ქუთაისის ყოფილი მერი საარჩევნო კამპანიაში ერთვება - ჩაანაცვლებს თუ არა გიორგი ჭიღვარიას?
FaceBook
ქუთაისის ყოფილი მერი საარჩევნო კამპანიაში ერთვება.

შოთა მურღულია ამ დროისთვის ქალაქში იმყოფება და მეორე ტურისთვის სამთავრობო გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს დაეხმარება. 

„2012 წლის დასაწყისიდან ვიბრძოდი იმისათვის, რომ ძალადობა, ეს რევანშისტობა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდი მმართველობა არ ყოფილიყო. ახლა, 6 წლის თავზე, ისევ ეს თემა დადგა. მე ჩავერთე აქედან გამომდინარე და იმ ბევრ ადამიანთან ერთად, ვისაც არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩემს მთლიან რესურს გამოვიყენებ. მაგრამ მე არ ვიქნები არც ლიდერი და არც შტაბის ხელმძღვანელი“, - განუცხადა "ქუთაისიპოსტს" ქალაქის ყოფილმა მერმა.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელი ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარიაა. ცნობილია, რომ შტაბებში საკადრო ცვლილებები იგგმება.

გიორგი ჭიღვარია თბილისში 30 ოქტომბერს იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნების პირველ ტურში მიღებული ცუდი შედეგების გამო "დაიბარეს".

შეეხება თუ არა ქუთაისის შტაბს ცვლილებები და რა ფორმით იქნება ჩართული ქალაქის ყოფილი მერი შოთა მურღულია საარჩევნო კამპანიაში, ამ კითხვებზე "ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, რომ საკითხს მოიკვლევენ და ინფორმაციას შემდეგ მოგვაწვდიან. თავად გიორგი ჭიღვარია კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მონაცემების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ 29 585 ხმა 46.98 %, ხოლო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 058 ხმა (28.67%) მიიღო. ქუთაისში რეგისტრირებული იყო 156 051 ამომრჩეველი.

რაც შეეხება, შოთა მუღულიას, ქუთაისის მერად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოვიდა. მანამდე ის ( 2013 წლის ნოემბრიდან) მერის მოავალეობას ასრულებდა. მურღულიას მერის პოსტი 2017 წლის ნოემბრამდე ეჭირა.

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია გახდა.  სწორედ მას შემდეგ, შოთა მურღულიას დროს განხორციელებული სხვადასხვა პროექტებით საგამოძიება უწყება დაინტერესდა. მათ შორის არის, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრეს მოწყობისთვის დახარჯული თანხები. ააიპის ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად მანდარიამ შესაბამისი დოკუმენტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა, თუმცა, საქმეზე გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ასევე, საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე სწავლობენ ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის ადგილობრივის ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობას.
Print