საზოგადოება
უხილავ ბარიერებთან მებრძოლი გოგონები (ვიდეო)
FaceBook
რეპატრირებული მესხი ქალები ოცნებას ადრე ამთავრებენ. ოჯახის უღელში ებმებიან და დღესაც ისე ცხოვრობენ, როგორც მათი წინაპრები. თუმცა, იქ სადაც გარემო და ტრადიციები მკაცრ საზღვრებს აწესებს, არიან გოგონები, რომლებიც ახალ რეალობას ქმნიან.

ა, "სულის ექიმი" მომავლიდან

16 წლის ია სინამდვილეში ბაჰაი კამალოვაა. ყვავილის სახელი სკოლაში მასწავლებელმა შეარქვა. დღეს სოფელ იანეთის რეპატრირებული მესხებით დასახლებულ უბანშიც იად იცნობენ და ოჯახის წევრებიც ასე ეძახიან.

ია მინდვრის ყვავილების სიმშვიდეს ატარებს და ეს მის მიმართ პირველივე წუთიდან ნდობას იწვევს. ეს თვისება გოგონას მიერ არჩეული პროფესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იას ფსიქოლოგობა უნდა. არაფერი სმენია ფროიდზე, იუნგზე, დიმიტრი უზნაძეზე, მაგრამ თავისით მიხვდა მთავარს - ფსიქოლოგია მოსმენის მეცნიერება და ხელოვნებაა.


ია უსმენს ყველას, ვისაც გულის მოოხება და გასაჭირის გაზიარება სურს. უნდა, რომ დაეხმაროს, თუმცა ჯერ არ იცის როგორ. ინსტინქტით სვამს პროფესიისთვის დამახასიათებელ მთავარ კითხვებს: რა? როგორ? რატომ? ძალიან ცდილობს, რომ მოსმენით ქართული ენაც უკეთ ისწავლოს, ადამიანის ბუნების ახსნაც და იმ რჩევების მიცემაც, რასაც მისგან ელიან.

იასთვის ქართული ენის კარგად შესწავლა მთავარი გამოწვევაა. მან იცის თურქულად წერა-კითხვა, ამ ენაზე ოჯახში საუბრობენ, სწავლობს ინგლისურს, რუსულს, მაგრამ სრულფასოვნად არცერთს ფლობს. მისი არჩევანი ქართულია. მშობლიურ ენაზე სურს შეისწავლოს ფსიქოლოგიის მეცნიერება და მოუსმინოს პაციენტებს.

ია სამტრედიის სოფელ იანეთში, მეცხრე უბანში გაიზარდა. მისი ბებია-ბაბუა აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ნალჩიკიდან გადმოსახლდნენ. 14 წლის განმავლობაში ია უბნის შემოგარენს არ გაცილებია. მისი თვალსაწიერი ეზოს ვარდებიდან იწყებოდა და სოფლის მინდვრების ბოლოს მთავრდებოდა. ერთი წელია რაც არეალი სამტრედიის საშუალო სკოლამდე გაიზარდა. იქ მოხვედრა ცხრაკლასდამთავრებული მესხი გოგონებისთვის ადვილი არ არის. სწავლის უფლება ბრძოლით უნდა მოიპოვო. თუმცა, იას ოჯახის წევრები, მისი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეთანხმდნენ, რომ გოგონამ სწავლა უნდა გააგრძელოს და მედიცინას დაეუფლოს. საამისოდ კი კვლავ მოუწევს სივრცისა და მანძილის გაზრდა.

იას დიდი ქალაქები აშინებს, თუმცა იზიდავს მრავალფეროვნებით, მცხოვრებლების სიმრავლით, მათი სახარულითა და პრობლემებით. "ჩემს სოფელშიც დავეხმარები ადამიანებს, მაგრამ მგონია ქალაქებში ეს მეტად სჭირდებათ. ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება. ექიმ- ფსიქოლოგს იქ მეტი საქმე ექნება", - ამბობს ია. მას სურს გააკეთოს ის, რაც ვერ შეძლო დედამ, ბევრმა მისმა ნათესავმა და მეზობელმა ქალმა. ია ხვდება, რომ მის წარმატებაზე არაერთი მესხი ქალის მომავალია დამოკიდებული. მისი ამბიციური გეგმების განხორციელება, სხვა გოგონებს სწავლის გაგრძელების უფლებას მოუტანს.



ია ბევრს შრომობს. მისი ძლიერი მხარე პასუხისმგებლობაა. თითქმის არ ერთობა. სკოლის შემდეგ ოჯახის საქმეები, დედის დახმარება, პატარა დის მეთვალყურეობა, დავრდომილი მამიდის მოვლა ევალება, რომელიც მთლიანად იაზეა დამოკიდებული. ამას სწავლაც უნდა შეუთავსოს, ლექსიკონის წარმოებაც და წიგნების კითხვაც.

ნოდარ დუმბაძის "ნუ გეშინია დედა" ერთადერთი კლასგარეშე ლიტერატურაა, რისი წაკითხვაც შეძლო. "როდესაც ერთ სიტყვას ვერ ვიგებ, მერე მთელი წინადადების გაგება მიჭირს. ამიტომ ვცდილობ ვისწავლო ქართული, რომ ცოტა იყოს უცნობი სიტყვების რაოდენობა", - გვიხსნის ია. დიდი სურვილი აქვს დათო ტურაშვილის "ტყეების მეფე" წაიკითხოს, წიგნი დიდ მეფეზე, როგორც მას აუხსნეს. დათო პირველი "ცოცხალი მწერალია", რომელიც ბანაკში ნახა და მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ია ფიქრობს, რომ წიგნები ადამიანების გაცნობაში, მათი ბუნებისა და საქციელის გაგებაში დაეხმარება. უფრო სწრაფად და მარტივად რომ იკითხოს, დამატებით ქართულის გაკვეთილები სჭირდება, თუმცა ამის საშუალება ოჯახს არ აქვს.

ენის პრობლემა ჰქონდა იას მეგობარ აიდასაც, თუმცა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ფუნჯით და ფერებით ფურცელზე ის გადმოეცა, რასაც ია ადამიანებში ნაამბობით იჭერს. აიდა საკუთარ პერსონაჟებს, რომელთა უმეტესობა ქალია, სივრცეს არ უსაზღვრავს. აიდას ქალები თავისუფლები, ძლიერები და ლამაზები არიან. გოგონები, რომლებმაც იბრძოლეს და გაიმარჯვეს. აიდა თავადაც ასეთია, მშვიდი მეგობრისგან განსხვავებით, ძალიან მებრძოლი.

აიდას პორტრეტი ჩარჩოს გარეშე



16 წლის აიდა ლაზიშვილს ოცნებებს გზას უღობავს უხილავი ბარიერები, ტრადიციები და ქალის როლი, რომელიც მხოლოდ ოჯახის დიასახლისობას გულისხმობს. მისი ბევრი თანატოლი გოგონა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ჩარჩოს ირგებს, მაგრამ ეს მომავალი მხატვრის კომპოზიციაში არ ჯდება. აიდა ბარიერისმიღმეთში მოხვედრას მიზანდასახულად და ჯიუტად ცდილობს.
იამ და აიდამ იციან, რომ ადვილად ვერაფერს მიიღებენ,მათ შორის არც საშუალო განათლებას. სამტრედიის სკოლაში სიარულის ყოველი დღე სირთულესთან არის დაკავშირებული.



აიდა ლაზიშვილიც მეცხრე უბანში გაიზარდა. მისი მშობლები იქ, 15 წლის წინ, ოზურგეთიდან გადასახლდნენ. ოჯახი თავს მეცხოველეობით ირჩენს, ისე, როგორც სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა. სამაგიეროდ აიდას ოცნებები იქაურ მინდვრებსა და საძოვრებზე შორს მიდის. ამ გზაზე მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი დედა, ხალიდაა.

მემკვიდრეობით გადაცემული და მიზნად ქცეული ოცნება

აიდას ასაკში ხალიდა ლაზიშვილი ტანსაცმლის დიზაინერობაზე ოცნებობდა. 18 წლისა, ოჯახის გადაწყვეტილებით, მისივე თანასოფლელზე გაათხოვეს. პალიტრის ფერებიც მაშინ გახუნდა და სწავლის გაგრძელებაზე ფიქრიც, ბავშვობის ნახატებთან ერთად, სკივრში ჩაიკეცა.




"კარგად ვხატავდი. ახლაც აიდას გავუსწორებ ხოლმე და უკვირს საიდან იცი, როდესაც არ გისწავლიაო. ხატვის ნიჭი მქონდა და ეს იყო",- სიამაყის და გულისწყვეტის ნარევი გრძნობით გვიამბობს ხალიდა. 30 წლის შემდეგ საკუთარ წარსულსა და შესაძლო მომავალს სხვაგვარად ხედავს. ახლა არც მისი ოცნებები ეჩვენება აუხდენელი. რომ შეეძლოს, საკუთარ ისტორიას სხვაგვარად გადაწერდა. სხვაგვარად დაალაგებდა ღირებულებებსაც. მორჩილებას - ბრძოლით შეცვლიდა, ისე, როგორც აიდამ მოახერხა. მან ოცნება მიზნად აქცია და ამ გზაზე არაფერს თმობს. დღეს ისეთი შვილი ჰყავს, როგორიც თავად უნდოდა ყოფილიყო.

აიდამ ტრადიციას და ცრურწმენას პირველი რაუნდი 12 წლის ასაკში მოუგო. წინააღმდეგობის მიუხედავად, სამტრედიის სამხატვრო სკოლაში ისწავლა და წელს დიპლომიც აიღო.
ხალიდამ ეს ვერ შეძლო. ვერც ვერავინ მისი ტოლი ქალებიდან. ის თაობა მორჩილად ასრულებდა "რაც მამას უნდოდა". აიდა კი სწორედ "მამებს"და მათ "შიშებს" შეეწინააღმდეგა.

"სამხატვრო სკოლაში სწავლის უფლებას მამა არ მაძლევდა, ეშინოდა უცხო ქალაქში ჩემი მარტო გაშვების, შემდეგ ჩემმა ნათესავებმა დაიწყეს სამტრედიაში ცეკვაზე სიარული და მეც მოვითხოვე სწავლის უფლება. სამტრედიის საშუალო სკოლაში კი ჩემით შევიტანე საბუთები და ოჯახის წევრები ფაქტის წინაშე დავაყენე", - ყვება გოგონა, რომელიც საშუალო სკოლას მომავალ წელს ამთავრებს და ზუსტად იცის რა უნდა. ის ია კამალოვასთან ერთად, სულ სხვა მომავალისთვის იბრძვის.



"ყოველთვის მაგიჟებდა, რომ ამდენი შესაძლებლობა აქვთ ქართველ გოგონებს და ამას არ იყენებენ. გზას არაფერი უღობავთ, თან ხელშეწყობა აქვთ. ისინი კი ზარმაცობენ", - აიდას გული წყდება, რომ, რასაც სხვები მარტივად აღწევენ, მესხებისთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა თავისი თანატოლი გოგონების უარი სწავლის გაგრძელებაზე, მათი არჩევანი ჰგონია, და არა ტრადიციისა და ოჯახის მხრიდან აკრძალვა. აიდასთვის და ხალიდასთვის სარწმუნოების დოგმებიც არჩევანია. ისლამი მათ განათლების მიღებას არ უშლის, ხატვის აკრძალვაზე კი არც არაფერი სმენიათ. მაგრამ რაც არ უნდა ეწეროს რელიგიურ წიგნებში, ყველაფერი მაინც ადამიანზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არ მიიღებს აკრძალვას, "თავსაფარზეც ასეა, შენზეა მაინც დამოკიდებული დაიფარებ თუ არ დაიფარებ", - ამბობს ხალიდა.

აიდა მიიჩნევს, რომ ყველა დაბრკოლება შეიძლება გადალახო, როდესაც მიზანი გარკვეულია. მიზნისკენ სვლა კი მეზობელი ანა
კამალოვასგან ისწავლა. ანამ, ცხა კლასის დასრულების შემდეგ, მეცხრე უბანში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, პირველმა გააგრძელა კოლეჯში სწავლა და ტანსაცმლის დიზაინერი გახდა. აიდას თამასა უფრო მაღლაა აწეული. ის უმაღლესი განათლების მიღებას სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე აპირებს. ცხოვრებაში გზის გაკვალვას კი ფუნჯითა და საღებავებით შეეცდება.

ფუნჯისა და საღებავების შესაძენად ფული ყოველთვის არა აქვს. აქაც დედა ეხმარება, თუმცა ეკონომიის გაწევა მაინც უწევთ. აიდასთვის ესეც კანონზომიერებაა, მხატვრებს არც ერთ დროში არ ულხინდათ, მათ შორის არც მის საყვარელ ლეონარდო და ვინჩის, ვისი ნახატებიც ყოველთვის არწმუნებს შეუძლებლის შესაძლებლობაში.

ქალიშვილის შეუპოვრობა ხალიდასაც გადაედო. 39 წლის ასაკში უნდა, მართვის მოწმობა აიღოს. აქ მარტივად არც ეს მიიღწევა. მაგრამ ხალიდა ახლა დანებებას აღარ აპირებს. მისი დღე დილის ექვსის ნახევარზე იწყება და საოჯახო საქმეებსა და ქმარ-შვილზე ზრუნვაში ილევა.



პირადი გატაცებებისთვის და საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ არ რჩება. ის კარგად ხედავს განსხვავებას თაობებს შორის და მოწონს შვილების მიზანდასახულობა. დღეს ყველანაირი ამბავი ყველაზე ჩაკეტილ ადგილებშიც აღწევს და რეალობას ცვლის. "მაშინ არც ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი, როგორ შემეტანა საბუთები, ვისთვის მიმემართა. დღეს ამ ინფორმაციის მიღება ყველგან შეიძლება", - ხალიდა ფიქრობს, რომ ინფორმირებულობა - გზაა თავისუფლებისკენ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არავინ უნდა გაუშვას.
აიდას მიზნამდე რთული და გრძელი გზა აშორებს, თუმცა სჯერა, რომ ბოლომდე მივა.

შვილის შესაძლებლობებისა და მტკიცე ხასიათის იმედი აქვს ხალიდასაც.

მის მზისგან დამწვარ, ლამაზ სახეზე დროდადრო სინანულის ჩრდილები ჩნდება. თვალები მხოლოდ მაშინ უნათდება, როდესაც შვილის მომავალზე საუბრობს.

აიდა ოცნების ქალებს ხატავს.

ხალიდას "საოცნებო ქალები" კი აიდა და იაა, უხილავ ბარიერებთან მებრძოლი მომავლის გოგონები.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.