კულტურა
„წასვლა მინდა!“ - ქუთაისელი ახალგაზრდები ნაკლები „თანამედროვეობით“ და კულტურული სივრცით
FaceBook
ეთმობათ თუ არა ბავშვებს და მოზარდებს ქუთაისში საკმარისი სივრცე და კულტურის რა ობიექტები ეხმარება მათ დასვენებასა და განვითარებაში?

ქუთაისის საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ქალაქში ბავშვები ნაკლებად ახსოვთ. ან თუ ახსოვთ ძველი ინერციით - საბჭოთა ტრადიცია ბავშვების დაინტერესება-დაკავებას რა ფორმითაც ითხოვდა იმ ფორმით. ნაკლებია თანამედროვე მიდგომები. თუმცა, ქალაქის მესვეურები პესიმისტურ შეფასებებს არ ეთანხმებიან და კონკრეტულ ახალგაზრდულ პროექტებზე მიუთითებენ, რამაც მოზარდების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა მათ რიგებში.

თუმცა, ქუთაისში ბავშვებისთვის განკუთვნილ მთავარ კულტურულ დაწესებულებად თოჯინების თეატრი რჩება. მაგრამ ეს თეატრი მხოლოდ განსაზღვრული ასაკის პუბლიკაზეა გათვლილი. პატარებს მოიაზრებს ძირითად მაყურებლად. თუმცა, ასაკობრივ დაყოფას არ ეთანხმება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე.

"თოჯინების თეატრი არ არის მხოლოდ პატარებისთვის. აქ ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია მისთვის საინტერესო სპექტაკლის აღმოჩენა. იქამდე - უფროსებსაც", - ამბობს ლევან გაბრიჭიძე.

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ოპტიმიზმს არ იზიარებს ჟურნალისტი შორენა ლაღაძე. იგი, თანამედროვე ახალგაზრდებისთვის მათი დროისა და შესაძლო ინტერესის შესაფერის შეთავაზებას ქუთაისში ნაკლებად ხედავს.

"არაფერი არ არსებობს და ამაზე ვწუხვარ ძალიან თუ არ ჩავთვლით მესხიშვილის თეატრში მილიარდში ერთხელ დადგმულ სპექტაკლებს, რომლებიც მოზარდი მაყურებლისთვისაა გათვლილი. თინეიჯერებისთვის ბევრი არაფერია მართალია არის გალერეები, მუზეუმი მაგრამ მეეჭვება ძველი ექსპონატები და გამოფენები ყველას აინტერესებდეს, მხატვრობა და ფოტოგრფიაც ყველას ინტერესის სფერო ვერ იქნებ", - აღნიშნავს შორენა ლაღაძე.

ინტერესის ბევრ სფეროს ანუ წრეს თავაზობს ბავშვებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. აქ 30 -მდე სხვადასხვა წრე მუშაობს. თუმცა, რიგი ახალგაზრდა, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროთა ჩამონათვალში, აღნიშნული საგანმანათლებლო ობიექტი ვერ მოხვდა.

"წრეში სიარულს, ინტერნეტში და იუთუბზე მასალის მოძიება მირჩევნია. იქ მეტ სიახლეს წავაწყდები", - ამბობს 14 წლის გელა.

ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი მოსწავლე-ახალგაზრობის პარკი. თუმცა, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია სხვა ფუნქციისა და დანიშნულების ადგილს - სკეიდ პარკს ითხოვს, მათ თხოვნას შეპირებებს აგებებენ ქალაქის ხელისუფალნი, თუმცა,  ჯერჯერობით მათთვის ადგილი არ გამოიძებნა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგსზრდებიდან წამოსულ კონკრეტულ მოთხოვნას მზაობა არ დაახვედრა.

სამაგიეროდ, ახალგაზრდებს ქალაქი თავაზობს საკუთარ ინიციატივებს, რომელსაც 200 ათას ლარს ახმარს - ზაფხულისა და ზამთრის ბანაკებს, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატს,პროექტს "კინოსკოლას", სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებს და ა.შ.

"ყველზე პოპულარული არის ბანაკები. ლიდერთა საზაფხულო სკოლას დიდი მოთხოვნა ქონდა - 400 განაცხადი შემოვიდა. კინოსკოლაზეც დიდი მოთხოვნა იყო. იგი 30 ბავშვზე იყო გათვლილი და 40 ჩავრთეთ", - აღნიშნავს მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ნიკოლეიშვილი.
მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში უფრო მასშტაბურ ღონისძიებაზეც საუბრობენ.

"ჩვენი სურვილია ქუთაისში ჩატარდეს ახალგაზრდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი. მასში დამწყები, ახალგაზრდა რეჟისორები როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ავტორები, საკუთარ ფილმებს წარმოადგენენ, ამით ქუთაისი იქცევა იმ ადგილად, სადაც თავს პირველად გააცნობენ პუბლიკას. ასევე, ერთმანეთთან კონტაქტი ექნებათ. ამ ფესტივალის ჩატარება ჯერჯერობით არ მოხერხდა, თუმცა, მუშაობა არ შეგვიწყვიტავს და ვიმედოვნებთ მის გამართვას",  - აღნიშნავს თამუნა ნიკოლეიშვილი.

თუმცა, ფესტივალამდე ქუთაისელი ახალგაზრდები კინოთეატრის ამოქმედებას ელოდებიან.

"კინოთეატრი რომ იყოს უფრო გახალისდებოდა ქალაქში ცხოვრება. სხვა თანამედროვე არაფერია ქუთაისში. ერთადერთი "მაგდონალდსში" თუ შეხვალ. იქ გარემოა თანამედროვე. 21-ე საუკუნეში რომ ცხოვრობ იმას გაგრძნობინებს. სხვა ადგილები მოძველებული და მოსაწყენია", - მიაჩნია 13 წლის სესილის.
თუმცა "მაკდონალდსი" და კინოთეატრის ამუშავების პერსპექტივა ოპტიმისტურ განწყობებს არ უჩენს ახალგაზრდათა სხვა ნაწილს.

"ერთადერთი რითაც თინეიჯერები ერთობიან კომპიუტერი, კაფე-ბარებში ან სწრაფი კვების ობიექტებში ჯდომაა. როდესაც ვიკითხე რისი შეცვლა გინდათ ამ ქალაქში-თქო, არაფრის, წასვლა მინდაო, მიპასუხეს", - ამბობს შორენა ლაღაძე.
მშობელთა აზრით, სანამ ახალგაზრდები ქუთაისიდან გაკრეფილან, საკუთარი დროისა და ეპოქის ადეკვატური ადგილის საძიებლად, მათ მეტი სივრცე უნდა დაეთმოს.
მათი თქმით, წინასაარჩევნოდ მერობისა თუ დეპუტატობის კანდიდატებმა ბავშვებს საარჩევო პლაკატებზე მარტო კარგი ფონის როლი არ უნდა შესთავაზონ, არამედ, მათზე მორგებული პროექტებიც უნდა წარმოუდგინონ. ამ ქალაქში მათი ელექტორატის გარდა ნულიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოქალაქეებიც არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.