საზოგადოება
სამნი ნავში დინების საწინააღმდეგოდ
FaceBook
ისინი სამნი არიან, - უმცირესობა - უმცირესობაში. სამმა გადაწყვიტა რაიმე შეეცვალა ცხოვრებაში და გამოუვიდა.

სამივე პირველია ბოშათა თემში. პირველი, ვინც ჩაკეტილი სივრცე გაარღვია. ერთს შეაწყვეტინეს, ერთმა თავად შეწყვიტა, მესამე კი იბრძვის. ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სახელი ბოშათა თემს კი არა, ქუთაისს და საქართველოს გასცდეს.

დიანა - გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს


დიანა 16 წლისაა.

ბოშაა და ქუთაისში ცხოვრობს.


დიანა იბრაგიმოვის საოჯახო საქმეებით არის დაკავებული

სკოლაში არასდროს უვლია.

დიანა ოცნებობს.

ოცნებობს, ერთხელ მაინც დაესწროს კონცერტს და მოუსმინოს, რომელიმე ცნობილი მომღერლის ცოცხალ შესრულებას.

ერთხელ მაინც დაესწროს დრამატული თეატრის სპექტაკლს. თოჯინების თეატრის გარდა, აქამდე თეატრში არ ყოფილა.


დიანა იბრაგიმოვი

დიანას არ მოსწონს სკოლაში სწავლა, მაგრამ მოსწონს სწავლება. მას მასწავლებლობა უნდა.

"წერა-კითხვა ვიცი, ჩემით ვისწავლე, რუსულად ლაპარაკიც ვიცი. შემიძლია ბავშვებს ვასწავლო ის, რაც ვიცი, ამიტომ მასწავლებლობა მინდა", - ამბობს დიანა.

დიანას კიდევ უფრო ღრმა ოცნება მომღერლობაა, მაგრამ მუსიკალურ სტუდიაში სიარული არ შეუძლია. ამის არც ნებართვაა და არც შესაძლებლობა, ამიტომ საყვარელ მომღერლებს სახლში, ინტერნეტით უსმენს და მუსიკალურ ფრაზებს იმეორებს.



დიანამ ყველა სურვილის ასრულება დაოჯახებამდე უნდა მოასწროს. გათხოვების შემდეგ ვეღარც უმაღლესში ისწავლის, ვერც თმას შეიღებავს და ვერც შარვალს ჩაიცვამს. "დედამთილთან და მამამთილთან შარვლით როგორ გავივლი?! "- უკვირს გოგონას.

დაოჯახება ყველა ოცნების დასასრულია. ქალი, მისი ფიქრებით და სურვილებით, ოჯახის საკუთრება ხდება. ტრადიციულ ბოშა ოჯახში გაზრდილისთვის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, თუკი ქართველი ქმარი ეყოლება. მაშინ შესაძლებელია აკრძალვების ანულირება და საკუთარი თავის რეალიზებაზე ფიქრი.
მაგრამ ვისაც ბოშა მეუღლე ჰყავს, ოცნებები გულში უნდა ჩაიკლას და საკუთარი მისწრაფებები შვილებში დააბანდოს.

"მე უსწავლელი ვარ, წერა-კითხვაც არ ვიცი, მაგრამ არ მინდა ჩემი შვილებიც, ასე იყვნენ", - ამბობს დიანას ნათესავი, ოთხი შვილის დედა, ანჟელიკა იბრაგიმოვი. მისი უფროსი შვილი წელს შევიდა სკოლაში. ანჟელიკა თვალყურს ადევნებს, რომ კარგად ისწავლოს. "ჩემთვის რაიმეს სწვლა გვიანაა",- ამბობს ანჟელიკა, რომელიც სულ რაღაც 23 წლისაა.

ვიდეოჩაწერაზე და ფოტოს გადაღებაზე კატეგორიულ უარს ამბობს. გათხოვილი ქალისთვის ესეც არ შეიძლება. იგი დიანას ღიმილით უსმენს და რჩევებს აძლევს ნაწნავის მარჯვედ გასაკეთებლად.

"ჩემგან ისწავლეს ბევრი "სტრიჟკა", მეც შემეძლო სტილისტობა",
- ამბობს ანჟელიკა და თვალს ადენებს ნათესავი გოგონების საქმიანობას.

დიანა იბრაგიმოვი პირველია მის სანათესაოში და ქუთაისელ ბოშათა თემში, რომელმაც საქმე პროფესიულ დონეზე შეისწავლა. დიანა სტილისტია. პროფესია ორგანიზაცია world vision-ის დახმარებით მოირგო. გოგონას შესაძლებლობა მიეცა დიდ სამყაროში დამკვიდრებულიყო, იმაზე მეტი აეღო ცხოვრებიდან, ვიდრე ტრადიციულად ბოშა ქალებს ერგებათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, მალე უკან გაიხმეს - ბებია ავად გახდა და სწორედ დიანას უნდა მოევლო. სტილისტის თანაშემწეობას თავი დაანება და მისი თემის ყველა ქალის ყოველდღიურობას მიუბრუნდა.  დიანა იმედს არ კარგავს რომ წყვეტა დროებითია, ფარ-ხმალს არ ყრიან ორგანიზაცია world vision-ში და დიანას ოჯახთან მუშაობას აგრძელებენ.



ბოშა გოგონები ოჯახში რჩებიან და ოჯახის შესაქმნელად ემზადებიან. დიანაც ამჟამად ამ როლშია. ბებიას უვლის და სახლს იშვითად ტოვებს. წასასვლელიც არსადაა, უფლებასაც არ მისცემენ დამოუკიდებლად იმოგზაუროს და იმაზე მეტი ნახოს, ვიდრე ბოშა გოგონასთვის დაშვებულია. არადა, ინტერესი მრავალი და მრავალფეროვანია.

ერფეროვნებას აჩენს წესი, მაგრამ წესივე აჩენს გამონაკლისებს.

ასეთი იშვიათი მაგალითია ნინო ჩერნესკაია.

ნინო - გოგონა თავისუფლებითა და თვითცენზურით


17 წლის ნინო ჩერნესკაია პირველია თავის თემში, ვინც ბალახის ჰოკეით დაინტერესდა. ნინო ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდის და საქართველოს ნაკრების წევრია. ბალახის ჰოკეის ბავშვობიდან თამაშობს. უფრო ზუსტად თამაშობდა. ერთი წელია სწავლას თავი დაანება, დაოჯახდა და შვილს ელოდება.

ნინოს წინაპრები მოლდავეთიდან ჩამოვიდნენ და ქართულ სივრცეში ინტეგრირება მალევე შეძლეს. ტრადიციული მხოლოდ რამოდენიმე კერძი შემორჩათ, ცხოვრების წესი ადგილობრივს შეერწყა. ამიტომ ნინოს ცხოვრებაში მამა-პაპის ადათი ნაკლებად ჩაერია.

ნინომ ყოველთვის იცის რას აკეთებს. ყველა გადაწყვეტილება გააზრებული და წინასწარ განსაზღვრული აქვს. მას არც ენობრივი ბარიერი, არც ოჯახიდან აკრძალვა და თემის ტრადიცია შეაფერხებს, თუკი რაიმეს სწავლას გადაწყვეტს. იგი თავისუფალია და მისი არჩევანი შეგნებული.


ნინო მალე ბავშვს ელოდება 

დაოჯახება ემოციის დონეზე არ გადაუწყვეტია. მანამდე სწავლასაც გააზრებულად დაანება თავი. ნინო გარემომ ვერ დააჯერა, რომ განათლების მიღებას და თორმეტწლიან სწავლას აზრი აქვს. რომ წლობით შრომა და წვალება შედეგს მისცემს.

"რა აზრი აქვს ისწავლო 12 წელი, აიღო ატესტატი და მერე დაჯდე სახლში?! ასეთს კი ბევრს ვიცნობ", - ამბობს ნინო.
ნინო ნაკლებს ოცნებობს, უფრო ფიქრობს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს. საეჭვოსა და დროში გაწელილ, ბუნდოვან მომავალზე უარს ამბობს. ამ ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს ვერ აძლევს.

ნინოს შეუძლია იყოს საქართველოს ნაკრების წევრი, ქუთაისის ბალახის ჰოკეისტთა ყველაზე წარმატებული გუნდის მოთამაშე, კარგად ისწავლოს სკოლაში და მიიღოს საშუალო განათლება. შეუძლია იყოს მსახიობიც, ამის გამოცდილება აქვს, სპექტაკლშიც მონაწილეობდა და მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ ის უარს ამბობს სრული განათლების მიღებაზე, სახელზე, წარმატებაზე, თუკი ამით ოჯახს ვერ ეხმარება, თუკი ეს თავის რჩენასა და გადარჩენაში ხელს არ შეუწყობს.

"ქუთაისში რომ იყოს სამსახიობო კურსები, ფულსაც გადავიხდიდი და ვივლიდი, შევისწავლიდი ამ პროფესიას, მაგრამ ეს არ მაძლევს იმის გარანტიას, რომ დასრულების შემდეგ დავსაქმდები და ელემენტარული შემოსავალი მექნება. არ შემიძლია ოჯახს დავაწვე და წლობით ველოდო რაღაცას", - ამბობს ნინო.

ცხრა კლასის დასრულების შემდეგ სწავლას თავი იმიტომ დაანება, ოჯახს და და-ძმას რომ დახმარებოდა. მას უნდა, უმცროსმა და-ძმამ ისწავლოს და უმაღლესშიც ჩააბაროს. გოგონას მთავარი საქმიანობა ზრუნვაა, იქნება ეს ოჯახის წევრები, მეუღლე თუ მომავალი შვილი. ამიტომ იგი მხოლოდ საკუთარ ვალდებულებებზე ლაპარაკობს.



ნინო სტილისტობის შესწავლას გეგმავს. ამის ნიჭსაც ამჟღავნებს და მონდომებაც არ აკლია. სიახლეების გაგებაში ინტერნეტი დაეხმარა. ამ პროფესიით მალე დასაქმდება და არც შემოსავალი დააყოვნებს.
"რა თანხაც სწავლაში გეხარჯება, რასაც ოჯახი შენთვის იღებს, სწავლის დასრულების შემდეგ რაღაცით ხომ უნდა აანაზღაურო, ის რაც ოჯახს მოაკელი?! შენმა პროფესიამ ეს უნდა შეგაძლებინოს", - მიაჩნია ნინოს.

ბევრი რამ შეაძლებინა სპორტმა. ბევრ ქვეყანაში ამოგზაურა და საინტერესო რამ აჩვენა. ნინოსთვის სპორტი ღია კარია, რომელიც მსოფლიოსთან აახლოებს, საკუთარ ძალებში არწმუნებს, ათას საინტერესო ადამიანს აცნობს, თუმცა გოგონა ნაკლებად ეძებს იდეალურებს და მისაბაძებს. ნინომ თავისი ცხოვრება უნდა შექმნას, შექმნას საკუთარი თავი, გახდეს საინტერესო.

ნინომ გარკვეული სიმაღლე უკვე დაიპყრო და მცირეხნიანი პაუზა აიღო. სპორტზე ბოლომდე უარს არ ამბობს და გუნდში მიბრუნებას არ გამორიცხავს.
სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას ცდილობს ბოშა გოგონა ლილი ჯუმალი.

ლილი - ძლიერი ხელით ტრადიციების პირისპირ

17 წლის ლილი პირველი გოგონაა სკოლაში,

პირველი გოგონა ქალაქში,

პირველი ისტორიაში,

პირველი ქუთაისში, - ვინც კრივში ვარჯიში დაიწყო და გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონიც გახდა.



სპორტმა ლილის, თითქოს სივრცე გაუხსნა სხვა სამყაროში. უფლება მისცა არავის მსგავსი ყოფილიყო, გასულიყო ბოშათა თემის ჩარჩოებიდან. იმაზე შორს წასულიყო, ვიდრე ტრადიციით ნაკლებად შებოჭილი, მისი ქართველი მეგობრები.

ლილი ჯუმალი 6 წლის იყო ქუთაისის 29-ე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში რომ მოხვდა, სადაც მოკრივეები ვარჯიშობდნენ. პირველივე მისვლაზე მიხვდა, რომ კრივი მისი საქმე იყო. დარბაზში სისტემატურად დაიწყო სიარული, სანამ არ შეამჩნიეს და ვარჯიში შესთავაზეს.

კრივის სკოლაში არც ერთი გოგო არ ჰყავდათ. მწვრთნელებსაც ლილი თავდაპირველად ბიჭი ეგონათ და ამიტომაც დაპატიჟეს გაკვეთილებზე. ბიჭი ეგონათ მოწინაღმდეგეებსაც. როდესაც ლილი აჯობებდა, მხოლოდ შემდეგ უმხელდნენ, რომ გოგონასთან დამარცხდნენ. ლილის ეს იმისთვის სჭირდებოდა - გოგონაა და დავუთმეო, არავის ეთქვა.
ლილიმ ტრადიცია, სტერეოტიპები და შიშები თავიდანვე უგულებელყო. საუკუნეებით ნაშენი ადათების კედლის გასარღვევად ძლიერი იარაღი გამოიყენა, ძალისმიერი სპორტი - კრივი. ამით პატრიარქალურ კანონებს და აკრძალვებს მათივე წიაღში ნასაზრდოები მტკიცე ხელი დაახვედრა.
მორჩილებაში გაზრდილი გოგონასგან ამას არავინ ელოდა. წინააღმდეგობაც ვერავინ გაუწია.


ლილი ჯუმალი ძალიან ბევრს ვარჯიშობს

ოჯახის წევრებმა მხარი აუბეს. მართალია, ლილის დიდ გატაცებას დედა თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ გოგონა არ ხუმრობდა. კრივი მისთვის "ეგზოტიკა" არ იყო. მამამ მაშინვე მოიწონა ლილის მოკრივეობა, გოგონას სიჯიუტე და ინტერესი რომ დაინახა.

"კრივი ჩემი ცხოვრებაა", - ამბობს ლილი და მის ყოველდღიურობას კრივის გარშემო აწყობს.
ლილის დილა შვიდის ნახევარზე იწყება. სკოლაში წასვლამდე 8 კილომეტრის გარბენას და უკან დაბრუნებას ასწრებს. პერიოდულად ზრდის ვარჯიშის დროსა და მანძილს. ეს მისი მთავარი საქმეა.

ლილი მის მომავალსაც სპორტდარბაზის ფანჯრებიდან უყურებს. მის ღირებულებებს, ინტერესებს, ხედვებს კრივი განსაზღვრავს.

საყვარელი საგანიც, ფიზიკა, კრივს უკავშირდება. ლილი ინტუიციით ხვდება, რომ ძალის, მოცულობის, სიჩქარის საკითხი კრივის სფეროა. ლილის საქმეა, ბრძოლის დროს ეს ფიზიკური მოცემულობები კარგად გაანაწილოს და სწორად მიმართოს.

სკოლაში უკვე ყველა იცნობს და გულშემატკივრობს. ის სახელოვანი ლილი ჯუმალია. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

ლილის პარტნიორები ბიჭები არიან. გოგონებთან ბრძოლა მხოლოდ რესპუბლიკურ ან საერთაშორისო ასპარეზობებზე უწევს. სპორტდარბაზში კი ბიჭ მოწინააღმდეგეებს უნდა აჯობოს, შეღავათების გარეშე, თანასწორ ბრძოლაში. ლილის ყველაზე ბრუტალურ სპორტში სურს იყოს პირველი.

როგორც ბევრი სპორტსმენი, სიტყვაძუნწია, ლაპარაკის სურვილს მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს, როდესაც გეგმებზე ვეკითხებით. მან ზუსტად იცის უახლოეს მომავალში რას გააკეთებს და რის მიღწევას შეეცდება. მომავალ წელს საერთაშორისო ტურნირებზე გადის. მთავარი მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაა.




საქართველოში კრივში სულ ოთხი გოგონა ვარჯიშობს და ერთი, ბოშა ლილია ქუთაისიდან.

პირველი, რომელმაც გაბედა "არაგოგოური" საქმიანობით დაინტერესება.

პირველი, რომელმაც რადიკალურად უგულებელყო ბოშათა ტრადიციით განსაზღვრული ქალის როლი.

ქუთაისის კრივის სკოლაში, რომელიც 1925 წლიდან არსებობს, გოგონათა კრივი ლილი ჯუმალის სახელით იწყება.

ლილიმ შეუძლებელი შეძლო.

ამის დიდი შანსი აქვს ნინოსაც.

ამისგან თავს იკავებს დიანა.

თუმცა ბრძოლას სამივე აგრძელებს.

გოგონები არა მხოლოდ საკუთარ თემში, შეიძლება საქართველოს ისტორიაშიც ახალ ფურცელს წერენ. ისინი პირველები არიან, ვინც გაბედა და თავისუფლების ჰაერი ნაწილობრივ ან სრულად ჩაისუნთქა.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.