ახალი ამბები
რა ღირს სიცოცხლე – წერილი გოგოსგან, რომელმაც ლეიკემიას აჯობა
FaceBook
დიდხანს ვერ ვეკარებოდი კონვერტით მოტანილ პასუხს. ბოლოს, გავხსენი და წაკითხული გაჭირვებით გადავეცი დედას, რომ კიბო დავამარცხე...

მე ანა ვარ, ოცდაშვიდი წლის.

ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ დღეს ექიმი მშვიდად დამისვამდა ლეიკემიის დიაგნოზს. იმ წუთს ემოცია არ მქონია. თითქოს არაფერს ვგრძნობდი. არც მკურნალობის გულისამრევად ხანგრძლივი პროცედურის გაცნობაზე გამჩენია პროტესტი.

ბოლოს, გადარჩენის ფასი გამოთვალეს – 150 ათასი დოლარი. აი, მანდ გავქვავდი. ამის მერე მივხვდი ვკვდებოდი და ეს უკვე შოკისმომგვრელი იყო. გადარჩენის იმედი კი ჩემთვის მიუწვდომელი. 

შემდეგ დღეებში როგორღაც დაწყნარება მოვახერხე. მეგონა, თუ მოვინდომებდი დაავადება გამეცლებოდა. ასე, როგორ წესი მკურნალობის დაწყებამდე ფიქრობ. ქიმიოთერაპია მტკივნეული არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად განადგურებს.

კონტროლს ვერ ვახერხებდი და უამრავი ადამიანის მხარდაჭერის მიუხედავად, მარტო მეგონა თავი. ბევრჯერ ვიფიქრე, ეს ბოლო მცდელობაა მეთქი, მაგრამ მათ დანებების უფლება არ მომცეს.

ახლა სრულებით არ მეშინია ვახსენო სისხლის კიბო, რადგან მან უფრო მეტი მომიტანა, ვიდრე წამართვა. ბევრიც დავინახე: რომ ბედნიერება სულ არ არის ათი წყვილი ფეხსაცმელი და რომ ორიც საკმარისია.  რწმენა რომ გამარჯვების ნაწილია. სიყვარული რომ სასწაულებს ახდენს. თავიდან აღმოვაჩინე ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ოჯახის წევრი. წარმოდგენაც შეუძლებელია რამდენი უცნობი ადამიანი მწერდა. ზოგი გამოცდილებას მიზიარებდა, ზოგი უბრალოდ მლოცავდა. ეს სიტყვები იყო ხსნა, ენერგია, ძალა. მადლობა უფალს, ამდენი კეთილი ადამიანისთვის. 

სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი, ჩემი დაბადების ადგილის გამო არ მომეცა. აღმოჩნდა, რომ ამისთვის თბილისელი უნდა ვყოფილიყავი. მე კი ამაზე უბრალოდ ვიღიმოდი. არადა, საოცრად გამიმართლა, რადგან სწორედ ქუთაისში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებმაც დანებების უფლება არ მომცეს.

სხვების არ იყოს, ანგარიში მეც ვისწავლე. გადარჩენის საფასური 150 ათასი დოლარიდან 20 ათასი ქუთაისის ფონდმა, ამდენივე  მეგობრებმა და მოქალაქეებმა, 60 ათასი საკუთარმა ოჯახმა, სახელმწიფომ კი 10 ათასი ჩარიცხა ქველმოქმედებისათვის.

გამოვთვალე ლეიკემიასთან ბრძოლის 385–ე დღეც, როგორც ჩემი მეორედ დაბადება.

მათ კი ვინც დიაგნოზი ახლა მოისმინეს, თვალები დაიწითლეს, ხელები ჩაიქნიეს, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ კიბო არ არის დასასრული. ნურც ციფრები შეგაშინებთ. რადგან ყველაზე მაღალი საფასური სიყვარულია და ყოველთის არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ დაგვანებებენ და რომელთა  გამო არც ჩვენ დავნებდებით. ამ დროს ციფრები უძლურია და ხსნა ყველა მხრიდან მოდის. 

პ.ს. ანა კერესელიძეს მწვავე მელიოდური ლეიკემია ერთი წლის წინ დაუდგინეს. გადარჩენისთვის ანას ძვირადღირებული ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა.
Print