ვიდეო
თამბაქოს შესახებ კანონი მკაცრდება (ვიდეო)
FaceBook
სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ყოველი მე–5 ადამიანი მწეველია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველდღიურად 30 ადამიანი იღუპება. წელიწადში კი ეს რიცხვი 11 ათას ადამიანს შეადგენს.

გიორგი ბახტურიძე იმ კანონპროექტის თანაავტორი გახლავთ, რომლიც "თამბაქოს შესახებ კანონში" ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილველვად უკვე შესულია, 2018 წლის წლის პირველი იანვრიდან საჯარო და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის თქმით, ცვლილებების შედეგად კანონის ადმინისტრირების წესი გამარტივდება, ხოლო საჯარიმო სანქციები იზრდება.

ახალი რეგულაციებით რესტორნებსა და ბარებს გარდამავალი პერიოდი დაუწესდებათ და უფლება ექნებათ 2018 წლამდე ცალკე მოსაწევი ადგილი ჰქონდეთ გამოყოფილი. თუმცა, 2018 წლის 1 იანვრიდან სიგარეტის მოწევის სრულად აკრძალვა მოუწევთ.

"დახურული ტიპის შენობა, რა თქმა უნდა საცხოვრებელი სახლების გარდა, დაექვემდებარება სრული აკრძალვის რეჟიმს. ეს შეეხება კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებსაც"–ამბობს გიორგი ბახტურიძე.

კანონში ცვლილება, ასევე, ყველა სახის რეკლამის სრულ აკრძალვას გულისხმობს, რაც თამბაქოს ნაწარმთან იქნება დაკავშირებული.

"სიგარეტის რეკლამა ტელევიზიითა და რადიოთი 2013 წლიდან აკრძალულია, მაგრამ იგი გარე და ბეჭდურ მედიაში მიანც არის დარჩენილი. ასევე, სავაჭრო ობიექტებზე ფართოდაა თამბაქოს ნაწარმი რეკლამირებული, რაც ახალი კანონით აკრძალული იქნება"–ამბობს გიორგი ბახტურიძე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სიგარეტის აკრაძლვასთან დაკავშირებით დაწესებულ საჯარიმო საკითხებს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტრო არეგულირებს. მათ ფუნქციაში ოქმის ამოწერა შედის, ხოლო შემდგომ უკვე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირზე.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარის თქმით, ახალი კანონმდებლობით ეს უფლება ადმინისტრირების ორგანოს გადაეცემა.

"ეს შეიძლება იყოს ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტრო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებზეც ადმინსტრირების ფუნქციების დელეგირება მოხდება"–აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.

მოქმედი ნორმებით, აკრძალულ ადგილზე თამბაქოს მოხმარებისთვის ფიზიკური პირი 5 ლარით, ადმინისტრაცია კი 50–დან 200 ლარამდე ჯარიმდება.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების თანამხმად, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა პასუხისმგებლობა არა ფიზიკურ პირს, არამედ ადმინისტრაციას (კერძო ან საჯარო დაწესებულებას) დაეკისრება.

"ადმინისტრაცია ვალდებულია თავისი პერიმეტრი დაიცვას. მაგალითად, თუ რესტორნის მომხმარებელი არ დაემორჩილა ამ წესებს, ობიექტის დაცვამ პოლიცია უნდა გამოიძახოს, ამ დროს ბიზნესმენი თავისუფლდება საჯარიმო სანქციისაგან. მაგრამ, თუკი ადმინისტრაცია არ მისცემს შენიშვნას, არ აღკვეთს ამგვარ ფაქტებს, მაშინ პასუხისმგებლობა ამა თუ იმ რესტორანს დაეკისრება"–ამბობს ბახტურიძე.

მისივე თმით, ჯარიმის ოდენობა ადმინისტრაციისთვის 500 ლარიდან დაიწყება.

თამბაქოს შესახებ კანონი საქართველოში 2003 წლიდან მოქმედებს, თუმცა როგორც გიორგი ბახტურიძე ამბობს, პირველად მიღებული კანონი სუსტი იყო და მისი აღსრულების პოლიტიკური ნებაც არ არსებობდა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრული აკრძალვა მხოლოდ სამედიცინო, სასწავლო–საგანმანათლებლო სპორტულ, კულტურულ დაწესებულბებსა და ბენზინგასამართ სადგურებში მოქმედებს.



თამბაქოს მოხმარების კუთხით ახალი რეგულაციების შემოღებას ქუთაისელთა უმრავლესობა დადებითად აფასებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მწეველებისა და არამწეველებისთვის ცალკე ბარი ან რესტორანი უნდა არსებობდეს.


Print