საზოგადოება
პირველი საყოველთაო არჩევნები და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წელი (ფოტო)
FaceBook
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, იმის მიუხედავად, რომ მან მხოლოდ 1028 დღე იარსება, საქართველოს ისტორიისთვის უდიდესი მონაპოვარია.
1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ,  ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, საზეიმო ვითარებაში მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 73 წლის შემდეგ კი, 1991 წელს, საბჭოთა კავშირისგან თავდაღწეულმა საქართველომ, სწორედ ამ აქტის საფუძველზე აღადგინა ქვეყნის დამოუკიდებლობა.


საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი


სამწლიანი არსებობის განმავლობაში, პირველმა რესპუბლიკამ შეძლო და შექმნა სახელმწიფო ინსტიტუტები, რეგულარული არმია, ჩაატარა პირველი საყოველთაო არჩევები და მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

პირველ საყოველთაო არჩევნებს, საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ეროვნულმა საბჭომ, რომელიც 1918 წლის 8 ოქტომბრიდან პარლამენტად იწოდებოდა, დამფუძნებელთა კრების არჩევნების ჩატარებისთვის სამზადისი ორგანიზებულად დაიწყო. საბჭომ საარჩევნო კანონი შეიმუშავა, რომელსაც "დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა" ეწოდებოდა და განმარტავდა შემდეგს:

"დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ. რეგულარულ ჯარში ჩარიცხულს აქვს მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლება".

შეიქმნა ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია, რომელშიც პარლამენტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიც შედიოდნენ, გადამზადდნენ საუბნო კომისიების წევრები, გადაისინჯა და დაზუსტდა ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 15 საარჩევნო სუბიექტი და არჩევნებში მონაწილე 600 კანდიდატი, რომელთაგან 26 ქალი იყო.
სახელმწიფომ საარჩევნო კამპანიაზეც იზრუნა. დაიბეჭდა კანდიდატების საარჩევნო ბიულეტენები და არა მხოლდო ქართულ ენაზე, არამედ, ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და დარიგების ხარჯები მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო.


სოც.რევოლუციური პარტიის საარჩევნო ბიულეტენი

გამოცხადდა საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კომისია მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებდა.
არჩევნების ჩატარების დროდ დაინიშნა 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალი.




საქართველოს პირველ, საყოველთაო არჩევნებში მონაწილე პარტიები:

1. საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული მუშათა პარტია
2. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
3. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
4. სომეხთა რევოლუციური პარტია- "დაშნაკციუთუნი"
5. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
6. საქართველოს მუსულმანთა ეროვნული საბჭო
7. საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
8. საქართველოს ეროვნული პარტია
9. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტ მაშვრალთა პარტია
10. შოთა რუსთაველის ჯგუფი
11. დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
12. ბორჩალოს მაზრის მუსულმანები
13. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
14. ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა
15. ელინთა დემოკრატიული პარტია

პარტიები თავიანთ საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს მოსახლეობას საჯარო შეხვედრებსა და თავიანთი პარტიული ან იდეურად დაკავშირებული გაზეთების საშუალებით აცნობდა.
საქართველოში გამომავალ თითქმის ყველა გაზეთში მთავარ თემას საარჩევნო დაპირებები და კონკურენტების კრიტიკა წარმოადგენდა.
ოპონენტები ერთმანეთს ზოგჯერ ფელეტონებითაც ებრძოდნენ.


სოციალისტ-რევოლუცინერთა საარჩევნო ლექსი გაზეთ "შრომაში"

დათქმულ დროს, საქართველოში, პირველი საყოველთაო არჩევნები, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. გამონაკლისი იყო ის რამდენიმე რაიონი, სადაც დიდთოვლობის, ნაწილში კი სამხედრო -პოლიტიკური ვითარების გამო ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ამის გამო, აღნიშნულ ტერიტორიებზე პროცესი გადაიდო და შემდგომში ჩატარდა 2 დამატებითი არჩევნები.

საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 9 მარტს გამოაქვეყნა.

არჩევნებში საქართველოს მმართველმა პარტიამ -სოციალ-დემოკრატებმა გაიმარჯვა და დამფუძნებელ კრებაში 109 დეპუტატი გაიყვანა. 130 წევრიან კრებაში სულ 4 პარტია მოხვდა. დეპუტატებს შორის იყო 5 ქალი.

დამფუძნებელთა კრების პირველი სხდომა უხუცესმა დეპუტატმა, სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა.
პირველი არჩევნების დემოკრატიულობა და მისი შედეგები აღიარა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა.


დამფუძნებელთა კრების სხდომა

არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო ჯარის შემოსვლის პარალელურად, დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო. ზუსტად 4 დღეში კი 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა. 



საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში, 16 მარტს,  საქართველო დატოვა და პარიზში, ემიგრაციაში წავიდა.

ქვეყენაში არსებული საპროტესტო მუხტის   მიუხედავად,  საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება ვერ შეძლო და 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი გავიდა.


სტატიაში  გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის ფოტომასალა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.