ვიდეო
სკოლა, სადაც პირველი ზარი მხოლოდ ორი მოსწავლისთვის დაირეკა (ვიდეო)
FaceBook
ვანის რაიონის სოფელ ონჯოხეთის 9 კლასიან სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობს.
სკოლის მთელ კონტიგენტს ერთი მეორეკლასელი და ერთი მეცხრეკლასელი წარმოადგენს.

მომავალ წელს კი, როცა ერთადერთი მეცხრეკლასელი სწავლას დაასრულებს, ონჯოხეთის სკოლაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი მოსწავლე დარჩეს.

2 მოსწავლის 7 პედაგოგი ნახეთ ქუთაისიპოსტის ვიდეოსიუჟეტში:




ონჯოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეების კლება სოფელში დაწყებულმა მიგრაციამ გამოიწვია, რისი მთავარი მიზეზიც,  თავის მხრივ, სოფლამდე მისასვლელი გზის არარსებობაა. უგზოობის გამო მოსწავლეებიც და პედაგოგებიც დღემდე სკოლაში მისასვლელად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან.

ონჯოხეთის საჯარო სკოლა 1903 წელს აშენდა. თავდაპირველად სკოლის შენობა ხის იყო, 1990 წელს კი კონტიგენტის გაზრდის გამო მას დამატებითი შენობა მიაშენეს, თუმცა, მალევე, სოფელი მოსახლეობისგან დაიცალა და სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

სკოლის ეზოში ახლა მხოლოდ ერთი ორსართულიანი შენობა დგას. ხის შენობა კი აღარ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სკოლის მოსწავლეების რაოდენობას ერთი ათეულისთვის არ გადაუჭარბებია, სკოლაში ხელმძღვანელებისა და პედაგოგების ძალისხმევით სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

ახლა კი პედაგოგები შიშობენ, რომ თუ ის რამდენიმე ოჯახიც, რომლებიც სოფელში დღემდე შემორჩა, ვანის ცენტრში ან სხვა ქალაქში გადასვლას მოისურვებენ, მაშინ სკოლას აღსაზრდელები საერთოდ აღარ ეყოლება და შესაძლოა, ზარიც აღარასდროს დაირეკოს.


რეზი ბურჯანაძე
Print