ვიდეო
დაბინძურებული გარემო აწსუ-ს მშენებარე საბიბლიოთეკო კორპუსის გამო (ვიდეო)
FaceBook
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის მშენებარე საბიბლიოთეკო კორპუსიდან გამოტანილი მიწა ქუთაისში ფოთის ქუჩის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
გარემოს დაბინძურებაზე სამშენებლო კომპანია და სასწავლო დაწესებულება პასუხისმგებლობას იხსნიან. საპატრულო პოლიციამ კი სატვრითო მანქანის მძღოლი დააჯარიმა.

ქუთაისში ფოთის ქუჩის მოსახლეობა მათ უბანში სატვირთო მანქანებით მიწის ღია წესით გადატანას აპროტესტებს.

ადგილობრივების თქმით, მიწა იმ ადგილზე იყრება, სადაც ადრე ჭაობი იყო. ისინი ამ ტერიტორიის ამოვსებას არ ეწინააღმდეგებიან.
თუმცა, ჰაერის დამტვერიანების მატებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უამინდობაში ქუჩაზე გზა ატალახებულია და გავლა შეუძლებელია.



მიწა, რომელსაც სატვირთო ავტომობილები ფოთის ქუჩაზე ყრიან, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივრსიტეტის მშენებარე საბიბლიოთეკო კორპუსიდან გამოაქვთ.

სამშენებლო სამუშაოებს სააქციო საზოგადოება "სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს, რომელმაც გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოების სანაცვლოდ 2 085 265 ლარს მიიღებს.

სს "იმერეთში" განმარტავენ, რომ გარემოს დაბინძურების საკითხზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ, რადგან მშენებარე ობიექტიდან მიწის გატანასთან არაფერი აკავშირებთ, რადგან ამ სამუშაოს სხვა კომპანია ასრულებს. ამ უკანასკნელის დასახელებას და საკონტაქტო ინფორმაციას მშენებლობის ზედამხედველი, ემზარ მაღლაკელიძე ჩვენთან საუბარში არ ახმაურებს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან გვამისამართებს.



სასწავლებლის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ  მათთვის უცნობია თუ ვინ ახორციელებს მშენებარე საბიბლიოთეკო კორპუსიდან მიწის გატანას. 

"უნივერსიტეტს აბსოლუტურად არ აინტერესებს მიწა უნივერსიტეტს გარეთ ვინ წაიღო და მით უმეტეს, სად იარა ამ მანქანამ. ალოგიკურია, რომ ვიცოდეთ ვინ ემსახურება მანქანებით იმ კომპანიას, ვისაც ტენდერი აქვს მოგებული. ჩემს ტერიტორიაზე კანონიერად იქცევა, ამის გარეთ თუ სადმე კანონი დაარღვია, არსებობენ შესაბამისი სამსახურები," - ამბობს კახა კუპატაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი.

ქალაქის ტერიტორიაზე ღია ძარით მიწის გადატანა რომ დაუშვებელია, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტშიც განგვიმარტეს. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ამ უკანონო ქმედებისთვის დაჯარიმების უფლება საპარტულო პოლიციის კომპეტენციაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი დაადასტურეს, რომ წერეთლის უნივერსიტეტიდან ფოთის ქუჩაზე მიწის გადატანისთვის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდა.

კანონის ამ მუხლის მიხედვით, გზის საფრის გაჭუჭყიანება, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალის დაყრა იურიდიული პირის ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დაჯარიმებას ითვალისწინებს.


Print