რეკლამა
„სულმან ლამაზმან ჩაბერა გონი, საქმემან მისმან წარმოაჩინა...“ ®
FaceBook
როდესაც გია მოშიაშვილის ახალ პოეტურ კრებულს „მრავალწერტილი“ვეცნობით, ვრწმუნდებით, რაოდენ გულწრფელი და ლამაზია ქართველი ებრაელის კალმით გადმოცემული ფიქრები.

როგორც თავად ამბობს: „მოსეს დიადი შთამომავალი ქართული სულით ჩემში იწვისა“... მისივე თქმით, მასში „ორივე ერთია - ებრაელიც და ქართველიც“.

მისი ქვეცნობიერი ბერმუხას ფიქრებით ფიქრობს ქართულად და ნაზარეთელის ასაკის ასოთა წყობით გადმოგვცემს ჩვენდა საამებლად. უმღერის ქართულ სულს - მსგავსს გაცი და გაიმის, ტაოს, ყაზბეგს, ემლექს, ბზიფს და ჩხალთას, არაგვს, ფსოუს და ენგურს, ნიკოფსიას და ჰერეთს, სამაჩაბლოს და სოხუმს, უმღერის ოქროს საწმისს, გრაალის მოპარულ ისტორიას, ამირანივით გაკრულნი, გუთანში შებმულნი როგორ მივათრევთ მძიმე ჭაპანს. ეცეკვება მთოვარეს, ჯუმას, მარიხს, დიას.

დიდი ტკივილით წერს ქართულ მიწაზე გაზრდილი კაცი :

„საქართველოს ისტორიას როდი აკლდა გმირთა სია...
ჭირსა შიგან გამაგრება, დალხინების იყო განა...
ნაწილ-ნაწილ დაჭრილია, დღესაც ტირის ჩემი ნანა...
ტირის ჩემი საქართველო, ტირის საყვარელი ნანა...“


ოპტიმისტი პოეტი აქვე ჰპირდება თავის საყვარელ საქართველოს:

„მე შენს ცრემლზე ხმალს ავლესავ ნაანდერძალს წინაპართა,
საკადრისად ვაზღვევინებ, ვინც გატკინა გული, ნანა,
მარტო არ ხარ, შენს თავს ვფიცავ, გყავს ვაჟები ჩემისთანა,
მე მანდილსაც დაგიბრუნებ, ღირსებასაც, ჩემო ნანა,
თუ ბრძოლაში დავიღუპე, შენ მიმღერე იავნანა,
ჩემისთანა შვილთა მოდგმა, რაც არსებობ, მუდამ გყავდა,
ჩვენ კი ერთი გაგვაჩნია, შენისთანა ტკბილი ნანა...“

სხვა თემებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ებრაელი კაცის პატივმიგებული დამოკიდებულება ნაზარეველ იეშუას, მართლმადიდებლური სამყაროს ძე ღვთისას მიმართ, მაშინ როდესაც: „მარცხენა ფერდქვეშ გულის არეში, ქვევიდან ზევით შეარჭო შუბი... მე დავინახე მისი სიკვდილი და უკვდავება ორივე ერთად როდესაც უკვე თავისუფალნი, სასუფეველში ავედით ღმერთთან.“

აქვე გვაძლევს განმარტებას: „კაცობრიობამ უნდა იცოდეს, მათი ფესვები საიდან მოდის...“ „...ყველანი ჩვენ ვართ უფლის შვილები. მეორეს მხრივ, სასწაულია, რომ ერთმანეთის ვერ ვძღებით სისხლით.“(ლექსი „რეინკარნაცია“).

წიგნში არის ლამაზი ლირიკული სტრიქონებიც, არის ეთიკური პრინციპებით გადმოცემული სათქმელიც. თავის მიმტევებელ, უბოროტო ბუნებას გვიჩვენებს პოეტი ლექსში „მადლობას გიხდით“, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ არ მოახდინა საკუთარი მენტალიტეტის პარალიზება. რაოდენ სულგრძელი უნდა იყო, საკუთარ თავში მოძირკვო ღვარძლი, ამაღლდე და შედგე იმად, ვინც ხარ.

„მადლობა ყველას, ვინც დამეხმარეთ,
ჩემთვის თქვენა ხართ მნიშვნელოვანი.“


მისი სიკეთე არ მთავრდება იქ, სადაც მავანთა უკეთურება დაიწყო, პირიქით, ხელი შეუწყო გაზრდა - განვითარებაში, რადგან გაისიგრძეგანა, რომ შურისაგან ადამიანები ბერდებიან, წყენისაგან ავადდებიან, სიყვარულისაგან - მაღლდებიან. ვინც გია მოშიაშვილს იცნობს, ხედავს, როგორ ჰგავს ის საკუთარი ცხოვრებით თავის გულწრფელ ლექსებს, როგორ უყვარს ადამიანები და მუდამ მზადაა სიკეთის, სიყვარულის უშურველად გასაცემად.

ისრაელის მიწაზე ამჟამად მყოფი თითოეული ქართველი ემიგრანტისათვის ის არის იმედის შუქურა, საკუთარი ნათესავივით სანდო და მხარდამჭერი. ვინ ჩამოთვლის იმ კეთილ საქმეებს და ამაღელვებელ ისტორიებს, რითაც მდიდარია დიდი პროფესიონალის, ექიმ გია მოშიაშვილის ბიოგრაფია. ჰიპოკრატეს ფიცის აღმსრულებელმა ამ პოეტური კრებულით სულიერი საზრდო მიაწოდა ქართველ მკითხველს.

„მრავალწერტილი“ - ესაა გულწრფელი წიგნი, რომლის ფურცლებზე განფენილია პოეტის მდიდარი სინაგანი სამყარო, მრავალი თემა, მრავალი კითხვა და პასუხი, რომელიც თითოეულმა მკითხველმა თავად უნდა მოიძიოს. მე პირადად, ამ წიგნის მიხედვით, ვხედავ ფოლადის ადამიანს ღია ჩარჩოდან.

გილოცავთ „მრავალწერტილი“-ს დაბადებას! გილოცავთ ებრაული კალენდრით 5779 წლის დადგომას! გილოცავთ თქვენს დაბადების დღე!

საუკეთესო სურვილებით ნატა თოდუა - გოლეთიანისა

2018 წელი, იერუსალიმი.

Print