საზოგადოება
ბოშა გოგონები სამყაროსკენ ზურგით (ვიდეო)
FaceBook

საოჯახო საქმეებიდან თავისუფალ დროს 16 წლის ბოშა გოგონა ხატვას უთმობს.
ხატავს ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს. მხოლოდ ერთი თავისებურება ახასიათებს - ადამიანებს მხოლოდ ერთი რაკურსიდან აჩვენებს - ზურგიდან. ყველა მისი პერსონაჟი ზურგიდან არის დახატული, ავტოპორტრეტიც კი. ქრისტინე სამყაროს ზურგშექცევით ესაუბრება. ასე უფრო ბუნებრივად და დაცულად გრძნობს თავს.


ქრისტინა იბრაგიმოვი


ქრისტინამ, რამდენიმე წელია, ზურგი შეაქცია სკოლასაც, - სახლში დაჯდა, ისევე, როგორ მისი დები და სხვა ნათესავი გოგონები.
რატომ არ უნდა სკოლაში სიარული, ამაზე პასუხად მხოლოდ მხრებს იჩეჩავს. თუმცა, ახსნა ბოშათა თემში არსებულ ცხოვრების წესში და იმ გარემოში უნდა ვეძებოთ, რაც ბოშებს რიგ სკოლაში ხვდებათ.



ბოშები ქუთაისში


ბოშებს შორეული გზები არ აშინებთ, მაგრამ ქუთაისში მცხოვრები ბოშების უმეტესობას, ნაკლებად სჯერათ შორეული პერსპექტივების. მითუმეტეს, რომ ეს პერსპექტივა ისეთ საკითხს ეხება, როგორიც განათლებაა.

ქუთაისში, ე.წ. ავანგარდისა და ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრები ბოშების 25-მდე ოჯახი ვაჭრობის, ჯართზე შრომისა და საოჯახო საქმეების შედეგებს დღის ბოლოს ხედავს. ეს საქმიანობები საიმედოა, ულუკმაპუროდ და სისუფთავის გარეშე არ ტოვებს. მათ სწორედ იმ ხილული შედეგების სწამთ, რაც ახლა და ამ წუთში მიიღწევა.

სწავლის პროცესი მრავალწლიანია. ბოშებისთვის გაურკვეველია სად წავა შრომა, რომელიც ცოდნის დაუფლებაში დაიხარჯება, როდის გამოჩნდება სწავლის გატკბილებული კენწერო?!

იბრაგიმოვების ოჯახი

"სწავლის კენწეროს" დანახვა 63 წლის მამაჩი იბრაგიმოვის 40-სულიანი ოჯახის წევრებს უჭირთ. მათ თვალებში უიმედობა ირეკლება. იბრაგიმოვებმა მხოლოდ ფიზიკური შრომის და წვალების შედეგები იციან. მათმა მამა-პაპამ ასე იცხოვრა, მოიტანა თავი და შთამომავლებსაც ცხოვრების ეს წესი დაუტოვა. ამ მემკვიდრეობას იზიარებენ გოგონებიც - გაორმაგებული სიმძიმით.



მამაჩის წინაპრები 1938 წელს ქუთაისში ჩოხატაურიდან ჩამოსახლდნენ, ჩოხატაურში კი ყირიმიდან. ქუთაისში უკვე მეხუთე თაობა ცხოვრობს. ნაწილი მამაჩისთან ერთან, მეორე ნახევარი - გზის გადაღმა სახლში.

სახლების გაცრეცილი და დაბზარული კედლებიდან სიღარიბე იმზირება.



მამაჩის ოჯახის წევრი ათი არასრულწლოვანი გოგონადან სკოლაში არც ერთი აღარ დადის. ისინი ყოველ დილით ცდილობენ მოაწესრიგონ, გააახლონ, ლამაზი გახადონ გარემო, სადაც ცხოვრობენ. ისიც დროებით ცოცხლდება, - გოგონების მზრუნველი ხელი ფერს უბრუნებს.



თუმცა საღამოს ისევ კუშტი, გახუნებული და სევდიანი იერი უბრუნდება.



განახლება არ შეხებია არც სახლისმიღმეთს. ამ დასახლებაში გზა ბოლოს სამოცი წლის წინ დაიგო. კანალიზაცია კი არც არასდროს ჰქონიათ.



წესები - ძველი და ახალი

ბევრ ბოშა გოგონას ერთფეროვანი გარემოდან გაღწევის მთავარ საშუალებად, ისევ დაოჯახება ეჩვენება. ამიტომ ჯერ კიდევ ძალაშია 14-15 წლის არასრულწლოვნების ქორწინება. თუმცა, ქალები ამითაც ვერ მიდიან შორს. ჩნდება სხვა ჩიხი, დაოჯახება უამრავ ბორკილს აჩენს, ოჯახსა და ადათზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის ბოშა ქალს.

"როგორც კი გათხოვდებიან, კაბები გრძელდება, თავსაფარის ტარების აუცილებლობა ჩნდება და მათი თავისუფლება იზღუდება", - ამბობს მამაჩის მეზობელი მზია მითაიშვილი.

თუმცა, ბოშათა თემში საუბრობენ ბოლო წლებში მომხდარ ცვლილებებზე. ბოშებს განათლების საჭიროებაზე დაფიქრება მაინც მოუწიათ და არც საბაზისო ცოდნის მნიშვნელობის გაგებას გაჯიუტებიან დიდხანს.

ცვლილებების სიომ ბოშათა თემში დაბერა და დროის მოტანილ სიახლეებთან თემიც დათმობაზე წავიდა.

"ქართულ წესზე" გადავიდნენ, - ადრე ქალი, ვერც შარვალს და ვერც მოკლე კაბას ვერ ჩაიცვამდა ჩემი მამების თაობაში, ახლა კი - შეუძლიათ. ცხოვრება შეიცვალა. ადრე სუფრასთან ქალი ვერ დაჯდებოდა, გასვენებაშიც ქალი ვერ გამოჩნდებოდა, ეს წესები იცვლება", - ამბობს მამაჩი და ჩამავალ მზეს სევდიანად აყოლებს თვალს.

ბოშათა თემში გარკვეული წესებისა და ადათების დაისზე საუბრობს იმერეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი თამუნა ბახტაძე, რომელიც მეხუთე წელია ბოშათა თემთან თანამშრომლობს.

"ბოლო წლებია ბოშებში უკვე ცუდ ტონად მიიჩნევა ნაადრევი ქორწინება, მაშინ როდესაც ეს მათი კულტურის ნაწილი იყო. იმასაც ამბობენ, მაგალითად, რად გვინდა გაუნათლებელი სიძეო. ნაადრევი ქორწინება ძველებურად აუცილებელი აღარ არის. ადრე არასრულწლოვნების ნიშნობაც ჰქონდათ, ახლა ესეც ილაგმება", - ამბობს თამუნა ბახტაძე.

დე იურე დაბადება

ბოშებმა "ქართული წესების" მიმართ რამდენიმე წელია კარი გახსნეს. შეიძლება იმიტომ, რომ სიღარიბე ჩაკეტილში მეტად შეიჭრა, ვიდრე ღიაში და ბოშებმა მიმღებლობისა და ელემენტარული ცოდნის ქონის აუცილებლობა დაინახეს. მიხვდნენ, ამათ გარეშე უბრალოდ "არ არსებობენ".

ქუთაისში მცხოვრები ბოშების უმეტესობა, სამართლებრივ რუკაზე ხუთი წლის წინ გამოჩნდნენ. მანამდე ბოშები, როგორც მოქალაქეები, იურიდიულად არსად ფიქსირდებოდნენ. არ იღებდნენ არანაირ სოციალურ სერვისს სახელმწიფოსგან, არც განათლებას. მათთვის დოკუმენტების მოწესრიგებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამოქალაქო რეესტრის სამმართველო ჩაერთო და უმეტესობას საბუთები მოუწესრიგეს.

"ბავშვებს არ ჰქონდათ დაბადების მოწმობები, არ ხდებოდა მათი იდენტიფიცირება. სკოლებსა და ბაღებში პრობლემები ჰქონდათ ამის გამო. ბავშვებს რომ დაბადების მოწმობები აეღოთ, მშობლებს პირადობისა და ქორწინების მოწმობები დასჭირდათ. საბოლოოდ მოუწესრიგდა ეს საკითხი ყველას, ვინც ამის სურვილი გამოთქვა", - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი ზაალ გორგიძე.


სკოლა ს
ახლში

ბოშების სამართლებრივად დაბადებამ გააჩინა შესაძლებლობა, ფორმალურ განათლებაზეც ეფიქრათ. თუმცა მათთვის არაფორმალურად ცოდნის მიცემაზე უკვე ზრუნავდნენ.



გასული საუკუნის 80-იან წლებში ამ საქმით მამაჩი იბრაგიმოვის მეზობელი, ციალა მითაიშვილი იყო დაკავებული. იგი საკუთარი ინიციატივით ამეცადინებდა ბავშვებს. სკოლა თავის სახლში გახსნა და ბევრმა ბოშამ, მამაჩის და მისი შვილების თაობიდან, წერა-კითხვა ქალბატონ ციალასთან ისწავლა. ციალას ეს საქმიანობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვიტავს. 

მამაჩი ამბობს, რომ ციალას მსგავს მონდომებას ვერ ატყობს სკოლის მასწავლებლებს.

"წერა-კითხვაც ვერ ასწავლეს ჩემს შვილიშვილებს. მეოთხე და მეექვსე კლასელმა წერა-კითხვა არ უნდა იცოდეს?"- გული სწყდება მამაჩის.


ბოშები სკოლის გარეთ


"ბოშა ბავშვები ბევრს აცდენენ, ეს თემი თავისებურია მაგრამ არც სკოლა არის ზოგჯერ მზადყოფნაში. ერთ-ერთი ბოშა ბავშვის მშობელმა, მაგალითად, მასწავლებელი დაიქირავა, რომ მის შვილს წერა-კითხვა და ანგარიში ესწავლა. სკოლაში დადიოდა და ვერ ისწავლა, მივედი და ვეჩხუბე. მიყვებოდა მერე ის მშობელი, ბავშვმა წერა-კითხვა რომ არ იცოდა, უხერხულად იგრძნო თავი. ამ უხერხულობას არ ამჩნევდა მასწავლებელი, არც ამხანაგები ეხმარებოდნენ. არადა, ძალიან კარგი სამეგობრო ბავშვებია. რატომ არის დისბალანსი, მიკვირს. ესეც არის მიზეზი, რომ არ არ დადიან სკოლებში", - ამბობს მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო ცენტრის კოორდინატორი ნანა იდაძე, რომელსაც ბოშა თემთან ურთიერთობის ათწლიანი გამოცდილება ალაპარაკებს.

იბრაგიმოვები ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლაში ირიცხებიან, თუმცა არ დადიან. სკოლაში ამბობენ, რომ მრავალგზის სცადეს ბავშვების დაბრუნება, სახლშიც მიაკითხეს, თუმცა სკოლაში ვერ გააჩერეს. აკადემიური განათლების მიღების ნაკლებ სურვილს 38-ე სკოლაში, ბოშათა ცხოვრების წესით ხსნიან.
"მოგეხსენებათ, ცხოვრების მოძრავი წესი აქვთ და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, თან სწავლაც არ არის პრიორიტეტი მათთვის", - ამბობს სკოლის დირექტორის მოადგილე.
განსხვავებულ ცხოვრების წესს ხელი არ შეუშლია ბოშებისთვის, რომ ფორმალური განათლება სხვა სკოლაში მიეღოთ.

ბოშა გოგონები სკოლაში

ნესტანი, ვალია და ალბინა 29-ე სკოლის მოსწავლეები არიან. პირველ ორს მასწავლებლობა უნდა, ალბინას - პროგრამისტობა.



გოგონები სკოლას არ აცდენენ და ყველა ღონისძიებაში ხალისით მონაწილეობენ. გულღია ხასიათით და მონდომებით გამოირჩევიან, მაგრამ მათ სწორედ გამორჩეულობა არ უნდათ.
"ჩვეულებრივი მინდა ვიყო", - ჩვენთან საუბარში, რამდენჯერმე გაიმეორა ნესტანმა. იგი მომავალშიც "ჩვეულებრივობას" აპირებს. მას აშინებს არაჩვეულებრივობა. ამიტომ ის და სხვა ბოშები, უარს ამბობენ ინკლუზიურ განათლებაში ჩართვაზე, რადგან ეს მათ სხვებისგან გამორჩეულს გახდის.

იგივე განწყობაა მშობლებში. მათ დიდი სურვილი აქვთ შვილებმა განათლება მიიღონ, თუმცა არ უნდათ მათი გოგონები "სხვანაირები" გამოჩნდნენ, ამიტომ ინკლუზიური განათლების მიღებაზე ისინიც უარს ამბობენ.

არადა, ორი პროექტიდან, რასაც განათლების სამინისტრო სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობისთვის იმეტებს, ერთ-ერთი სოციალური ინკლუზიის პროგრამაა.

"განათლების სამინისტროს აქვს "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის" პროგრამა, რომლის ფარგლებში შევდივართ ქუთაისის დღის ცენტრში. ვეხმარებით ბავშვებს აკადემიური სოციალური უნარების განვითარებაში. ვეხმარებით ასევე, რომ წავიყვანოთ სკოლაში. სკოლას ვაძლიერებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებისთვის გარემო იყოს ხელმისაწვდომი. პარალელურად, ჩვენ გვაქვს სოციალური ინკლუზიის პროგრამა. სკოლები მონაწილეობენ ამ პროექტში, შესაბამისად, ვაფინანსებთ სკოლებს, სადაც მხარდაჭერილი არიან ეს ბავშვები. პროცესი მიდის, პროექტები შემოაქვთ სკოლებს. სამიზნე ჯგუფებია: ბოშები, მესხები, შშმ პირები. ქუთაისის 29-ე სკოლა მუშაობს, რომ შემოიტანოს პროექტი, რომელიც სწორედ ბოშებთან დაკავშირებული იქნება", - ამბობს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე.

ბოშები ქუთაისის სხავადასხვა სკოლაში არიან გაბნეულები. ყველაზე მეტი მოსწავლე 29-ე სკოლაშია. იქ 16 ბავშვი სწავლობს. ორს სტატუსი დროებით შეჩერებული აქვს.
"ბოლო წუთამდე ვცდილობთ, რომ სტატუსი არ შეუჩერდეთ. რადგან ამ ოჯახებს მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ და ერთ მისამართზე ცოტა ხნით რჩებიან, ამიტომ ჭირს მათი მიგნება და ბავშვების სკოლაში დაბრუნება, თუმცა ამასაც ვახერხებთ. შედეგებიც არის. ბავშვებიც მოგვყვებიან. მონდომებულები არიან. ბევრი მათგანის მშობელიც ცდილობს ყველანაირად შეუწყოს ხელი შვილებს", - ამბობს 29-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე მზია ახვლედიანი.

მეორე შესაძლებლობა

სკოლის გარდა, ბოშებისთვის, განათლების მიღების სხვა შესაძლებლობაც ჩნდება - ე.წ. არაფორმალური განათლება, რომლის მიღების ადგილი დღის ცენტრია.
ქუთაისში მეოთხე წელია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაცია World Vision-ის ერთობლივი პროექტი ხორციელდება. მიზანი - ქუჩის ბავშვების მხარდაჭერაა. ორგანიზაციას სხვადასხვა ეროვნების ოცი ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის ოთხი ბოშა. მათ პროექტებში ის ბოშა ბავშვებიც ერთვებიან, რომლებიც უშუალოდ ცენტრში არ დადიან. ცენტრის წარმომადგენლებმა გრძელი გზა გაიარეს, ვიდრე ბოშების ნდობას დაიმსახურებდნენ.
"თავდაპირველად ბავშვებთან და განსაკუთრებით გოგონებთან, მარტო არ გვტოვებდნენ. ღონისძიებებსა და ექსკურსიებზე გოგონების გამოშვებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი. თუ წამოვიდოდნენ, ვიღაც უფროსიც უნდა ხლებოდათ. ახლა მანქანა მიდის და ბავშვები მოყვებიან. ბოლომდე გვენდობიან და ჩვენც ძალიან ვაფასებთ ამას", - ამბობს ნანა იდაძე.

ცენტრში ბოშა თემთან დამყარებულ ფაქიზ წონასწორობას ძალიან უფრთხილდებიან, ზოგჯერ რიგ პრობლემაზე თვალის დახუჭვის ფასად. დღის ცენტრში ამბობენ, რომ ამ ნდობის გასაჩენად დიდი შრომა და მოთმინება ჩაიდო. ამიტომ, ისეთ დარღვევებში, როგორიცაა არასრულწლოვნების შრომა, ჯერჯერობით არ ერევიან. მიაჩნიათ, რომ უცებ ვერ შეიჭრებიან ბოშების ცხოვრებაში. მთავარია ნდობის გაღრმავება, რასაც მოყვება სხვა სიკეთეები.

ცენტრის ბენეფიციარი ოთხი ბოშა ბავშვიდან სამი გოგონაა. ისინი ხალისით ეკიდებიან არაფორმალურ განათლებას. მოსწონთ ხატვა, ცეკვა.
"სკოლებში ყველა ჩარიცხულია, პრობლემა არის ის, რომ მეოთხე-მეხუთე კლასიდან გამოდიან სკოლიდან. ტრადიციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იცოდეს ოჯახის საქმეები და ემსახუროს ოჯახს. სწავლას რაც შეეხება, გოგოსთვის ის აუცილებელი არ არის. თუკი ისწავლის, ის ვერ გააკეთებს იმას, რაც უნდა აკეთოს ოჯახთან მიმართებაში. ვერ იქნება ისეთი ბოშა, როგორიც მათი წინაპრები იყვნენ. ამიტომ, ბევრი გოგონა რეალურად არ დადის, ბიჭები შედარებით დადიან. თუმცა არის ბოშათა რამდენიმე ოჯახი ქუთაისში, სადაც მშობლებიც მოტივირებული არიან, რომ ისწავლონ მათმა შვილებმა", - ამბობს დღის ცენტრის კოორდინატორი.
სწავლით დაინტერესება, გოგონებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა, ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც ხდება. სულ სხვა სურათი იკვეთებოდა ოთხი წლის წინ. სხვა რეალობაა დღეს. მეტი გახსნილი და მეტად მოსურნე - მიიღოს ის სიკეთე, რასაც ფორმალური თუ არაფორმალური განათლება იძლევა.

ბოშებისთვის სირთულეს სხვა მომენტიც ქმნის, - მემკვიდრეობა. უფრო ზუსტად, მემკვიდრეობის არქონა.

"განათლება რომ არ აქვს მიღებული, 11 და 12 წლის რომ არის, კოგნიტური უნარები არ არის საკმარისად მომწიფებული. ყველა ასაკში არის თავისი დრო, როდის უნდა ისწავლოს ასოები, მათემატიკური უნარები. თუ ასაკობრივად არ მოხდა სწორად განვითარება, ფიზიოლოგიურად შეიძლება იყოს განვითარებული, როგორც ტიპური განვითარების ადამიანი, ოღონდ ის კოგნიტურად ჩამორჩება ტიპურ ადამიანს. მერე ახალი უნარების დასწავლაც უფრო რთულია, სკოლაში როდესაც შედიან, ხდება სტიგმატიზაცია. როდესაც ჯდები 11 წლის ასაკის ჯგუფელთან, შენი უნარები ძალიან განსხვავდება, შენი კლასელის უნარებისგან და შეიძლება "გონებრივად ჩამორჩენილად" აღგიქვან. არადა, ასე არ არის! ამის მიზეზია სოციალური ფონი და ის, რომ თავის დროზე არ მოხდა განათლების მიღება. ეს იწვევს განსხვავებას", - ამბობს დღის ცენტრის ფსიქოლოგი ნაზი ვარდოსანიძე.

სწორედ ეს განსხვავება აფრთხობს ბოშა გოგონა ნესტანს. ამ განსხვავების მიმართ ნაკლები მგრძნობელობა აქვს გარემოს, ან არასწორად იგებს და "სხვანაირობას" ბოშების "მენტალურ ჩამოჩენილობას" უკავშირებს. მაგრამ ნესტანი არ ნებდება, იგი აგრძელებს და ჯიუტად იმეორებს, რომ "მას შეუძლია!". ნესტანს კლასელებიც, მეგობარი გოგონებიც ეხმარებიან, რომ ამ ნაპრალს გადააბიჯოს.

ბოშები სტერეოტიპებს მიღმა

ბოშა თემის გოგონებს სჭირდებათ განათლება, თუმცა თავად ბოშების შესახებ ინფორმაციას საჭიროებს გარემოც, საზოგადოება, რომელიც ბოშებს "ციგნებს" უწოდებს და ამ სიტყვაში დამამცირებელ შინაარსს დებს.
"ბოშები ამაყი ხალხი ვართ. ჩვენ ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთგულება ყველაზე მეტად შეგვიძლია", - ამბობს მამაჩი.
ბოშები არ მათხოვრობენ, მითუმეტეს, გოგონებს არ უშვებენ სამათხოვროდ, გვიხსნის ბოშების მეზობელი მზია.
"ბოშა არ მათხოვრობს, ჩვენ ვწვალობთ, მაგრამ ლუკმა პურს ჩვენით ვშოულობათ. ბოშა ქუჩაში ხელგაწვდილი არ დადგება", - ამბობს მამაჩი.
...
ხელგაწვდილი არასდროს დადგება ქრისტინა, მაგრამ მისი ნახატების გმირები სამყაროსთან ზურგით დგანან.


ქრისტინა იბრაგიმოვის ნახატი

როდესაც ქრისტინას ნახატების პერსონაჟები შემობრუნდებიან და სახით დაუდგებიან სამყაროს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტინა მზად არის მიიღოს გამოწვევა. დაადგეს დიდ გზას, რომელმაც შეიძლება ცოდნის იმაზე უკეთეს სანახებში გაიყვანოს, ვიდრე მისი სახლის ფანჯრებიდან, სამყაროდან ზურგშექცეული ამჩნევს. 


ქრისტინა იბრაგიმოვის ავტოპორტრეტი


ავტორები:
ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.