ახალი ამბები
ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ
FaceBook
ქუთაისში 50-მდე ოჯახს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში შეასახლებენ

ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

მერიის დაკვეთით შპს "სანო" უსახლკაროებისთვის 5-სართულიან ამორტიზებულ შენობას, - ნიკეას ქუჩის 40-ნომერში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლს გაარემონტებს.

"მეოთხე დღეა დავიწყეთ სამუშაოები. ჯერ ელექტროენერგიის პრობლემას ვაგვარებთ. მე-2-3-4 სართულები 2017 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა ჩავაბაროთ", - აცხადებს "სანოს" თანამშრომელი გია კირკიტაძე.




კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, შენობაში ერთ და ორ ოთახიანი საცხოვრებლები მოეწყობა, მაქსიმუმ 40 კვ.მ ფართობით. თითო სართულზე 16 ოთახის მოწყობაა დაგეგმილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში 50-მდე უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. ხოლო იმას, თუ ვის გადაეცემა საცხოვრებლები, ამ მიზნით შექმნილი კომისია გადაწყვეტს.

ჯერჯერობით უცნობია რომელ სართულებზე გადანაწილდება საცხოვრებელი ოთახები - კომპანიის ხელმძღვანელობა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხზე მომავალ კვირამდე ვერ ისაუბრებენ.



ქუთაისის მერიის მიერ, სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი, მიმდინარე წლის 24 მაისს გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, პრეტენდენტს საცხოვრისის მშენებლობის პროექტი ან დასრულებული შენობა უნდა წარმოედგინა. პროექტის ღირებულება 1 მილიონი ლარია.

2016 წლის 11 ივლისს, ქუთაისის მერიაში გამართულ კონკურსზე, რასაც პარტია "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის პროტესტი მოჰყვა, ერთადერთი პრეტენდენტი გამოცხადდა. საცხოვრისის მოწყობის სურვილი მხოლოდ შპს "სანომ" გამოთქვა.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისის მერიის მფლობელობაში იქნება და ის ბენეფიციარებს დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცემა.

ქუთაისის მერიაში  საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით  700 განცხადებაა შესული. 

Print