ვიდეო
გელათის მონასტერში წყალმა საუკუნოვანი ფრესკები ჩამორეცხა (ვიდეო)
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში, ოთხდღიანი წვიმის გამო წყალი ჩავიდა.

დაზიანებული სახურავიდან ჩადინებულმა წვიმამ 11 დეკემბერს ტაძრის კელიასა და მთავარ დარბაზში მე-16 საუკუნის უძველეს ფრესკებს საფრთხე შეუქმნა.
ადგილზე მყოფი სპეციალისტების თქმით, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილი, რომელმაც კელია დააზიანა მეორე დღესვე შეკეთდა, თუმცა "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის ადგილზე მისვლის მომენტში, მონასტრის მთავარ დარბაზში წყალი კვლავ ჩადიოდა.



მოგვიანებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ პრობლემა მოხსნილია და ტაძარში წყლის ჩადინება აღარ ხდება.

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა. ამჟამად, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება," - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კომპლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია პროექტის მიხედვით მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაცია გაზაფხულზე გაგრძელდება.

"რეაბილიტაციის განახლებამდე სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება," - აცხადებენ სააგენტოში.


Print