საზოგადოება
ცენზურის დაწესების მცდელობაა - ქუთაისელი ხელოვანები ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტზე
FaceBook
ცენზურის დაწესების მცდელობაა, - აცხადებენ ქუთაისელი ხელოვანები იმ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ეკა ბესელიამ და ლევან გოგაჩაიშვილმა შეიმუშავეს.

ამ დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს, შესაძლოა, მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

„რაც უნდა უარყონ, ამ კანონპროექტის მიზანი არის დაწესდეს ცენზურა ხელოვნების ნაწარმოებებზე“, -  ამბობს მხატვარი ლია უკლება.

ხელოვანების აზრით, ამ კანონით და აკრძალვით პრაქტიკულად ყველა კლასიკურ და ბევრი სახლოვანი თანამედროვე შემოქმედის ნაწარმოებს შეიძლება დაედოს ტაბუ. რადგან ყველა მათგანში შესაძლებელია მოიძებნოს რაიმე სხვისი უფლებების „შემლახველი“ მომენტი.

„ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს კანონი ოდესღაც ვინმე ჭკვიანს მსოფლოს სხვა კანონებთან ერთად მიეღო, რამდენი კარგი წიგნი და ავტორი გაქრებოდა, რამდენი ფილმი, ნახატი, ნახატი კი არა, ეპოქები და მიმდინარეობები. არც ისე შორეულ წარსულში სალვა ან-ნუაიმის  "თაფლის სამხილი" (გიორგი ლობჟანიძის შესანიშნავი თარგმანი ) დაიბეჭდა, ნეტავ ეს "კანონი" რომ უკვე ყოფილიყო, რამდენ ვინმეს შეურაცხყოფდა ეს წიგნი და ავტორი? ეროტიკულობა არ არის კარგი წიგნის, ნახატის, ფოტოს, ფილმის აუცილებელი და ერთადერთი წინაპირობა, მაგრამ აბა გავცხრილოთ მსოფლიო ხელოვნება ამ პრინციპით, საინტერესოა, რა დაგვრჩება?!“, - ამბობს მხატვარი ქრისტინე რობაქიძე.

მისი აზრით, გარკვეული სახის აკრძალვებს უკვე აქვს ადგილი საქართველოში. იგი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს 

„მიმდინარე წლების და მოვლენების ფონზე, არ ვიცი, რატომ გამიკვირდა, როდესაც ამ კანონის შესახებ წავიკითხე. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ გამოფენაზე ჩემი ნამუშევარი არ გამოფინეს, მეუფეს ველოდებით სტუმრად და უხერხულიაო ( ქალს მკერდი უჩანდა), ნეტავ პაპი, ან სხვა სასულიერო პირები როცა ცნობილ მუზეუმებს და გალერეებს სტუმრობენ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ მაგალითად, რუბენსის რომელიმე ქალთან, ან დავითის ქანდაკებასთან? „დეკამერონი“ რომ არა, რას წააკითხებდა ნეტა გაბრიაძე ჩიტ ბორიას? ხომ დავიღუპებოდით ყველა მოწყენილობით“, - ამბობს ქრისტინე რობაქიძე

თუმცა, ცენზურა, რომც დააწესოს სახელმწიფომ, მხატვრების აზრით, ეს მათ შემოქმედებაში და დამოკიდებულებაში ხელოვნების მიმართ არაფერს შეცვლის. 

„ეს შემოქმედებით პროცესს არათუ ხელს შეუშლის, კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩემი აზრით“, - ამბობს ლია უკლება. 

„ჩვენი არსებობა პარადოქსებით არის სავსე. ერთ-ერთი პარადოქსი კი ის არის, რომ კულტურას სწორედ ცენზურა (ფასდება) აცოცხლებს. ცენზურაში არ ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტრუმენტს, რომელიც არის "მოკარნახე" იმისა, თუ რა უნდა დაიწეროს. კრიტიკაც ერთგვარი ცენზურაა, რომლის გარეშეც კულტურა კვდება, ამიტომ შემოქმედებით სივრცეში, სადაც კრიტიკის კულტურა არ არსებობს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ როლის შესრულებას, ადრე თუ გვიან, პოლიცია შეუდგება“, - ამბობს ფილოსფოსი ტარიელ დათიაშვილი.

შემოქმედებითი პროცესის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხელისფლების მცდელობა ამ კუთხით ხელოვანის რაიმე სახით სტერილიზება მოახდინონ იმთავითვე დამარცხებული მცდელობაა, აღნიშნავენ არტისტები.

სასამართლოს, შესაძლოა, მიანიჭონ უფლება, რომ განიხილოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტში არის საუბარი.

კანონპროექტით, კულტურის შესახებ საქართველოს კანონში რჩება დღეისათვის ისედაც მოქმედი ჩანაწერი, რომ აიკრძალება შემოქმედებითი ნაწარმოები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას და ა.შ.
Print