ვიდეო
ოთხსულიანი დევნილი ოჯახის ცხოვრება ერთ ოთახში (ვიდეო)
FaceBook
59 წლის ლარისა ჯომიდავა ოჯახთან ერთად, ქუთაისში, სასტუმრო "თბილისის" ყოფილ შენობაში  მძიმე პირობებში ცხოვრობს.

ის ოჩამჩირის რაიონის, სოფელ კოჩარადანაა. 24 წლის წინ აფხაზეთიდან ომს გადაურჩა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მისი  ყოველდღიურობა ომისგან დიდად არ განსხვავდება. მისი თქმით, ოჯახის შემოსავალი დევნილის 45 ლარიანი შემწეობაა, რომელიც თვეში, საერთო  ჯამში, 180 ლარი შეადგენს. 

ჯომიდავების ოთხსულიანმა ოჯახმა ბინის მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულა ამ დრომდე ვერ მიიღეს. 

დევნილთა და განსახლების სამინისტროში განმარტავენ, რომ ქულები მონიტორინგის ჯგუფის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ დადგინდება. 

"ჯერ პირველადი სიები გამოქვეყნდა, მერე მივეცით 15 დღიანი ვადა, რომ დამატებით რაიმე საბუთები წარმოედგინათ თუ ამის საჭიროება იყო. საბოლოო სიებს დავდებთ და ამის მერე შეგვეძლება კომენტარი გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, ეს ოჯახი მიიღებს თუ არა ბინას უახლოეს მომავალში", - ამბობს უწყების პრესსამსახურის უფროსი, დალი გოგოლაძე. უწყებაში განმარტავენ, რომ სიები დაახლოებით ორ თვეში გამოქვეყნდება.

Print