ვიდეო
მრავალშვილიანი მამის ცხოვრება სადარბაზოში და ბრძოლა საკუთარი ბინისთვის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები დავით გვეტაძე საკუთარ სახლში ცხოვრების უფლებისთვის იბრძვის. 5 შვილის მამა ამბობს, რომ სიცრუის მსხვერპლია.

უკვე მეორე წელია ჯავახიშვილის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის კარი დაკეტილია. მრავალშვილიანი მამა კი ამ ხნის განმავლობაში სადარბაზოში, სხვენში ასასვლელ კიბეებზე ცხოვრობს.

როგორია დავით გვეტაძის საცხოვრებელი პირობები, ნახეთ ვიდეოსიუჟეტში:



დავით გვეტაძე ქუთაისში 87, 55 კვ.მ ფართის ბინას 1979 წლიდან ფლობდა. 2012 წლის 2 მარტს, 15 000 აშშ დოლარზე, მასსა და შპს "სოლო კრედიტს" შორის იპოთეკური ხელშეკრულება გაფორმდა. გვეტაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

"მოვიდა ჩემი ნათესავი და მითხრა, რომ 1 500 დოლარი გამოქონდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თანხა 15 000 დოლარი იყო," - ამბობს დავით გვეტაძე. ნათესავისთვის თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნით და სიმართლის დასადგენად მან საქალაქო სასამართლოს მიმართა.

2013 წლის 14 ივნისს საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა, თუმცა, გვეტაძის სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება დავით გვეტაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

2013 წლის 15 დემეკემბრს სადაო თანხის საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაა პალატამ განიხილა. პირეველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს გვეტაძის განმარტება იმის შესახებ, რომ მას იპოთეკის ხელშეკრულება მოტყუებით დაადებინეს.

თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკიდან მიღებული თანხა გვეტაძემ სესხად გადასცა ნათესავს, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე აღიარა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მას დავით გვეტაძის სასარგებლოდ 21 765 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 2 მარტის მდგომარეობით, იპოთეკური ხელშეკრულების დადების დროს, გვეტაძეს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა.

იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა გვეტაძეს ფსიქიკური პრობლებემი და შეეძლო თუ არა გაეცნობიერებინა მას ხელის მოწერას რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა, სასამართლოს მიერ ექსპერტიზა დაინიშნა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2013 წლის 15 ნოემბერს დაადგინა, რომ გვეტაძეს იმ დროისთვისაც და 2012 წლის 2 მარტს, იპოთეკური ხელშეკრულების დადების დროსაც, ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დავით გვეტაძის ნათესავს "სოლო კრედიტის" იპოთეკური სესხი ამ დრომდე გადაუხდელი აქვს. თანხის გადაუხდელობის გამო კი მრავალშვილიანი მამა სახლიდან 2015 წლის 31 აგვისტოს გამოასახლეს.

"გადაწყვეტილება არის აღსრულებული, თანხის გადახდა დაეკისრა გვეტაძის ნათესავს. ფაქტია ის, რომ გვეტაძის სახლის იყო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. გინდა შპს იყოს, ავტოლომბარდი ან ფიზიკური პირი, ყველას აქვს დაგირავების და სესხის გაცემის უფლება, ამიტომ შპს-მ გადაახდევინა მხოლოდ თავნი და დღესაც ეუბნება, რომ თუ თანხას გადაიხდის, ბინას არ გაუყიდის," - აცხადებს ჩვენთან საუბარში შპს "სოლო კრედიტის" ადვოკატი, ინგა გიორგაძე.

რაც შეეხება, პიროვნებას, რომელსაც სასამართლომ სადავო თანხის გადახდა დააკისრა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 21 ივლისს ჩაბარდა. თუმცა, გადაიხდის თუ არა დავით გვეტაძის ნათესავი მასზე დაკისრებულ თანხას უცნობია. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი მამა კი საკუთარი უფლებების დაცვას განაგრძობს და სახლის დაბრუნების იმედად რჩება.


Print