განათლება
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ საგანს "მე და საზოგდოებას" ისწავლიან
FaceBook
ახალი სასწავლო წლიდან მე-3, მე-4 კლასებში ახალი საგნის "მე დ საზოგადოების" სწავლება იწყება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩიქობავა EDU.AღIშ.GE-სთან ამბობს, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ეს საგანი კლასის დამრიგებლებმა ასწავლონ.

"ეს არის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგანი და ისწავლება მესამე-მეოთხე კლასებში. სამინისტრომ თავის დროზე გასცა რეკომენდაცია, რომ ამ საგნის პედაგოგი აუცილებლად ყოფილიყო დამრიგებელი, რომელიც ამავე დროს ასწავლის რამდენიმე საგანს: ქართულს, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას. ტრენინგებიც ამ ტიპის პედაგოგებზე ორიენტირებულად დაიგეგმა. თუმცა, საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, სკოლის გადასაწყვეტია, რომელ პედაგოგს გამოყოფს ამ საგნისთვის. იმიტომ რომ ყველა სკოლას თავისი საჭიროებები და შესაძლებლობები აქვს.

სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან ეს იყო მხოლოდ რეკომენდაცია. ვიცი, რომ უმრავლეს სკოლაში ასე გადაწყდა, თუმცა რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, გარკვეულ სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის სხვა საგნის, მაგალითად, სამოქალაქო განათლების პედაგოგიც ასწავლის", – აცხადებს მარიამ ჩიქობავა.

თუ რატომ მაინცდამაინც კლასის დამრიგებლებმა უნდა ასწავლონ "მე და საზოგადოება", ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი აზუსტებს, რომ ისინი უკეთ იცნობენ კლასს.

"ამ საგნის თემები – ჩემი სკოლა, ოჯახი, თანატოლები, მეგობრები – შეეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, დახმარება, მზრუნველობა. სხვადასხვა საკითხზე დისკუსიები, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, გარემოს დაცვა. ძალიან დიდი წილი მოდის მოსწავლეთა შორის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი იცნობდეს იმ კლასს და მოსწავლეებს, რომლებსაც ასწავლის. რა დაუწერელი წესებია დამკვიდრებული ამ კლასში, როგორი კულტურაა ჩამოყალიბებული. სწორედ ამიტომ იქნა ეს რეკომენდაცია მიცემული, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ყველა სკოლამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაარეგულირებს ამ პროცესს", – აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

წყარო: edu.aris.ge
Print