საზოგადოება
მაღაზიის მშენებლობის გამო სკვერში ნაძვის ხეები მოჭრეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში მაღაზიის მშენებლობის ნებართვა გასცა.
509 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ობიექტს მეპატრონე ვარლამ დარსაველიძე აშენებს. მშენებლობის გამო სკვერში უკვე მოიჭრა რამდენიმე ნაძვი. მოჭრილი ხის ტოტები ამ დრომდე სამშენებლო ტერიტორიაზე ყრია.




ვარლამ დარსაველიძემ ბუხაიძის #24-ში სკვერის ნაწილი 2013 წელს, 30 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით მიიღო. ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ მათ ამის გამო არ შეეძლოთ უარი ეთქვათ მშენებლობის ნებართვის გაცმაზე.

"ვიცით, რომ სკვერია, მაგრამ აღნაგობის უფლებითაა გაცემული 2013 წელს და ჩვენ რა უფლება გვქონდა, რომ არ გაგვეცა ნებართვა მშენებლობაზე? ახლა მერია იწყებს მუშობას ახალ რეგულაციებზე, რომელიც სრულად აღკვეთს რეკრეაციულ ზონაში მშენებლობას", - ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ჩხიკვაძე.

რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, ფაქტს უარყოფს სამუშაოების ხელმძღვანელი. ვიტალი ონიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ადგილზე არც ერთი ხე არ მოჭრილა.

"არავითარი ხეები მე იქ არ მინახავს. ყველაფერი გაკეთდა კანონის შესაბამისად",- ამბობს ვიტალი ონიანი.

ხეების  მოჭრის შესახებ  ბუხაიძის 24-ში მცხოვრებლებმა მერია წერილობით ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე გააფრთხილეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მათთან მსგავსი შეტყობინება არ შესულა, თუმცა, არსებობს 2018 წლის 28 მაისით დათარიღებული წერილი, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ, ზემოთ აღნიშნული ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეს,  ნანა ბონდარენკოს მისწერა. წერილში ჯავახია პასუხობს მოსახლეობის პრეტენზიას ხეების  მოჭრაზე და ამბობს, რომ მისი სამსახური ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა არ მოხდეს არსებული გამწვანების ზოლის განადგურება.

"თუკი მოხდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთში არსებული ნარგავების დაზიანება, ჩვენი სამსახურის მიერ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, - აღნიშნულია წერილში.



ტერიტორიაზე ხეების მოჭრის შემდეგაც იგივეს ამბობს სამსახურის უფროსი. ჯავახიას თქმით, თანამშრომლები ობიექტზე გავლენ და თუ დაფიქსირდა სამართალდარღვევა, შედგება შესაბამისი ოქმი, რომლის საფუძველზეც კანონდამრღვევს სასამართლო დააჯარიმებს.



Print