განათლება
მოსწავლეთა 14%–ს წაკითხულის გააზრება მინიმალურ დონეზეც არ შეუძლია – PIRLS–ის კვლევის შედეგი საქართველოში
FaceBook
"ეს,  რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია“, – ასე შეფასდა საქართველოში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების უნარის შემოწმების შემდეგ დადებული უახლესი შედეგები.
PIRLS–ის (Progress in International Reading Literacy Study) კვლევა ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ჩატარდა. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე.

„წაკითხულის გააზრება უმაღლეს საფეხურზე ანუ ტექსტის წაკითხვა, გააზრება და გაანალიზება, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 2%–ს შეუძლია“– აღნიშნული მონაცემები PIRLS-ის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშია მოყვანილი, რომლის პრეზენტაციაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 5 მაისს გაიმართა. კონფერენციაში „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი მოსწავლეთა წიგნიერების დონეზე იყო გაკეთებული.

საქართველოში PIRLS-ის კვლევის ფარგლებში შერჩეული იყო 200 სკოლა და დაახლოებით 6 ათასამდე მოსწავლე მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექტორები.

კვლევის მიხედვით, წაკითხულის გააზრებას უმაღალეს საფეხურზე მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს. უმაღლესი საფეხური გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში. ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია როგორც ლიტერატურული, ისე საინფორმაციო ტექსტის წაკითხვა, გაგება, გააზრება და ანალიზი, საუბარია ასაკთან შესაფერის ტექსტებზე.

მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%,

საშუალო საფეხურზე – 36%

დაბალ სააფეხურზე -26%

კრიტიკული ზღვარი – 14%
, ეს არის ბავშების მასა, რომლებიც მინიმალურ დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

„ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო ციფრია, რადგან თუ ჩვენ მიღწევის დაბალ საფეხურზე მყოფ ბავშვებს შევხედავთ, რომლებიც მხოლოდ დაბალი საფეხურისთვის განკუთვნილ დავალებებს ართმევენ თავს, რომელთა საერთო რაოდენობაც 20%-ზე მეტია და ამას დავუმატებთ კრიტიკულ ზღვართან მყოფთა რაოდენობას, პრინციპში, ჩვენ რისკის შემცველი ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს“, – აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევითი დაეპარტამენტის უფროსი ია კუტალაძე.

„კვლევაში შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი წაკითხული გააზრებაა. ბავშვს შესაძლოა, კითხვისას მხოლოდ იმის გააზრება შეეძლოს, რაც ტექსტში ცხადად არის მოცემული ან შეეძლოს ბევრად მეტი, წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან შედარება, დასკვნის გამოტანა, გაანალიზება და ა.შ. ანუ არის შედარებით მარტივი და რთული პროცესი, რომელიც თავსდება საინფორმაციო და მხატრვულ ტექსტებში.

„ბავშვი იღებს ბუკლეტს, რომელშიც მოცემულია საინფორმაციო, მხატვრული და ლიტერატურული ტექსტები, რომელსაც თანდართული აქვს კითხვები და იმის მიხედვით, თუ როგორ პასუხობს ის ამ კითხვებს, ჩვენ ვიგებთ რამდენად არის მასში განვითარებული კითხვის უნარი“, – ამბობს ია კუტალაძე.

PIRLS-ის კვლევებში სულ 60–მდე ქვეყანა მონაწილეობდა, დაახლოებით 319 ათასი მოსწავლე, ამდენივე მშობელი, 16 ათასამდე მასწავლებელი და 12 ათასამდე სკოლის დირექტორი.

წინა კვლევების დროს, 2006 და 2011 წლებში, ქართველმა მოსწავლეებმა არცთუ ისე სახარბიელო შედეგები აჩვენეს. კერძოდ, მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი – 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს. 2011 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.

წყარო: edu.aris.ge
Print