ვიდეო
მეორე ტური ჭიათურაში - კანდიდატები ბრალდებებით და გამარჯვების მოლოდინით (ვიდეო)
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოსაპოვებლად ორი კანდიდატი - სულხან მახათაძე და თემურ გაფრინდაშვილი აქტიურად ემზადებიან.

კანდიდატები საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ კენჭისყრის პროცესებმა მუნიციპალიტეტში მშვიდ გარემოში ჩაიარა. თუმცა, იმ ფაქტს, რომ 50% - იანი ბარიერი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა, სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.



ჭიათურის მუნიციპალიტეტის #56 ოლქში ქუთაისიპოსთან საუბარში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 43786 მოქალაქედან არჩევნებზე 22369 ამომრჩეველი მივიდა.

"არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩეველთა 51 % მივიდა, არც ერთ უბანზე არ დაწერილა  საჩივარი და მშვიდ გარემოში ჩაიარა ყველაფერმა," - ამბობენ ჭიათურის #56 საოლქო საარჩევნო კომისიაში. 

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სულ 58 საარჩევნო უბანია და კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა.

ჭიათურაში, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა სულხან მახათაძემ ხმების 34,35%, ხოლო "ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა 19,11% მიიღო.

საარჩევნო კანონის თანახმად, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს, არჩეულად კი დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 2016 წლის 30 ნოემბერს ჩატარდება. 

იმერეთის რეგიონში, ჭიათურის გარდა, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ზესტაფონსა და ბაღდათი–ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქებშიც გაიმართება.


Print