ვიდეო
სკოლა იმერეთში, სადაც მხოლოდ ორი ბავშვი სწავლობს (ვიდეო)
FaceBook
ზღვის დონიდან 280 მ-ზე და მუნიციპალიტეტიდან 7 კილომეტრში - ეს ვანის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სოფელი ონჯოხეთია, სადაც მხოლოდ 65 კომლი ცხოვრობს.




ონჯოხეთში ერთადერთ საჯარო დაწესებულება სოფლის 9 წლიანი სკოლაა, სადაც მხოლოდ 2 მოსწავლე სწავლობს.



სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ორმოცაძე ამბობს, რომ შენობის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დისკომპორტს უქმნით. თუმცა, მის გასაუმჯობესებლად ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.

"ვაპირებთ მივმართოთ შესაბამის უწყებას", - ასეთია ორმოცაძის პასუხი.

მისი ინფორმაციით, სკოლა განათლების სამინისტროდან ყოველთვიურად 2 300 ლარს იღებს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თანხა ხელფასებისთვის გაიცემა. სკოლაში მინიმალური ხელაფასი 200 ლარს შეადგენს.

ვანის მუნიციპალიტეტში სულ 30 საჯარო სკოლაა. აქედან, 21 სკოლა საშუალოა, დანარჩენი კი 9 წლიანი.

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ონჯოხეთის სკოლა ერთადერთი არაა, სადაც 10-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს. მაგალითად, სოფელ გადიდში წელს ზარი მხოლოდ 4 მოსწავლისთვის დაირეკა. საერთო ჯამში, სკოლებში ამ ეტაპზე 2 401 მოსწავლე ირიცხება.

რაც შეეხება, ონჯოხეთის სკოლის შენობის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და არარსებულ ინვენტარს, საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ პრიორიტეტი ის სკოლებია, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა უფრო მეტია.

"ვიცით ამ სკოლაში არსებული ვითარება, მაგრამ ჩვენ არ გავქვს იმდენი, რომ შენობა შევალამაზოთ და საჭირო ინვენტარი სრულად შევიძინოთ", - განმარტავენ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა იციან თუ არა განათლების სამინისტროში ონჯოხეთის სკოლის შესახებ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ მათთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული თითოეული სკოლის მდგომარეობა უცნობია.

"ეს ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ თუკი არ არის მოწესრიგებული, მაგიდა და სკამი არ აქვთ, ამის შესახებ სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრმა უნდა მოგვმართოს. ამ ეტაპზე კი ამ სკოლიდან მომათვიანობა არ ფიქსირდება", - განმარტავენ უწყებაში.

***

სკოლის გარდა, ონჯოხეთის მცხოვრებლებს მიგრაცია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აწუხებთ. 

"ხალხი იცლება და ქალაქში მიდის. მხოლოდ მოხუცები შემოვრჩით. მიდიან იმიტომ, რომ აქ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არის. გზაც ამორტიზებულია, რომ ქალაქამდე ჩავიდეთ ნორმალურად", - გვიყვება სოფელში მცხოვრები, 75 წლის ზაური ორმოცაძე.

მოუწესრიგებელ გზის საფარს და ინფრასტრუქტურას სოფლის რწმუნებელი, ელგუჯა ბელთაძე, თავის მხრივ, მეწყერს "აბრალებს" და ამბობს, რომ სოფლის გზა სტიქიის შედეგად არის დაზიანებული, რომელსაც ყოველწლიურად აკეთებენ.
Print