტობრივად, უბავშვო სოფელია.

გიორგის სოფელში ცხოვრება ურჩევნია. თუმცა, ქალაქში წასვლა მასაც მოუწევს, საქმე რომ შეისწავლოს და სამუშაო იშოვოს. ეს თვითგადარჩენის აუცილებელი პირობაა. გარემოება რომ ხელს უწყობდეს, სოფელს არ მოსცილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თანატოლებიდან მოწყვეტის და მარტოობის ადგილია, მხოლოდ ბაბუების გარემოცვა.

ჭაშლეთში მისი და მეზობელი ვიტალის მშობლიური სახლებია, სადაც სრულიად შესაძლებელია ბედნიერი იყო, იქაური ცხოვრების პირობები ხავსს მაინც რომ გიტოვებდეს მოსაჭიდებლად.

"ბურთი არა გვაქვს,
მაგრამ რომ გვქონდეს სად ვითამაშებთ? სოფლის ცენტრში არის პატარა მოედანი, იქ ზაფხულობით ვერთობით, როდესაც ბავშვები სოფელს უბრუნდებიან. ზოგჯერ უფროსები გვეთამაშებიან მე და ვიტალის, მაგრამ იშვიათად", – ამბობს გიორგი.



ჭაშლეთში რვა წელია სკოლა აღარ არის. ბოლო მოსწავლე 2010 წელს ჰყავდათ. მასწავლებლებმა მაშინ განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართეს, სკოლა არ დაეხურათ, რადგან მომდევნო წელს სამ პირველკლასელს მიიღებდნენ. "მაგრამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს", - ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ქვარიანი.

ია, ამჟამად მეზობელი სოფლის, დერჩის საშუალო სკოლაში მუშაობს. ყოველ დღე 16 კილომეტრს გადის, ათბავშვიან სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა რომ ასწავლოს.

სკოლამ დერჩი უბავშვობას გადაარჩინა. ჭაშლეთში კი სკოლის დახურვასთან ერთად დაიწყო სოფლიდან ბავშვებისა და მათთან ერთად, ქალების გადინება. ამიტომ, იქ მცხოვრებლების უმეტესობა 50 წელს გადაცილებული მამაკაცია.





80 წლის თინა ბებო სულ მოლოდინშია. ხმებს აყურადებს, ყველა უცხო ხმა, ყველა ზედმეტი გაფაჩუნება მისთვის შვილების და შვილიშვილების სახლში მისვლის ნიშანია. ხშირად მოლოდინი უცრუვდება. მაშინ გული ეწურება და ეჩვენება, რომ ადრიანად ჩამოღამდა. მერე სულს მოიბრუნებს და ისევ ელოდება. იმედოვნებს, რომ მომდევო ხმა მისი შვილიშვილის იქნება.



თინას ბავშვების ჟრიამული მთელი ცხოვრება ესმოდა. სკოლა მისი სახლის გვერდით მდებარეობს. წლებია შენობა ბავშვების ნაცვლად წიგნებმა შეავსო. ერთი საკლასო ოთახი ბიბლიოთეკამ დაიკავა, რომელიც პრაქტიკულად ფორმალურად არსებობს. მის ძირითად მკითხველებად მაინც არდადეგებზე სახლში მიბრუნებული ახალგაზრდები რჩებიან.



წიგნებისთვის ნაკლებად სცალიათ ოჯახების გადარჩენის ბრძოლაში ჩაბმულ კაცებს.

როგორც თავად ამბობენ, ყოველდღიურ ომში არიან. მთავარი მტერი სტიქია და სოციალური გასაჭირია. ამ დილემას მარტო უმკლავდებიან. ცოლ–შვილი ბარში ჰყავთ გახიზნული. მთის კაცებმა, შესაძლოა, მათ მთავარ "მოწინააღმდეგეებს" ცალკეულ ბრძოლებში აჯობონ, მაგრამ ომს ჯერ ვერ უგებენ. ამისთვის საკმარისი არც სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული დახმარებებია.



ჭაშლეთს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს, რაც "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით, სოფლის მცხოვრებლებს შეღავათებს ანიჭებს. ითვალისწინებს დანამატს სახელმწიფო პენსიაზე, დანამატს სოციალურ პაკეტზე, სახელფასო დანამატს მასწავლებლებისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის თანადაფინანსებას, დასაქმებულთა და მეწარმე ფიზიკური პირების გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან და ა.შ.

თუმცა, სოფლის მაცხოვრებლებს ეს ყოფას ვერ უმსუბუქებს. ვერც მოსახლეობის სოფლიდან ქალაქებში გადინების ტემპს ანელებს.


სახლი ჭაშლეთში

2002 წელს საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში 120 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს - 76, დღეს მათი რიცხვი 26-ია.

"ჩვენ კი ვართ აქ, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ დაბრუნდებიან, რომ დაბრუნდნენ რა აკეთონ?!"- კითხვას სვამს ჭაშლეთის მცხოვრები ზურაბ ახვლედიანი.


"სოფელში ბოლო ოცი წელია ცხოვრება გაჭირდა"

სოფელში დასაქმების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულია. გაძლებასა და თავის გადარჩენაზე მაღალი სტანდარტი, ჭაშლეთელების თქმით, 25 წელია ვერ დამკვიდრდა.

ეს არის მუდმივი სალაპარაკო თემა სოფლის ცენტრში, ფარღალალა მოსაცდელში შეკრებილი ჭაშლეთელებისთვის. ნახევრადდანგრეული შენობა, რომლის გარემონტება და ფორმაში მოყვანა ათწლეულებია ვერ მოხერხდა, მათთვის იმ მძიმე აწმყოს სიმბოლოა, რომელიც წლებია ვერაფერმა შეცვალა.



"ჩვენი პრობლემები რჩება ყოფითი, ოჯახების გადარჩენაზე ზრუნვის გარდა, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ, ვერ აზროვნებ, თითქოს ვიღაცას აწყობს ასე იყოს, რომ ბევრი არ მოითხოვო", - ამბობს ია ქვარიანი.

ჭაშლეთელები ბევრს არ ითხოვენ, თუმცა მათთვის მცირეც და ბევრიც ერთნაირად რთული მოსაპოვებელია.
"საკუთარ მეურნეობაში თუ დასაქმდები,მაგრამ მაინც ყველაფრის ყიდვა გვიწევს, ფაროსანამ გააფუჭა მოსავალი, მერე ფაროსანას საწინააღმდეგოდ შეწამლეს მცენარეები და იმან ფუტკარი მოსპო, მოსახლეობის ნაწილი მეფუტკრეობით ირჩენდა თავს. მერე ღორის დაავადება გაჩნდა და დაგვეხოცა გამოზრდილი პირუტყვი, ყველა მხრიდან მოგვეჭრა გზა, ჰაერია მარტო კარგი, მაგრამ ჰაერი ვერ დაგაპურებს", - ამბობს ჭაშლეთის მკვიდრი ემზარ კიკოლიაშვილი.

საბჭოთა პერიოდში ჭაშლეთის მცხოვრებლები, ახლო–მახლო მთებზე განლაგებულ კარიერებზე იყვნენ დასაქმებული, სახელმწიფო საწარმოებში, სადაც გრანიტის ქვას მოიპოვებდნენ. კარიერი და დასაქმების ადგილი საბჭოეთის ნგრევას გადაჰყვა.

ნგრევა ინერციით ამ დრომდე გრძელდება და ნანგრევებში ბევრი ჭაშლეთელის ცხოვრებას იქცევს. ეს პროცესი ვერცერთმა პოსტსაბჭოთა ხელისუფლებამ შეაჩერა. ბევრი ქალაქში გაიხიზნა. ცივი და უკაცრიელი სახლები მომრავლდა დღნორისას თემში.


ჭაშლეთში სახლები დაკეტილია

მიტოვებულის შთაბეჭდილებას ტოვებს ჭაშლეთისკენ მიმავალი გზაც, - გაუმართავი და სოფლის პრობლემებივით დაუსრლებელი.
წვიმიან ამინდში სათანადო აღჭურვილობა გინდა, თუმცა, ზოგჯერ ისიც დაგაღალატებს.


"ტალახში დამრჩა "კალოში", შევატოვე და ასე წამოვედი, ფეხშიშველი. არც "კალოშმა" მიშველა არც "ვალინკმა", - ყვება ერთ-ერთი ჭაშლეთელი


უგზოობის კვალი

უგზოობის გამო, ცივილიზაციის მონაპოვარიც რთულად აღწევს სოფელში. ტვირთის გადაზიდვისთვის, არც თუ იშვიათად, მამა-პაპური ტრანსპორტი რჩება.




ჭაშლეთში მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ დადის. სხვა დროს მგზავრები არ ჰყავს. ამიტომ, სოფელში შეღწევაც ძნელია და გამოღწევაც. შესაბამისად, სიკეთეც ძნელად შედის და სიავეც.

მაგალითად, ზამთრის ვირუსებმა და სხვა გადამდებმა დაავადებებმა სოფელს გვერდი აუარა. ბარში გახიზნული ოჯახის წევრები დაავადებებს სოფელში გაექცნენ. ბარის პრობლემებმა მთა გააცოცხლა და დროებით დაუბრუნა ბავშვები.

ბავშვებს არ დასჭირდათ ექიმი, რომელიც ჭაშლეთში არ ჰყავთ. ისინი სუფთა გარემომ დაიცვა. თუმცა, იგივე გარემო და ბუნება აიძულებს ბავშვებს და მათ მშობლებს სოფელს გაეცალონ.

" ვებრძვი ცხოვრებას, რომ ნიჰილიზმი არ გამიჩნდეს. რადგან ბევრი წავიდა ქალაქში, იქიდან დიდ ქალაქში, მერე საზღვარგარეთ. შვილების და შვილიშვილების მონატრებისა და მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს მთელი ქვეყანა. არადა, ბედნიერი ვარ ამ ჩემი სოფლის მიწაზე რომ დავდივარ, არ მაქვს დიდი ქალაქების "პროსპექტებზე" სიარულის სურვილი. მაგრამ გვდევნიან, არ გვაყენებენ აქ", - ამბობს ია ქვარიანი.

უიმედო აწმყოს ფონზე, "სოფლის მიწაზე" მომავალს ვერ ხედავენ ჭაშლეთელები. მათი თქმით, წლების შემდეგ სოფელს, შესაძლებელია, მხოლოდ იშვიათი პატრიოტები, ან სოფლის ეგზოტიკას გამოდევნებულები შერჩნენ. მაგრამ ეს უკვე სოფელი აღარ იქნება.

...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გზის საფარის მოწესრიგების პირობას დებს. მთის სოფლებში გზა სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში კეთდება. მათი ინფორმაციით, იქ წყლის სისტემის მონტაჟიც მიმდინარეობს.

სახელმწიფო "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონსა და შეღავათებზე აპელირებს. აქვეყნებს სხვადასხვა კვლევას, სადაც მთის სოფლებში მოსახლეობის დაბერებაზეც არის საუბარი.

ჭაშლეთის მსგავსი სოფლები ხანდაზმულების სამყოფელია. დახმარების პროგრამებიც, ასე თუ ისე, მათზეა მორგებული.
ეს პროგრამები ნაკლებად ითვალისწინებენ ბავშვებს.


უბავშვო სახლები

უბავშვო გარემოს სიჩუმე კი აუტანელია.

რაც მეტად გრძელდება ეს სიჩუმე, მით მეტია ცხოვრებასთან ომის წაგების ალბათობა
.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.