ყველაზე ტკბილი საწარმო ქუთაისში - "ელვა"
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

***
საწარმო "ელვა" 1998 წელს დაარსდა. ის ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში ფუნქციონირებდა. თავდაპირველად, საწარმოში მხოლოდ ხორბლის მიღება და გადამუშავება ხდებოდა. ადგილზე ფქვილს და ქატოს ამზადებდნენ, აფასოებდნენ და რეალიზაციაც აქვე ხდებოდა.

მოგვიანებით, კომპანიის დამფუძნებელმა პურის წარმოება გადაწყვიტა, რომელიც საწარმოში წარმოებული ფქვილით დამზადდებოდა.



შპს "ელვა"-ს მიერ დამზადებული პური პირველად ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა, რომელმაც ღირსეული სახელი დაიმკვიდრა. 2008 წლიდან კომპანიამ საკონდიტრო ნაწარმის წარმოება დაიწყო და მომხმარებელს სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმი შესთავაზა.

"დღესდღეობით საწარმო უშვებს 10-მდე დასახელების პურსა და 40- მდე დასახელების საკონდიტრო ნაწარმს.შპს "ელვა"-მ თავიდანვე მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა, რაც განპირობებულია პროდუქციის მაღალი ხარისხით. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის: მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პურ-პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს სხვადასხვა დანამატებსა და კონსერვანტებს," - განგვიმარტა კომპანის წარომადგენელმა, თემურ ქარქაშაძემ.

თავდაპირველად, საწარმოში 15 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს კი 120 ადამიანი სხვადასხვა ცვლაშია დასაქმებული. შპს"ელვა"-ში პროდუქციის წარმოება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.



ამ დროისათვის შპს "ელვას" პროდუქცია ქუთაისში კომპანიის ორ საფირმო მაღაზიასა და მთელს დასავლეთ საქართველოს მაღაზიათა ქსელში იყიდება. მათ მიწოდებას 20-მდე სადისტრიბუციო მანქანა უზრუნველყოფს. თუმცა, კომპანიაში წარმოებული პურის რეალიზაცია მხოლოდ ქუთაისში ხდება.



საწარმოში ამბობენ, რომ ბაზრის შესწავლა მუდმივად მიმდინარეობს და მომხმარებელს ყოველთვიურად სიახლეს სთავაზობენ.



კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი მთავარი სავიზიტო ბარათი, წარმოებული პროდუქციის ხარისხია.
ხარისხის გამო, შპს "ელვას", გასულ წელს,საქართველოში მოქმედ პურისა და საკონდიტრო ნაწარმის 30 საწარმოს შორის ოქროს რეიტინგი მიენიჭა.



იხილეთ რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სხვა სტატიები:



"ავანგარდი" - რძის პროდუქტების ქუთაისური ბრენდი

CRP WOOD - ხის ინოვაციური ქარხანა ქუთაისში

ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი, რომლითაც ევროპასა და აზიაში იმოსებიან

რკინის დიზაინი - ქუთაისური საწარმოს 8 წლიანი ისტორია
Print