განათლება
ერთი, ორი შუალედური გამოცდის ნაცვლად - ცვლილებები წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო სისტემაში
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე თვიდან ორი - ორი შუალედური გამოცდის ნაცვლად ერთს ჩააბარებენ.


რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეექვსე კვირის ნაცვლად, მათ შუალედური გამოცდა სწავლის დაწყებიდან მერვე კვირას ანუ მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან დაეწყებათ. ეს ის ცვლილებაა, რომელიც სასწავლებლის ადმინისტრაციამ არსებულის არაეფექტური შედეგის გამო მიიღო. ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ
სიახლე სწავლის შედეგზე დადებითად აისახება და შეფასების ამ სისტემით სტუდენტი იძულებული იქნება დაესწროს ლექციებს და შეიძინოს ის უნარები, რაც მას ნამდვილად სჭირდება.

პრეზენტაციები, ქუიზები, დისკუსიები, ჯგუფური მუშაობები, კითხვების დასმა, ვერბალური გამოკითხვა - ეს იმ აქტივობების ძირითადი ჩამონათვალია, რომელშიც აწსუ-ს სტუდენტებს, მიმდინარე წლის სემესტრიდან, ქულა დაეწერებათ.


ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევებით, რომელიც სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების გამოკითხვას მოიცავდა, გამოიკვეთა, რომ ძველმა სისტემამ შედეგი ვერ დადო.

მათივე დასკვნით, აქამდე 2006-2007 სასწავლო წლიდან, როდესაც ორი შუალედური გამოცდა სწავლის დაწყებიდან მე-6 და მე-12 კვირას ტარდებოდა, სასწავლო პროცესის პარალიზებას იწვევდა და ხუთი კვირა არ იყო დროის ის მოცულობა, სადაც სტუდენტებს რაღაც ცოდნის დაგროვება შეეძლოთ.

გიორგი აბაზაძე წერეთლის უნივერსიტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტია. ის ცვლილებებს მიესალმება, რადგან ამბობს, რომ აუდიტორიული მუშაობა, აქტივობის ქულა მას ლექცია-სემინარებზე სიარულის სტიმულს აძლევს.


"ფაქტობრივად, ზეპირი გამოცდის დატვირთვა გადაიბარა ამ ახალმა სისტემამ. ქულების მოპოვება ყველა სტუდენტს არა ერთი გამოცდით, არამედ სემესტრის აქტივობით უწევს, რაც კონკურენციასა და უკეთესობის სურვილს ზრდის", - ამბობს სტუდენტი, გიორგი აბაზაძე.

იგივეს ფიქრობს ამავე სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი, ნუკრი კოკაია. მისი თქმით, ერთ სემესტრში სამი გამოცდის არსებობა მათ სრულფასოვანი მეცადინეობისთვის დროს არ უტოვებდა და პრაქტიკულად ისინი მხოლოდ გამოცდიდან გამოცდებამდე საკითხების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი.

"ზოგჯერ ისე გადიოდა დრო ერთი შუალედურიდან მეორემდე, ვერც ვამჩნევდით. თან გამოცდის ერთი კვირა დაკარგული იყო, რადგან ამ დროს ლექციები არ ტარდებოდა. წინასწარ ვერ შევაფასებ ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ არსებულისგან განსხავებით ახალი სისტემა კარგი მოდელია", - ამბობს სტუდენტი, ნუკრი კოკაია.


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების გამგე, ნატო ალავიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პრეზენტაცია იქნება ეს, აქტივობა თუ ქუიზი პროგრამასთან რელევანტური უნდა იყოს, ხოლო სწავლის შედეგების მიხედვით შეფასება ადექვატური.

"მაგალითად, თუ სტუდენტმა იცის რეაქციის ჩატარება, თეორიულად კი არა, ცხადია, ის სადღაც უნდა დადასტურდეს და ეს ლაბორატორიულ მეცადინეობის დროს უნდა მოხდეს. ამიტომ, ეს ლაბორატორიული მეცადინეობაც ქულად არის გაწერილი და სტუდენტი ამაში შეფასებას მიიღებს", - ამბობს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების გამგე, ნატო ალავიძე.


რაც შეეხება, კურსის შეფასების სისტემას, შეუალედური და დასკვნითი გამოცდა პედაგოგის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს კომბინირებული, ზეპირი და წერითი. ამას კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე პედაგოგები თავად გადაწყვეტენ. თუმცა, ლექტორებმა ის დეპარტამენტთან, ფაკულტეტთან და ბოლოს ხარისხის სამსახურთან უნდა შეათანხმონ. ამის შემდეგ კურსის შეფასების სისტემა აკადემიურ საბჭოზე მტკიცდება.



ნატო ალავიძის თქმით, სხვა ფაკულტეტებზე, სადაც ამის პილოტირება გაკეთდა შედეგები გაცილებით უკეთესია.

მეორე ცვლილებით, რომელიც მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ფინალური გამოცდის ზღვარიც გაიზარდა და ის თუ აქამდე 11 ქულა იყო, ახლა დიაპაზონი 15-დან 25-მდეა. მაგალითად, უმეტეს სპეციალობებზე სიმარტივისთვის სტუდენტი პირველ შუალედურზე 30 ქულით ფასდებოდა, ამდენითვე მეორეზე და დასკვნით გამოცდაზე 40-ით. რადგან დასკვნითი გამოცდის ქულა 40 იყო, მინიმუმ 11 ქულის მქონე სტუდენტი დაიშვებოდა გამოცდაზე. ახალი რეგულაციით, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეციალობები თვითონ გადაწყვეტენ ზღვარი 15 ქულა იქნება თუ 25.


"მაგალითად, სამედიცინო მიმართულება, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს ფინალური გამოცდა ეთვლება ჩაბარებულად თუ ის 15 დან 25 ქულას მიიღებს. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს ქულა სხვადასხვანაირია", - განმარტავს ნატო ალავიძე.

მისივე თქმით, ახალი ცვლილებები სტუდენტს საშუალებას არ მისცემს არ დაესწროს ლექციებს, არ იყოს აქტიური და მოვიდეს მარტო შუალედურ გამოცდებზე.

ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორი, მზია თადუმაძე სტუდენტების შეფასების ორშუალედურიანი ფორმიდან ერთზე გადასვლას მიესალმება, რადგან მისი თქმით, სემესტრში სამი გამოცდა, პირველი და მეორე შუალედური და ბოლოს დასკვნითი გამოცდა, სასწავლო პროცესის დაპაუზებას იწვევდა.

"სასწავლო პროცესი არ უნდა იყოს ცალმხრივი პროცესი. სტუდენტის ჩართულობა მეცადინეობებზე გაცილებით უკეთესი შედეგის მომცემი იქნება", - ამბობს მზია თადუმაძე.

თუ როგორ გაამართლებს ახალი მეთოდი ამას მომდევნო სემესტრების აკადემიური ანალიზი აჩვენებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.