გამჭვირვალე თვითმმართველობა
მთავრობის შეუსრულებელი ვალდებულება და შემოსავლების გარეშე დარჩენილი მუნიციპალიტეტები
FaceBook
საქართველოს მთავრობას, მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის შესახებ, 2014 წელს აღებული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ირკვევა, რომ სახელმწიფოს ამ საკითხზე მუშაობაც არ დაუწყია.

იუსტიციის, რეგიონალური განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს, ამ დრომდე არ აქვთ შემუშავეული მიწების გადაცემის წესი და გრაფიკი, რომლის ვალდებულებაც 2014 წელს "თვითმმართველობის კოდექსით" აიღეს. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, უწყებებს აღნიშნული დოკუმენტი მთავრობისთვის დასამტკიცებლად 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ. 

კვლევის ავტორის, არჩილ თოდუას თქმით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანზიაციამ ვერც ერთი უწყებისგან ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, თუ რატომ არ შეასრულა სახელმიწფომ ვალდებულება.

"არ ვიცი რატომ არ თმობს სახელმწიფო ამ ქონებას. შეკითხვებზე, რაც დავსვით, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია. ფაქტია, რომ სახელმწიფო არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას, რითიც აფერხებს არამხოლოდ რეალურ დეცენტრალიზაციას, არამედ, მუნიციპალიტეტებს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას ართმევს. თუ ეს ქონება იქნება თვითმმართველობების საკუთრებაში, მაშინ მუნიცპალიტეტებს ექნებათ უფლება გასცენ იჯარით, გაყიდონ და გაიჩინოს დამატებითი შემოსავლის წყარო. ამასთანავე, დამერწმუნეთ, ადგილზე არსებულ ქონებას, მითუმეტეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, თვითმმართველობები უფრო ეფექტურად განკარგავენ, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება", - ამბობს არჩილ თოდუა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სისტემურად აღრიცხული თუ რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ფლობს სახელმწიფო მუნიციპალიტეტებში, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დათვლა, თუ რა რაოდენობის ფინანსურ ზარალს იღებენ მუნიციპალიტეტები იმით, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული მიწების განკარგვის უფლება არ აქვთ.

"პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მუნიცალიტეტების ტერიტორიაზე არსებობს დიდი ოდენობის ქონება, რომელსაც ფლობს ხელისუფლება და არა თვითმმართველობები. კანონის მოთხოვნაა ის, რომ ერთიანად მოხდეს იმ ქონების აღრიცხვა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, რაც არ შესრულდა. აქ თავისთავად არ იგულისხმება კონკრეტული მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის მოთხოვნილი ქონება, საუბარია მიწების სისტემურ გადაცემაზე", - ამბობს არჩილ თოდუა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დიდი ნაწილი უკვე პრივატიზებულია, თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული ქონება ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში იქნება. 

"როცა კონკრეტული მიზნით გვესაჭიროება მიწა, ამაზე მივმართავთ სამინისტროს და წინააღმდეგობა არ გვექმნება. თუმცა, კარგი იქნება, რომ მთლიანად ჩვენს განკარგულებაში იყოს", - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ თუთარაშვილი.

მისივე თქმით, 2016 წელს ზესტაფონის გამგეობამ მხოლოდ ერთი ასეთი მიმართვა გააგზავნა შესაბამის უწყებაში, მიმდინარე წელს კი მუნიციპალიტეტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის  თხოვნით  ჯერ არ მიუმართავს.

თერჯოლაში კი მიიჩნევენ, რომ მათი მუნიციპალიტეტის მცირემიწიანობის გამო, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა ნაკლებად ეხებათ.

"კომლს რომ დასჭირდეს გაყოფა და მიწის შეძენა, ამის საშუალებაც არ არსებობს. თითო ოჯახზე გაცემული მიწის ფართობი 4-5 ჰექტარს არ აჭარბებს თერჯოლაში. ამიტომ, ჩვენთვის ნაკლებად პრობლემურია ეს საკითხი", - ამბობს თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თემურ ქოჩიაშვილი.

მის მიერვე მოწოდებული ინფორმაცით ირკვევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებიდან, მუნიციპალიტეტი არც თუ მცირე შემოსავლებს იღებს. მაგალითად, გასულ წელს თერჯოლის ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავლებმა 1 900 000 ლარი შეადგინა. აქედან, 32 000 ლარი მუნიციპალიტეტმა სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატებისგან მიიღო. მიმდინარე წელს კი, ამ გზით ბიუჯეტში 3 თვეში 7000 ლარია შესული.

რატომ არ ასრულებს სახელმწიფო "თვითმმართველობის კოდექსით" აღებულ ვალდებულებას და რატომ არ აძლევს მუნიციპალიტეტებს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, ამაზე პასუხი არ აქვთ ეკონომიკის სამინისტროში.

სახელმწიფო ქონების მთავარ განმკარგავ უწყებაში ამბობენ, რომ საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ისინი სხვის მაგივრად ვერ ისაუბრებენ.

"ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კომპეტენცია, ამიტომ, სხვის მაგივრად ვერ ვისაუბრებთ. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. საკითხი განხილვის ჭრილშია და ჯერ არ არის შეთანხმებული", - განგვიმარტეს ეკონომიკის  სამინისტროში. 

საკითხზე კონკრეტული პასუხი  არც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აქვთ. არასამთავრობოსთვის მიწერილ ოფიციალურ პასუხში უწყება განმარტავს, რომ თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება, "ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის" ფარგლებშია გათვალისწინებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მთავრობას მოუწოდებს გონივრულ ვადებში დაიწყონ მუნიციპალიტეტებისთვის მიწების გადაცემის პროცესი და ამით ხელი შეუწყონ თვითმმართველობების რეალურ დეცენტრალიზაციას.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.