ახალი ამბები
ქუთაისში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
FaceBook
ქუთაისში, კომპანია SMK -ს თანამშრომლები, რომლებიც წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან დასაქმებული, გაიფიცნენ.

მუშების განცხადებით, ხელმძღვანელობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო საათებს თვითნებურად ზრდის, ხელფასს კი ამცირებს.

"5 ოქტომბერს ავიღეთ წინა თვის ხელფასი, თუმცა, 200 ლარით ნაკლები ჩაგვერიცხა, ვიდრე გვეკუთვნოდა," – აცხადებენ გაფიცული მუშები ქუთაისიპოსტთან საუბარში.

მათივე თქმით, თვეში ორი დღე დასვენება ეკუთვნით, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, კომპანიის ხელმძღავნელობა მუშაობას აიძულებთ.

SMK -ს თანამშრომლები ხელშეკრულების პირობების და შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ.

მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში".

უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაზა სიხარულიძე განმარტავს, რომ SMK-ს ფინანსურ საქმიანობაში კომპანია ვერ ერევა, რის გამოც დასაქმებულებმა თანხასთან დაკავშირებული პრობლემები უშუალოდ ფირმასთან უნდა გაარკვიონ.

"ჩვენ კომპანია, როგორც დამკვეთი, პირნათლად ვასრულებთ მოვალეობას, დროულად ხდება ანაზღაურების დარიცხვა. თუ SMK ვერ ასრულებს მის მოვალეობას, ეს მისი პრობლემა და შიდა სამზარეულოა. ჩვენ გვქონდა მიმართვა, სერიოზული საუბრები და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს დღეებში გამოსწორდებოდა მდგომარეობა, თუ არა და გამოვიყენებთ კონტრაქტით გათვალისწინებულ სანქიცებს. უკიდურეს შემთხვევაში, ესაა კონტრაქტის გაწყვეტა," – განმარტავს ზაზა სიხარულიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში.





Print