თხილის მოსავლის 70% დასავლეთ საქართველოში შესაძლოა კვლავ განადგურდეს
FaceBook

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულმა აზიურმა ფაროსანამ შესაძლოა მოსავლის 70 % გაანადგუროს.

მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სამთავრობო დონეზე იგეგმება. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს აანონსებს. მავნებელი სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, შესაბამისი ზომების არ გატარების შემთხვევაში მის გავრცელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პროგნოზირებენ.

ნარგიზა დვალიშვილი წლებია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში თხილით ვაჭრობს. ის შარშანდელთან შედარებით თხილის ხარისხის მკვეთრ კლებაზე საუბრობს. მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით თხილის მესამედი უვარგისია. მაგალითად, გასულ წელს 2 კგ თხილში 1 კილო თუ გამოდიოდა კარგი ხარისხის, ახლა 2 კილოგრამში ნახევარი კილოს ამორჩევა უჭირს.

"რაოდენობაც არ მოვიდა იმდენი და მერე დაზიანებული იყო. საშუალოდ 10 კაკალი თხილიდან 2 გამოდის ნორმალური. ამდენს რომ იწვალებ, ამდენ თხილს რომ გაარჩევ და შედეგი არ გექნება ძალიან ცუდია", - ამბობს ნარგიზა დვალიშვილი.


ნარგიზა დვალიშვილი

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია ფერმერებს მთავრობა გვერდში ამოუდგეს, რადგან მათ შხამქიმიკატების შესაძენი თანხა არ აქვთ.

მწერი, რომელიც თხილს აზიანებს, აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს ეძახიან. ის მავნებელ მწერს წარმოადგენს, რომელიც მცენარეებით იკვებება. ზრდასრული მავნებლის ზომა 12–17 მმ–ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოსებრი ტექსტურით, ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

მავნებელთა უმეტესობა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ ბინებში, ნაპრალებში, სხვენზე, კარებისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში ბინადრობს.

"მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს, მაისიდან იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით იკვებება. ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს ხვრეტს, ნაყოფის შიგთავსს ათხელებს, წოვს და მასში კორპისებრ ლპობად ლაქებს წარმოქმნის", - განმარტავს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ჯაფოშვილი.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ამიტომ საქართველოში მასთან ბრძოლის გამოცდილება ჯერჯერობით არ აქვთ. მავნებლის სამშობლო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაა. ამერიკის შეერთბულ შტატებში აზიური ფაროსანა პირველად1973 წელს აღრიცხეს, თუმცა მწერის მავნებლობა მხოლოდ 2001 წელს დაფიქსირდა. 

აზიურმა მწერმა 2016 წლის სეზონზე სამეგრელოსა და გურიის რეგიონში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თუმცა თხილის გარდა, ფაროსანა თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებსა და ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. ის განსაკუთრებულს ზიანს თხილს, ატამს, ვაშლ–ატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს აყენებს.

"მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%–იც კი შეადგინოს", – ამბობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ჯაფოშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მწერთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა მოსახლეობაში მავნებელთან ბრძოლის მეთოდების ცოდნას აქვს. ამ მიზნით სააგენტოს წარმომადგენლებმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისიძებების თაობაზე ქუთაისში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო–საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

სააგენტოში ქუთაისიპოსტთან საუბარში  განმარტავენ, რომ ზამთარში ერთი ფაროსანას განადგურება მომავალი სეზონისთვის 200–მდე ახალი ფაროსანას მოსპობას ნიშნავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან მასპინძელ მცენარეებზე ყოველკვირეული დაკვირვება უნდა ჩატარდეს.

"რეკომენდებულია, ასევე, მცენარეების ინსექტიციდებით მხოლოდ მავნებლით დასნებოვნებულ ადგილებში დამუშავება. ინსექტიციდები პირველადი შეხურება უნდა მოხდეს არა უგვიანეს ივნისის ბოლოს", - განმარტავენ სააგენტოში.

პესტიციდების გამოყენებისას სურსათის ეროვნული სააგენტო შემდეგი უსაფრთხოების წესების დაცვას გვირჩევს.

"იქონიეთ დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, რესპირატორი, აირწინაღი, დამცავი სათვალე და ხელთათმანი. შესხურებისას თამბაქოს მოწევა და საკვების მიღება აკრძალულია. პესტიციდების გამოყენების წინ დახურეთ სასმელი წყლის ჭები, დაამწყვდიეთ ფრინველები, საქონელი, შეზღუდეთ ფუტკრის ფრენა. შეწამლული პროდუქტის საკვებად გამოყენება წამლობიდან 18–20 დღის განმავლობაში დაუშვებელია. წამლობა უქარო ამინდში დილას ან საღამოს ტარდება. შესაძლებელია, ღრუბლიან ამინდში შუადღის საათებში", - განმარტავენ სააგენტოში.

სააგენტოს განცხადებით, მწერთან საბრძოლველად საჭირო ყველა საშუალება მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. მათივე თქმით, თავის მხრივ, მოსახლეობამ მავნებლის აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად
განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
14:40 / 22.02.2022
სამტრედიის სოფელ ბაშში მცხოვრები ლიანა ხასაიას მიწის დასამუშავებლად განსაზღვრულ აგრობარათზე თანხა წელს აღარ დაერიცხა.
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ,
წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.
11:30 / 19.02.2022
ფერმერებს, რომლებიც აგრობარათით სარგებლობდნენ, წელს დამატებითი ქულები აღარ დაერიცხებათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.