"კორდი" - ქვის ინოვაციური საწარმო ქუთაისში
FaceBook
ქუთაისიპოსტი აგრძელებს რუბრიკას - "დამზადებულია ქუთაისში". რუბრიკის ფარგლებში, თვეში ერთხელ, გაგაცნობთ ჩვენი ქალაქის თანამედროვე საწარმოებს.

საწარმო "კორდმა" ფუნქციონირება ორი წლის წინ დაიწყო. კომპანია ქუთაისში მოქმედი დეველოპერული კომპანია "დიზაინკომპლექსის" შვილობილია. საწარმოში გამარმარილოებული კირქვისგან რამდენიმე დასახელების ხელოვნური ნაკეთობა მზადდება.

საწარმოშო იმედოვნებენ, რომ მათი ინოვაციური პროდუქცი, როგორიცაა კიბისა და კედლის ფილები, ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ იმპორტირებულ ნაწარმს ჩაანაცვლებს.

"ვიდრე წარმოებას დავიწყებდით, მანამდე ფასადისა და კიბეების მოსაპირკეთებლად ანალოგიური პროდუქტი შემოგვქონდა უცხოეთიდან. ადგილზე წარმოებით კი, ჩვენ ხელს შევუწყობთ ეროვნული ვალუტის გაძლიერებას, რადგან ეს ფული ადგილზე დარჩება. თანაც, ჩვენი პროდუქცია გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე იმპორტირებული," - განმარტავს კომპანია "კორდის" დამფუძნებელი, ზურაბ გუბელაძე.



ნაკეთობების დასამზადებლად "კორდი" ადგილობრივ ნედლეულს, ქვას გამოიყენებს. მას საწარმო თავისავე კარიერზე მოიპოვებს, რომელიც ქუთაისთან ახლოს, სოფელ ჭახათაში მდებარეობს. ამისთვის  საწარმო შესაბამის სახელმწიფო ლიცენზიას ფლობს.

პირველ ეტაპზე ქვის ღორღად გადამუშავებაა. შემდეგ კი სპეციალურ დანადგარებში მისგან სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნაკეთობები მზადდება.



"კორდის" ფერადი ფილები ექსტერიერის დიზაინის მრავალფეროვნებისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, საწარმოში გვიხსნიან, რომ წითელი ფერისას დამატებით სხვა დანიშნულებისთვისაც გამოსადეგია. მაგალითად, ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, "დიზაინკომპლექსის" კორპუსის მიმდებარედ დაზიანებულ ველობილიკს რესტავრაცია, სწორედ, ასეთი წითელი ფილებით ჩაუტარდა.

გამარმარილოებული კირქვისგან დამზადებული ფილები გარემო პირობებისადმი და სიმძიმისადმი გამძლეობით გამორჩევიან. გარდა ამისა, დიდი ხანი ინარჩუნებენ ფერს. გარდა, გამარმარილოებული კირქვის ფილებისა, "კორდში" კედლის ბლოკსაც ამზადებენ.



საწარმოს პროდუქცია ამ ეტაპზე ქუთაისში სამშენებლო მასალების მაღაზიებსა და საწარმოში იყიდება. გამარმარილოებული კირქვის ფილის ერთი კვარდატული მეტრი 20 ლარი ღირს.



სამომავლოდ კომპანია  საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. ასევე, მომავლის გეგმებში შედის საწარმოში ბეტონის წარმოების დაწყებაც.

ახალგაზრდა საწარმომ, ჯერჯერობით, ჯილდო ვერ მოიპოვა. თუმცა, სულ ახლახან მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-7 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში, ასევე, გასულ წელს თბილისში სამშენებლო მასალების გამოფენაში.

"კორდის" ხელმძღვანელი, ზურაბ გუბელაძე ამბობს, რომ საწარმოსთვის მსგავს აქტივობებში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამით მომხმარებელთა არეალი გაიზარდა. "კორდი" უკვე შეკვეთებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იღებს. მათი მომხმარებლები სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები არიან.


ნახეთ ამავე რუბრიკის ფარგლებში მომზადებული მასალები:


პურის სახლი ქუთაისში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პურს ხორბლის ქართული ჯიშებისგან აცხობენ

ყველაზე ტკბილი საწარმო ქუთაისში - "ელვა"

"ავანგარდი" - რძის პროდუქტების ქუთაისური ბრენდი

CRP WOOD - ხის ინოვაციური ქარხანა ქუთაისში

ქუთაისური "ცისარტყელა" – ფეხსაცმლის საწარმო 26 წლიანი გამოცდილებით

“ექსთრა მითი“ - ქუთაისური პროდუქცია საქართველოს მასშტაბით

რკინის დიზაინი - ქუთაისური საწარმოს 8 წლიანი ისტორია

ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი, რომლითაც ევროპასა და აზიაში იმოსებიან
Print