განათლება
„მომავალ წელს ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი
FaceBook
მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მიზნით მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მუხიანის საგამოცდო ცენტრში მისულმა განათლების მინისტრმა განუცხადა.

„ჩემი მოსაზრებით, გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება შესაძლებელია გაზაფხულის პერიოდში. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ კონცეფციაზე და მომავალ წელს უკვე შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ჩავატაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმაც.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ მოხარული ვიქნები, თუკი ეროვნული გამოცდები ისეთ დროს ჩატარდება, რომ არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები, მათ შორის სიცხე. გაზაფხულზე გამოცდების ჩატარებას რაც შეეხება, ამ მხრივ მე ერთადერთ პრობლემად იმას ვხედავ, რომ სასწავლო პერიოდი არ არის დასრულებული სკოლებში და უმაღლესებში და სად შეიძლება ჩატარდეს გამოცდები რთული სათქმელი იქნება. ეროვნული გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ. თუმცა შესაძლებელია, გარკვეული ვარიანტების მოფიქრება”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი გაიხსნება. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

წყარო: edu.aris.ge
Print