ვიდეო
ექიმები ქუთაისის საჯარო სკოლებში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის 38 საჯარო სკოლიდან ამ დროისთვის სამედიცინო კაბინეტი მხოლოდ 10 მათგანშია.

N12, N19, N24, N25, N29, N38, N7, N23, N32 და N37 -ეს ის სკოლებია, სადაც ექიმის კაბინეტი ფუნქციონირებს.

"ჩემი შვილი მესამე კლასშია და ჯერ არ დაჭირვებია სკოლის ექიმის მომსახურება, მაგრამ სხვა მშობლებისგან ვიცი, რომ ჩვენი სკოლის ექიმი პროფესიონალი და გულისხმიერი ადამიანია. ვისაც კი დაჭირდა, ყველას მიმართ სათანადო ყურადღება გამოიჩნა. თუმცა, ბავშვისგან ვიცი, რომ ჰიგიენაზე და სისუფთავეზე ხშირად ესაუბრება მოსწავლეებს," - ამბობს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.

იმ სკოლებში კი, სადაც სამედიცინო კაბინეტი არ არის, მშობლები ექიმის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

"სკოლაში, სადაც 300 ან მეტი ბავშვი სწავლობს, როგორ შეიძლება ექიმი არ იყოს. დასვენებაზე და სკოლის დასრულების შემდეგაც ბავშვები ძალიან აქტიურები არიან. შეიძლება ხელი გაეჭრას, ან რაიმე კრიტიკული სიტუაციც კი შეიქმნას, ამიტომ აუცილებელია მას პირველადი დახმარება სკოლაში გაეწიოს," - ამბობს ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი.

რა ევალებათ ექიმებს და როგორ ემსახურებიან ისინი მოსწავლეებს, ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ სიუჟეტში:



სკოლებში სამედიცინო კაბინეტის აღდგენა განათლების სამინისტრომ "ზოგადი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დაიწყო.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ იმ სკოლებს, სადაც ექიმის ოთახი უნდა მოეწყოს, უწყება თავად არჩევს. მთავარი კრიტერიუმი ისაა, რომ კაბინეტი შენობის პირველ სართულზე იყოს, ოთახის ფართი კი სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ მოთხოვნების შესაბამისობის შემდეგ, სამინისტრო სამედიცინო ინვენტარს ყიდულობს და სკოლის ექიმის დასანიშნად კონკურსს აცხადებს.
მოთხოვნა სკოლაში დასაქმებულ ექიმსაც ეხება. სამინისტროს მოთხოვნით, მას სამედიცინო განათლება უნდა გააჩნდეს, ჰქონდეს პედიატრის ან ოჯახის ექიმის კვალიფიკაცია.

სკოლის ექიმის ხელფასის თანხა განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა, მედიკამენტებს კი საჯარო სკოლები საკუთარი ბიუჯეტით ყიდულობენ.
Print