საზოგადოება
სიკეთე, რომელიც გადამდებია და კურნავს
FaceBook
სამშვიდობო ჟურნალისტიკა- მიმართულება, რომელსაც თავის დროზე საფუძველი ჯეიკ ლინჩმმა და ანაბელ მაკგოლდრიკმა ჩაუყარეს, დღეს საქართველოში საკმაოდ პოპულარულია.
მე ერთ-ერთი ვარ, რომელსაც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრმა (ICCN) , საშუალება მისცა გლობალური პარტნიორობა შეირაღებული კონფლიქტების პრევენციისათვის - Global Partnership for Prevention of Armed Conflicts (www.gppac.net) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში არა მარტო თეორიული ცოდნა მიეღო, არამედ საკუთარი თვალით ენახა სამშვიდობო ჟურნალისტის საქმიანობის დადებითი კვალი კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

GPPAC და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიდგომამ და ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების პრევენციის კუთხით გაწეულლმა საქმიანობამ ნათლად აჩვენა, რომ შესაძლებელია დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან დაჯდომა და საბოლოოდ საერთო ენის გამონახვაც. ბუნებრივია, ამ საქმეში უდიდესი მისია ეკისრება ჟურნალისტს, რომლის როლი და მიზანი არა კონფლიქტის წარმოქმნა , არამედ მისი პრევენცია უნდა იყოს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მედიაში სიძულვლის ენა გაცილებით პოპულარულია, რაც კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის კიდევ უფრო გაუცხოებას იწვევს. არადა უამრავი ფაქტია ისეთი, რომელთა გაშუქებაც დაპირისპირების აღმოფხვრას ნამდვილად წაადგება. ამის ერთ-ერთ მაგალითად გამოდგება იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს ხელოვნურად წარმოქმნილი საზღვრების ორ მხარეს მდგომ რიგით ადამიანებს შორის არაფორმალური დიალოგის დაწყებას და არსებული დაპირისპირების დასრულების საქმეში ცალსახად დადებით როლს შეასრულებს. იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ ეკუთვნის, ქუთაისში აფახაზური კულტურის ცენტრის მშენებლობას შეეხება. შენობის პროექტი უკვე მზადაა და მისი რეალიზებისთვის ფინანსების მოძიებაცაა დაწყებული.

კულტურის ცენტრის მიმართულება აფხაზური ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის, ფოლკლორის თუ ხელოვნების სხვა დარგების პოპულარიზაცია , ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრების და მეგობრობის დამადასტურებელი ისტორიული ფაქტების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იქნება  მართალია, ქუთაისს აფხაზეთიდან სულ რაღაც 120 კილომეტრი აშორებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ენგურის მარჯვენა სანაპიროზე არსებული წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებს , არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია გააჩნიათ. კულტურის ცენტრი, სადაც თავად აფხაზები დასაქმდებიან, იქნება ადგილი ქართველებისა და აფხაზების დაახლოებისა და არსებული კონფლიქტის მშვიდობიან ფორმატში გადატანისა. „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ წარმომადგენლები თვლიან, რომ სწორედ ხელოვნებისა და ტრადიციების გაცნობა, ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები კარგად დაანახებს ორივე მხარეს რამდენი საერთო გააჩნიათ და რამდენად მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება.

სტატიის მომზადების მიზნით ორგანიზაციაში სტუმრობის დროს, უნებურად გავხდი თვითმხილვევლი პროცესისა, თუ როგორ იგეგმება აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანების თანდასწრებით კლინიკებში გადანაწილება და ექიმებთან ვიზიტის დანიშვნის პროცესი. საქმიანი და თბილი გარემო, რომელიც ოთახში იგრძნობოდა, აშკარად თვალშისაცემი იყო. ვინმე გარეშე ვერც კი წარმოიდგენდა , რომ ადამაინები, რომლებიც იქ შეკრებილან, შეიძლება როდესმე ერთმანეთის მტრები ყოფილიყვნენ. დაპირისპირების კვალი სადღაც გამქრალიყო და მისი ოდნავი არსებობაც კი არ შეიმჩნეოდა. ამ გარემოს შექმნაზე ზრუნავენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალუ გამახარია, ორგანიზაციის კოორდინატორი მერი გვაძაბია და სხვები, რომლებიც თავად აფხაზეთიდან დევნილები არიან.

სატელეფონო საუბრებისა და ექიმებთან ვიზიტების დროის ჩანიშვნის შემდეგ, ალუ გამახარიამ ჩემთან საუბრისთვისაც მოიცალა. სოხუმელი ნადიასა მისი რძლის , 25 წლის ანას (სახელები შეცვლილია) საკითხის მოგვარებით იგი აშკარად კმაყოფილი ჩანდა. მსგავსი განცდა ალუ გამახარიას, მერი გვაძაბიას და ორგანიზაციაში მომუშავე სხვა ადამიანებს ხშირად ჰქონიათ, რადგან სწორედ ისინი არიან, ვისაც უკვე წლებია აფხაზეთიდან ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ.

„რეფელარული მომსახურეობის სახელმწიფო პროგრამა“ , რის საფუძველზეც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობის უფლება მიეცათ, საქართველოს ხელისუფლებამ 2010 წელს დაამტკიცა. 2012- 2017 წლებში იმ პაციენტთა რაოდენობამ, რომლებსაც პროგრამაში ჩართვაში „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ და მისი პარტნიორები დაეხმარნენ, 1830 ადამიანი შეადგინა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სხვა რეგიონებშიც საქმიანობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა „დაეხმარე საკუთარ თავს“ , „სინერგია“, ასოციაცია „ქართლოსი“ და ა.შ., რომელთა მთავარ მისიას პირობითი საზღვრის ორ მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს და ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებენ.

„მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ხელმძღვანელმა საუბრის დასაწყისსში აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის იმ კვლევის შედეგები გამაცნო, რომელიც მათ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის , COBERM 3-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარეს. კვლევის მიზანს ჰუმანიტარული სამედიცინო პროექტების ხელშეწყობით ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანფორმაციის პოტენციალის უკეთ შესწავლა და ამასთანავე , სამომავლოდ ამ პოტენციალის ეფექტიანობის ასამაღლებლად ინოვაციური მეთოდების ძიება და დანერგვა წარმოადგენდა. კვლევის ავტორებმა ქართველებისადმი კეთილგანწყობილი იმ აფხაზთა და ოსთა რაოდენობაც დაითვალეს, რომელთა მიმართ გამოხატული სიკეთე კეთილგანწყობაში გარდაისახა.

როგორც ირკვევა 2012-17 წლებში ასეთი ადამიანების რიცხვმა 7 520 შეადგინა.

„მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერი ადამაინების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რაც ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების დანგრევას, რომლებიც შეხების წერტილის არქონის გამო ორივე მხარეს წლებია დაუგროვდა.
ორგანიზაციის დაკვირვებამ ცხადყო , რომ სამედიცინო პროგრამით მოსარგებლე აფხაზი და ოსი პაციენტების საკუთარ თემში დაბრუნების შემდეგ ბუნებრივად ხდება მათი ემოციური კმაყოფილებისა და კეთილგანწყობის დადებითი კუთხით ცვლილება და განვრცობა , რაც რადიკალურად უარყოფითი იყო ომის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ფონის გამო.

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებული მონაცემებით კი , მხოლოდ 2014-17 წლებში , აფხაზი და ოსი პაციენტების სახელმწიფო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ 16 935 074.81 ლარი დაიხარჯა, ხოლო საედიცინო მომსახურეობა 6 188-მა პაციენტმმა მიიღო . მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში აფხაზი და ოსო პაციენტების რიცხვმა , რომლებიც თბილისისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ, ექვსჯერ მოიმატა.

სამედიციონო დახმარების პროექტში ჩართული ყველა მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონფლიქტით გაუცხოებულ ჯგუფებს შორის დარღვეული კომუნიკაციის აღდგენას, დაახლოებას და ნდობის ზრდას. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა პროექტის წამმართველი გუნდისა და სამედიცინო პერსონალის მხრიდან ბენეფიციარების მიმართ პატივისცემაზე დამყარებულმა დამოკიდებულებამ და სხვადასხვა სახის აქტოვობებმა, რაც უდაოდ უწყობს ხელს არა მარტო პაციენტის გამოჯანმრთელებას, არამედ მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების გაღრმავებასაც.

მარტო ქუთისში რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როცა აფხაზმა პაციენტებმა ქართველ ექიმებს შვილების მონათვლაც კი სთხოვეს, რაც მათი მხრიდან მადლიერების გამოხატულების უდიდეს ფორმად აღიქმება. ხშირია შემთხვევები, როცა მეგობრული კონტაქტები ყოფილ პაციენტებსა და ქართველ ექიმებს შორის მკურნალობის დასრულების შემდეგაც გრძელდება.

პირისპირ შეხვედრები, მსჯელობა, გადაწყვეტის გზების ძიება - ყველაფერი ეს ნდობის აღდგენისთვის აუცილებლად გასავლელი ეტაპებია . მე როგორც ჟურნალისტს სწორედ GPPAC -ის მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა დამანახა რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს კოლეგებთან არა ვირტუალური , არამედ პირდაპირი კომუნიკაცია , რაც ორივე მხარეს განწყობის შეცვლაში დაგვეხმარა და დიალოგის აუცილებლობა დგვანახა. მსოფლიოში კონფლიქტების დარეგულირების პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მიდგომები მუშაობს და მათი განვრცობა აუცილებელია.
„მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“ - განაცხადა ჩემთან საუბრისას ალუ გამახარიამ და კმაყოფილება ვერ დამალა, როცა აფხაზ ახალგაზრდებზე საუბრობდა. აღნიშნა, რომ მოლოდინი იმისა, რომ ახლაგაზრდებში აგრესია განსაკუთრებულად მოზღვავებული იქნებოდა, მათთან შეხვედრის შემდეგ სრულად გაქარწყლდდა. მისივი თქმით, ახალი თაობა ხვდება, რომ გაუცხოების მიზეზი უფროსი თაობის მიერ დაშვებული შეცდომებია.


ალუ გამახარიას განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის, რათა მოხდეს არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და წლების მანძილზე გაუცხოებული ხალხის დაახლოებისთვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს შიშის გაქრობას და მათ შორის ნდობის აღდგენას. ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ბუკლეტში ყურადღებას იქცევს სოხუმელი ქალბატონის ნაამბობი , რომელმაც სამედიცინო სერვისის მიღება ქუთაისში გადაწყვიტა:

„ჩვენთან აზრის გამოთქმა იმდენად არ იზღუდება, ქმედებაზე კი დიდი კონტროლია. დიდი ძალა აქვს საზოგადოებრივ აზრსს. ვღელავდი, ხომ არ იქნებოდა ქუთაისში სამკურნალოდ ჩემი გამომგზავრება ღალატად აღქმული. სახლში დაბრუნებულს რამდენიმე დღე არავინ შემომაკითხა . სიმართლე გითხრა, ბევრი ვიტირე. ჩავთვალე მორჩა, გამრიყეს, მკიცხავენ ალბათ. მეორე დღეს ყველა ერთბაშად მოვიდა , ვისზზეც ვღელავდი. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. აქეთ წამოსვლამდე ბევრი ცდილობდა გადამეფიქრებინა. მსაყვედურობდნენ როგორ მიდიხარ ქართველებთან რაღაცის სათხოვნელადო. მოსულთაგან ყველა ერთნაირად არ იყო განწყობილი ქართველების მიმართ, თუმცა ყველაფერი გამომკითხეს , როგორ შემხვდნენ, საშისი ხომ არ იყო. მე არ დამიმალავს ჩემი პოზიტიური განწყობა. ესეც არ იყო აღქმული ერთგვაროვნად, მაგრამ ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემმა ძმამ გადაჭრით თქვა : მათ ჩემს დას სოცოცხლე შეურნაჩუნეს და მადლობელი ვარ ამისთვის. მინდა პირადად დავურეკო ყველას და გადავუხადო მადლობა.

სიკეთე გულწრფელად უნდა დაფასდეს .....“ .
სოხუმელი ნადია ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსულიყვნენ. მართალია, იგი 45 წლამდეა, მაგრამ უკვე 3 შვილის და ამდენივე შვილიშვილის ბებიაა. ქუთაისში სოხუმიდან უფროსი ვაჟის მეუღლესთან, ანასთან ერთად ჩამოვიდა. ნადიას ფეხი აწუხებს, ხოლო ანას მხედველობის პრობლემა გააჩნია და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.

ნადია - სოხუმის მკვიდრი

- უნდა აღინიშნოს, რომ აქ მაღალი დონის სპეციალისტები არიან. გვღებულობენ ძალიან კარგად. გვთვლიან ძმებად. ომიდან 25 წელი გავიდა. შესაბამისად სულ ომზე აპელირება არ შეიძლება. 21-ე საუკუნეა და ხალხი არა თუ დაპირისპირებაზე, არამედ ურთიერთობების და ცხოვრების გაუმჯობესებაზე უნდა ფიქრობდნენ.

- როგორ აფასებენ აფხაზები საქარელოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათთვის სამედიციონო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი ამ სერვისის მისაღებად?
- ცალსახად დადებითად. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს იმკურნალოს იქ, სადაც მას სურვილი აქვს. ამას არც არავინ გვიშლის. რომ გვიშლიდნენ , ვერ ვიქნებოდით ქუთაისში. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი მხრიდანაც სიტუაციის სწორად შეფასებაა. მე აქ ნათესავები მყავს და შესაბამისად ხშირად ჩამოვდივარ ქორწილში თუ სხვა შემთხვევებში. ჩემი დეიდები, ბიძები, ბიძაშვილები დედის მხრიდან ყველანი აქ ცხოვრობენ. დედაჩემი ქართველია და ამიტომაც მიწევს ვიყო ხშირად აქ. როცა გავიგე, რომ არსებობს ასეთი სამედიციონო პროგრამა და ბევრმა ისარგებლა ამ სერვისით, ბუნებრივია ჩამოვედი.

- ვინ არის ქართველი დღეს აფხაზისთვის?
-  სამწუხაროდ, ომი კვალის გარეშე არ მიდის. საბედნიეროდ ამ ომში მე პირადად არავინ დამიკარგავს. აქედან გამომდინარე , შემიძლია ვთქვა ჩემი გადასახედიდიან. მე არ მაქვს ქართველებისადმი მტრული შეხედულება, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა თამაშებმა თავისი უარყოფითი როლი შეასრულეს ჩვენს შორის. მოახერხეს გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც უნდოდათ. შედეგად კი ჩვენ დავზარალდით. ახლა დადგა დრო, როცა 25 წინანდელი თვალებით კი არ უნდა ვუყუროთ ყოველივეს, არამედ უკვე 25 წლის გადასახედიდან . რა იქნება მომავალში, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, მაგრამ ვიცი ერთი, რომ ხალხი ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში უნდა იყოს. როცა დედა ქართველი გყავს და მამა აფხაზი, ვერც ერთს გაიმეტებ სასიკვდილოდ და ვერც მეორეს. ორთავე ერთნაირად უნდა გვიყვარდეს. ასე უნდა იყოს ჩვენს ხალხებს შორისაც.

- როგორი იქნება რეაქცია რიგითი აფხაზისა, თუკი სოხუმის ქუჩებში ქართველებს დაინახავს?

- ჩამოდიან ქართველები და დადიან კიდეც ქუჩებში. რა თქმა უნდა ადრე სხვაგვარი იყო რეაქცია მოსახლოების მხრიდან, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა.
- საინტერესოა აფხაზი ახალგაზრდების ხედვა. თქვენ 3 შვილი გყავთ. როგორია მათი და მათი თანატოლების შეხედულება ქართველებისადმი და რამდენად არიან ისინი სტერეოტიპების ტყვეობაში?
- სამწუხაროდ, სტერეოტიპები ყველგან არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მტრული განწყობა ნამდვილად არ არის. მართალია, სკოლებში ისტორიის გაკვეთილებზე სწავლობენ, რომ იყო ომი, იყო ტრაგედია, მაგრამ ეს იყო წარსულში.
- რა უნდა გაკეთდდეს იმისთვის, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო დათბეს?

- ჩვენ დღეს ვისხედით აქ და ერთად მივირთმევდით ჩაის. მიმაჩნია, რომ ასეთი ურთიერთობები მნივნელოვანია. აუცილებელია ხშირად ხვდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს, უცვლიდნენ ინფორმაციას. თუნდაც თქვენ, ჟურნალისტებს უნდა გქონდეთ საშუალება ერთმანეთის ხშირად ხილვის. პირადი ურთიერთობა ხომ ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევს. ნათესავებთანაც როცა ჩამოვდივარ უამრავ ადამიანს ვხდები როგორც ქუჩაში, ისე ეზოში. კონტაქტები მნიშვნელოვანია. აუცილებელია ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ ურთიერთობის საშუალება. ეს აუცილებელია.
ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მონაწილე ვიტალიც სოხუმელია. იგი პროფესიით ექიმია და კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დახმარების დროულად მიღება პაციენტისთვის, რომლის სიცოცხლე შესაძლოა დღეებზე და ზოგჯერ საათებზეც კი იყოს დამოკიდებული. მან ეს საკუთარ თავზეც გამოსცადა, როცა დედამისს დიაგნოზი ვერც აფხაზეთში დაუსვევს და ვერც სოჭში, ამიტომ პაციენტის ქუთაისში სასწრაფოდ გადმოყვანა გახდა საჭირო. მართალია, ქართველი ექიმების მხრიდან ქალბატონის დაავადების მიზეზი დაუყონებლივ გახდა ცნობილი, მაგრამ დაგვიანებული მომართვის გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.


ვიტალი - სოხუმის მკვიდრი

- მიმაჩნია, რომ ყველა პროექტი, რომელიც მიმართულია დაახლოებაზე, ცალსახად კარგია. პირად ურთიერთობებს ვერც ვერავინ აკრძალავს. სწორედ ასეთი პირადი კონტაქტებისა და დისკუსისს დროს შეგვიძლია გადავჭრათ ყველა პრობლემა. სამედიცინო თუ სხვა პროექტები, რომლებიც დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდობია, ცალსახად კარგია, მაგრამ აუცილებელია ძირითადი აქცენტები გაკეთდდეს ახლაგზრდებზე. მომავალი მათია, მათი ტვინები არ არის დასვრილი ომით, გულისწყვეტით, იმედგაცრუებით. მათ შეუძლიათ ააშენონ ერთი სახელმწიფო საზღვრების, მტრობის, ძალადობის გარეშე, მაგრამ ამისთვის მთავარია საქართველო გახდეს მიმზიდველი აფხაზებისთვის. აუცილებელია ახლაგაზრდობა მოვიდეს აქ და დაინახოს მეგობარი, დედა, მამა.

ეს პირველ რიგში არის საგანმანათლებლო პროგრამები. ანუ საშუალება მიიღონ განათლება როგორც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთის საგანმანათლებლო პროგრამებში. მიიღონ განათლება ამერიკაში, ევროპაში, ისრაელში დღეს აფხაზებისთვის ხელმიუწვდომელია. როცა ახალგაზრდა აიღებს ქართულ პასპორტს და მას მიეცემა საშუალება წავიდეს უცხოეთში, ქართული მხარე ამით შექმნის პრეცენტედს და ბუნებრივია დამოკიდებულება შეიცვლება. მას მიეცემა საშუალება გახდეს კარგი სპეციალისტი და უკვე დამოუკიდებლად შეძლებს გააკეთოს ის, რაც არ შეუძლია ერთად აღებულ 100 პოლიტიკოსს. მიმაჩნია, რომ პასპორტიზაციის, დოკუმენტების ვალიდაციის და განათლების დამადასტურებელი დიპლომების აღიარების პროცესი უნდა იყოს გაცილებით ადვილი, ვიდრე ის დღესაა.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აფხაზეთში საუბრობენ ან აფხაზურად ან რუსულად. ქართული ენა ბევრისთვის ხელმიუწვდომელია. როცა ისინი აქ მოდიან, ექმნებათ ენობრივი ბარიერი. ასეთ დროს აუცილებელია ადამიანებს დაეხმარონ ისწავლონ ქართული, ან ესაუბრონ მას მისთვის გასაგებ ენაზე.
სამედიცინო პროგრამამ აჩვენა , რომ სიკეთის კეთება ყველაზე მეტად ფასობს. იგი გადამდებია და კვალს აუცილებლად ტოვებს. ამის ნათელი მაგალითია ქართველი ექიმების დახმარებით გამოჯანმრთელებული ადამიანები , რომლებიც , როგორც წესი, სიკეთეს სიკეთითვე პასუხობენ.

ავტორი: ხვიჩა ვაშაყმაძე
Print