საზოგადოება
"აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა"
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი არასრულწლოვნებს შორის მომხდარ ძალადობრივ ფაქტს ეხმიანება.
"სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია. მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისაკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს; სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება.

ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს, არამხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახში თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა. ამასთან დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.

მნიშვნელოვანია ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი, ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიება და თვითმხილველთა და მოწმეთა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს. აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას; გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.

დაბოლოს, მედიასაშუალებებს განუზომელი როლი აკისრიათ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლის საქმეში. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მიდგომებისა და არსებული მდგომარეობის მიღმა, ზოგადი კონტექსტის მიმოხილვით უნდა გაშუქდეს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი დისკურსის შექმნას", – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.