საზოგადოება
სამი თაობის ახალი წელი (ვიდეო/ფოტო)
FaceBook
ყველა ახალ წელს ახლავს ერთფეროვნება.

ყველაფერი იგივეა რაც ერთი, ათი და შეიძლება ასი წლის წინ იყო.

ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია წლიდან წლამდე მეორდება.

თუმცა, ეს ის ერთფეროვნებაა, რომელიც არავის ბეზრდება.

პირიქით, იგი სწორედ თავისი ერთნაირობით, ერთი და იგივეობით არის ძვირფასი.
იმდენად ძვირფასი, რომ საქართველოში ერთი არ ყოფნით,ერთ თარიღში ვერ ეტევიან და ალბათ, ამიტომაც ორჯერ აღინიშნება ახალი წელი.

ორი ახალი წელი მაინცადამაინც არავის ებევრება. არც ერთ თაობას საქართველოში.

ქუთაისში მცხოვრები მიქაძეებისა და გეგენავები ოჯახები ორივე ახალ წელს ერთნაირი ენთუზიაზმით აღნიშნავენ.


მიქაძეების ოჯახი


საახალწლოდ, ნინო მიქაძის მთავარი საქმე სუფრის გაშლაა

მათთვის ახალი წელი რჩება ყველაზე გამორჩეულ დღესასწაულად. ამაში დიდი ოჯახების სამივე თაობა თანხმდება.

ახალი წლის აღნიშვნაში ყველა ჩართულია. ოჯახის ყველა წევრს თავისი როლი, რიტუალი და ადგილი აქვს. 


გიგა მიქაძე და დედა

საახალწლო სიმღერის ერთობლივი შესრულება მიქაძეების ოჯახში მთავარი საახალწლო  ტრადიციაა. ეს ის რიტუალია, რასაც ყველა ერთად აკეთებს.



მიქაძეების ოჯახში ნაძვის ხის მორთვას უფროსი თაობის წარმომადგენელი კისრულობს.


ნუკრი მიქაძე

"ყოველ წელიწადს მე ვაწყობ ნაძვის ხეს, ვიყენებ იმ ფერებს, რაც იმ წელს მოდაში იქნება. ნაძვის ხეც ამ სიახლეს უნდა პასუხობდეს~, –ამბობს 70 წლის ნუკრი მიქაძე.

კონკრეტულ ფერებში ნაძვის ხის მორთვა ახალი დროის ტრენდია.

ნუკრის ბავშვობაში ნაძვის ხის განსაკუთრებულობა სხვა პარამეტრებით იზომებოდა.

"მამას დიდი ნაძვის ხე მოჰქონდა, რომელიც ჭერამდე წვდებოდა, თანაც ნამდვილი ნაძვი იყო. ხელოვნურები უფრო გვიან დამკვიდრდა", – ჰყვება ნუკრი მიქაძე.

ნაძვის ხის გაწყობის მისიას საკუთარ თავზე გეგენავების ოჯახშიც ყველაზე უფროსი წარმომადგენელი იღებს.

ნაძვის მორთვა და დიზაინი დედის განკარგულებაშია, ჩვენ შეიძლება შევმატოთ რაიმე საახალწლო სათამაშო ,თავად ვამზადებ ნაძვის ხის მორთულობებს, ეს დიდ სიამოვენაბს მანიჭებს", – ამბობს ელისო გეგენავა, რომელიც პროფესიით დიზაინერია.



ორივე ოჯახში ქალებს საახალწლოდ ყველაზე მეტი საქმე აქვთ მათ უნდა მოახერხონ საქმისა და ზეიმის ერთნაირი წარმატებით გაძღოლა, შესაბამისად სწორედ ისინი ხდებიან დანარჩენი ოჯახის წევრებისთვის ახალი წლის შემქმნელები.

ზეიმის, რომელმაც  თავისი აღნიშვნის მასშტაბით და პომპეზურობით ჩამოიტოვა პრაქტიკულად ყველა რელიგიური დღესასწაული. უფრო მეტიც, თავად შეიძინა საკრალურობა. ათასი შესაძლებლობა მიეწერა - თითქოს ამ დღესა და პერიოდზე იყოს დამოკიდებული ადამიანების მომავალი.

მაგალითად, ერთ–ერთი საახალწლო 'მცნების" თაანხმად ახალ წელს აუცილებლად სახლში უნდ შეხვდე. ამის ჯეროდათ მიქაძეებს.

"რადგან ჩვენს ოჯახში ყველა ხელოვანია ხშირად გვიწევს საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობა. მახსოვს ერთხელაც თორმეტი სრულდებოდა, როდესაც გავთავისუფლდით და მაშინვე სახლისკენ წამოვედით. ორი წუთი უკლდა სახლში რომ მივედით, სულს ვერ ვიბრუნებდით ისე შევავსეთ სასმისები. მაშინ ვთვლიდით, რომ ასე "გადავარჩინეთ" ახალი წელი" , – იგონებს ნუკრის ქალიშვილი ნინო მიქაძე.

გეგენავების ოჯახის შვილების თაობა ახალ წელს არასდროს ხვდება სახლში. ელისო გეგენავამ საქველმოქმედო ტრადიცია დაამკვიდრა – ახალი წელი იმ ბავშვებს მიულოცოს და საჩუქრები გადაასცეს რომლებიც ობლები არიან და მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის.

"ბავშვების სიხარული და გაოცება მერე მთელი წელი მყოფნის რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო",– ამბობს ელისო.

ახალი წელი ხიდებს დებს როგორც თაობებს შორის, ასევე საკუთარ ბავშვობასთან. ახალი წლის მთავარი არქიტექტორები ხომ ბავშვები არიან.

გეგასთვის, ელისოს პატარა შვილისთვის, ახალი წელი ყველაზე დიდი დღეა. თავისი სიხარულით და მოლოდინით – საკუთარ წერილზე თოვლის ბაბუას სწორი და ზუსტი რეაგირებით. თოვლის ბაბუას გეგა აქამდე არასდროს მოუტყუებია.






მაგრამ მოატყუეს ელისო. ბავშვობაში ერთი ნასვამი კაცი შეგვპირდა მე და ჩემს ძმა აჩიკოს, რომ ჩვენთან აუცილებლად მოვიდოდა თოვლის ბაბუა, მაგრამ არ მოვიდა, ეს ისე მწარედ დამამახსოვრდა რომ გადავწყვიტე თავად გავხდე თოვლის ბაბუა",  – ამბობს ელისო.

თოვლის ბაბუა ელისო გეგენავას განსახიერებით, არასდროს უცრუებს მოლოდინს კონკრეტულ ოჯახებს და ობოლ ბავშვებს. უკვე შვიდი წელია მათ ოცნებებს ახდენს.

თავად ელისოს არც ისე კარგად ახსოვს ახალი წელი ბაღსა და სკოლაში. ეს ინსტიტუციები ზეიმის თავის ხელოვნურ მოდელს თავაზობდნენ – გახამებულ კაბებს, დიდ ბაფთებს და ლექსის ხმისჩახლეჩამდე თქმის ვალდებულებას,კაპასი პედაგოგების აკომპანიმენტით, რაც ყველაფერს აფუჭებდა და ახალი წლის ცივ შეგრძნებებს უტოვებდა.

თუმცა ახალმა დრომ სხვა კორექტივები შეიტანა ახალი წლის ტრადიციებში.სადღეისოდ შვილიშვილების თაობა ახალი წლის შეხვედრის მრავალნაირ მოდელს ირგებს. მათ შეუძლიათ ახალ წელს არა მხოლოდ რეალურში, არამედ ვირტუალურ სივრცეში შეხვდნენ. ფეისბუკ ან იუთუბ ახალი წელი გაითენონ. მიქაძებთანაც და გგეენავეთტანაც ასე ხდება. მაგრამ რა ფორმაც არ უნდა მისცე ახალი წელი რჩება განწყობებისა და ემოციების დღესასწაულად.

დიდი იმედების ხანად ყველა თაობაში. იმედი, რომელიც ყველაზე სიცოცხლისუნარიანია და ბოლოს კვდება.

ავტორები : ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია
Print