საზოგადოება
წიგნების თაობა (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ, თუმცა მყუდრო ქუჩაზე ერთი ძველი სახლია, მე -19 საუკუნის არქიტექტურით. შენობას დიდი ხანია არ შეხებია რესტავრატორის ხელი.



სახლში ნივთებიც ძველია, ასწლოვანი და გარკვეული ისტორიის მქონე. ოთახის კუთხეში საათი დგას. საათი თითქმის ერთი საუკუნისაა, მაგრამ ახერხებს დროს არ ჩამორჩეს. ძველია ზანდუკი, კიდევ უფრო ძველი ბუხარი და ბევრი, ბევრი წიგნი.
უკვე ერთი წელია ეს წიგნები ამ სახლის მთავარ მასპინძლებად იქცნენ.

სახლის სივრცეს ლიტერატურული კლუბი "წიგნის თაობა" იკავებს. შენობის დიდ ოთახებში ყოველდღიურად თავს 50–ზე მეტი ბავშვი იყრის.

კლუბი სოფო საკანდელიძემ დააფუძნა და უკვე ორი წელია მისი შემადგენლობა მზარდია.

სოფომ საკუთარ თავს ერთგვარი სანაძლეო დაუდო, რომ გადაჭრიდა პრობლემას, რომლის შესახებაც მისი ნაცნობი მასწავლებლები, მშობლები, ახლო მეზობლები თუ შორეული ნათესავები განუწყვეტლივ წუწუნებდნენ.

"ბევრისგან მესმოდა: ვერ დავაინტერესე ჩემი შვილი, ვერ მივიყვანე წიგნთან, არ უყვარს ამ თაობას კითხვა, არ უყვარს წიგნი. ამან დამაფიქრა, რატომ ვერ ვაინტერესებთ ლიტერატურით? მართლაც რა გვჭირს? საინტერესო თემას ვერ ვუძებნით? რატომ ვერ ვსაუბრობთ ბავშვებთან? ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ ვერ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ბავშვებს წიგნის კითხვით დავაინტერესებდი", – ყვება სოფო.

ფიქრის პარალელურად საქმეც დაიწყო. შეეცადა ისეთი სივრცე მოეძებნა, რაც ბავშვს საკითხავად განაწყობდა. ძველი სახლი, იდუმალი ნივთებითა და დიდი, მყუდრო ოთახებით შესაფერის გარემოდ მოეჩვენა. მით უფრო, რომ თაროები სავსე იყო წიგნებით.
სახლს მალე ბევრმა ბავშვმა მიაკითხა. რატომღაც წიგნებმა და კითხვის პერსპექტივამ არც ერთი არ დააფრთხო. მალე ყველას გაუჩნდა თავისი ადგილი, საყვარელი ავტორი, მისაბაძი პერსონაჟი, სამახსოვრო ფრაზა და უჩვეულო აღმოჩენა - კითხვა სიამოვნება და დიდი თავგადასავალია.




ბევრი ბავშვისთვის კლუბში სტუმრობა რიტუალად იქცა, ალტერნატიულ სამყაროში შესვლის პროცესად, სადაც შეუძლიათ სხვანაირები იყვნენ, იქონიონ საკუთარი აზრი, გამოთქვან იგი, ან არ გამოთქვან. აქ სიჩუმეც უფლება და არჩევნია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ბავშვებს კითხვით ერთგვარი თვითგამოხატვის საშუალება ყოველ დღე ეძლევათ. წიგნს ერთად კითხულობენ და წაკითხულზეც ერთად მსჯელობენ. თუმცა, წიგნთან ურთიერთობა მარტო ამით არ სრულდება. ამბავი კინოში გრძელდება. პარასკევი დღე ფილმებს ეძღვნება, უმეტესად ეკრანიზაციებს, სადაც შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ აისახა ეკრანზე ნაცნობი ამბავი.





კლუბში ბევრ რამეს ერთად აკეთებენ თუმცა დამფუძნებელს არ ავიწყდება, რომ ინდივიდებთან აქვს საქმე და თითოეულს ცალკე გასაღებს უძებნის.

"ბავშვის ინდივიდუალობას და მის ხასიათს ვითვალისწინებ. ვფიქრობ რა მეთოდი გამოვიყენო, რა გაამართლებს, როგორ დავეხმარო მას. რომელ ჯგუფში დავსვა, სად უკეთ იგრძნობს თავს", - ამბობს სოფო.
ფიქრი და ძიება კლუბის დამფუძნებლის მთავარი მოკავშირეა. ასე მიაგნო ბავშვებთან მიმართებაში უფროსების ფუნდამენტურ შეცდომას. ამ აღმოჩენას სოფო გამარჯვებად მიიჩნევს.

"რატომ გავიმარჯვე? ამის პასუხია ის, რომ თუკი რაიმეს ვერ მივაღწევ, მე მივიჩნევ ჩემს თავს დამნაშავედ, როდესაც ბავშვს არ აინტერესებს, ყოველთვის მე ვარ დამნაშავე. ვერ შევურჩიე საჭირო წიგნი, ვერ შევურჩიე სწორი პერსონაჟები, ვერ მივედი იმ თემამდე, რაც მას აინტერესებდა. თუ ასე დააყენებ საკითხს, ამოცანის კითვაზე, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, იპოვი პასუხს", – მიაჩნია სოფოს.
განათლების სისტემა, სკოლა, ბევრი მასწავლებელი, არც თუ ცოტა მშობელი საკითხს სხვაგვარად აყენებს და პასუხისმგებლობის ვექტორს ბოლომდე ბავშვებისკენ მიმართავს. თუ არ სწავლობს, არ კითხულობს, არ აინტერესებს ეს მხოლოდდამხოლოდ ბავშვის ბრალია. უფროსი თაობის დიდი ნაწილი წიგნისადმი უსიყვარულობას მთელ უმცროს თაობაზე ავრცელებს.

კლუბის დამფუძნებლები ამ ტენდენციას სახელითაც შეეწინააღმდეგეს და კლუბს "წიგნების თაობა" ამიტომაც დაარქვეს.
წიგნების თაობაში პასუხისმგებლობა სხვაგვარად გაანაწილეს და შედეგიც სხვაგვარი მიიღეს.

"ბავშვს უხარია გათენება იმიტომ, რომ აქ მოდის", - ამბობს მშობელი ხათუნა ზიბზიბაძე.

"ადრე კითხვას ვერ გააგონებდი, ახლა არათუ კლუბში, სახლშიც კითხულობს", - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

კლუბში მიაჩნიათ, რომ კარგი შედეგი თანამედროვე ავტორებზე სწორებამაც მოიტანა. იმის გააზრებამ, რომ ბავშვზე დრო უფრო დიდ გავლენას ახდენს ვიდრე მშობელი. ამ ფაქტის უარყოფით ყველა წააგებს.
ისე როგორც აგებს ბევრი სკოლა. სკოლა ვერ ეწევა დროს და სწორედ ეს არის მისი მოსწავლეებთან გაუცხოების მიზეზი. იგი წარსულში დარჩა, მათ შორის ლიტერატურული გემოვნებით. კლუბი ამ სიცარიელის შევსებას ცდილობს, რაც მოზარდებს ეხმარება გარშემო ბევრი რამ შეამჩნიონ .

"ბევრჯერ გვისაუბრია შშმ პირებზე და პანდუსებზე, რომელიც უნდა იყოს ქალაქში, შენობებში, სკოლებში. ამის შემდეგ გვწერს რამოდენიმე მოსწავლე, რომ პანდუსები არ არის მათ სკოლებში, ან თუ არის უგულოდ გაკეთებულია. ადრე ამას ყურადღებას არ აქცევდა, ახლა თანამეროვე ავტორების წიგნებმა, რომლებიც სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა, მიაქცევინა ყურადღება და მგრძნობიარე გახადა", - ამბობს სოფო საკანდელიძე.
კლუბი მუდმივად კავშირშია თანამედროვეობასთან, მაგრამ არ წყვეტს ძაფებს წარსულთან. ამას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.
"ჩვენ ვართ შენობაში რომელიც ძალიან ძველია. არ გვაქვს სურვილი გავარემონტოთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმ წარსულს, რომელიც აქ არის, მაგრამ ამ ძველ სივრცეში ვსაუბრობთ და ვფიქრობთ იმ მიმართულებით, რაც ამ საუკუნეს შეფეერება. ჩვენი სიტყვით ვამბობთ ახალ სათქმელს და ძეგლს ვტოვებთ ძეგლად".

"წიგნების თაობას" დროს საუკუნოვანი საათი უჩვენებს, ყოველთვის ზუსტი და მუშა. ბავშვებიც ასე არიან - წარსულთან შეხებაში, მაგრამ არასდროს ჩამორჩებიან დროს.


ავტორი: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახი რომ არჩინოს, ყოველ მეორე დღეს 24 საათი მაღაროში შედის.
20:41 / 23.05.2019
ოჯახი რომ არჩინოს, ყოველ მეორე დღეს 24 საათი მაღაროში შედის.
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმართველმა, სოციალისტურმა პარტიამ,
ქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად, ქართველი მანანა
გოგოლაძე წარადგინა.
14:13 / 21.05.2019
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მმართველმა, სოციალისტურმა პარტიამ, ქალაქის ადგილობრივ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად, ქართველი მანანა გოგოლაძე წარადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა. აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად ასევე დაზიანებულია სამი პალმა. "ამ მანქანის უკან მყოფი მანქანაც ამობრუნდა, თუმცა იქაც ყველა გადარჩა საბედნიეროდ," – ამბობენ თვითმხილველები. სამაშველო ბრიგადის მისვლამდე ადგილობრივებმა მოახერხეს ცეცხლის ცეცხლმაქრით ჩაქრობა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედების აღმიშვნელი საინფორმაციო აბრები გამოჩნდა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
წყალტუბოში  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.
2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
მიმდინარე წლის 23 მაისის 19:30 საათიდან - 24 მაისის 07:30 საათამდე, ჭიათურის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.